ახალი ამბები

“ჩიხურას” დირექტორი : მეგობარო გურამ კაშია, მე ვარ ის ერთი შენი გულშემატკივარი

29 აგვისტო, 2018 • 3531
“ჩიხურას” დირექტორი : მეგობარო გურამ კაშია, მე ვარ ის ერთი შენი გულშემატკივარი

საფეხბურთო გუნდის, საჩხერის “ჩიხურას” დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას გურამ კაშიას. ამის შესახებ ის ფეისბუკ-პოსტს წერს.

“მეგობარო გურამ კაშია, მე ვარ ის ერთი შენი გულშემატკივარი და ნება იბოძე, გამოცხადდი ნაკრების ყველა მატჩზე!” – ამბობს ბერიკა შუკაკიძე.

მანამდე, გურამ კაშიამ განაცხადა: “სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში”. სწორედ ამ განცხადებას უპასუხა ბერიკა შუკაკიძემაც.

შუკაკიძე კაშიას მხარს უჭერს 2017 წლიდან. მას შემდეგ, რაც გურამ კაშია სამკლაურით საფეხბურთო მატჩზე გამოვიდა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან შეტევების სამიზნე გახდა, შუკაკიძემ განაცხადა, რომ “ნებისმიერი ძალადობა არის ძალადობა” და “ქვეყანაში ჰომოფია უნდა დასრულდეს”.

კაშიას  ასევე გამოუცხადეს მხარდაჭერა ნიკა კვეკვესკირმა, გიორგი ქვილითაიამ, გიორგი მერებაშვილმა და გიორგი ლორიამ. კაშიას მხარი დაუჭირა ფეხბურთის ფედერაციამაც.

#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო სავარაუდოდ გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

სოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი