ახალი ამბები

IBSU-ს ადმინისტრაცია სადავო თანხას იხდის, სტუდენტები კი ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვენ

26 აგვისტო, 2018 • 3197
IBSU-ს ადმინისტრაცია სადავო თანხას იხდის, სტუდენტები კი ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვენ

დღეს, 26 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციასთან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ადმინისტრაცია და სტუდენტები შეიკრიბნენ. სტუდენტემბა საქართველოს პრემიერს ,მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართეს და მასთან შეხვედრა მოითხოვეს.

უნივერსტიეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ კი იმ დოკუმენტს ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც, მათი განმარტებით, უნივერსიტეტი ჯარიმას 700 ათასი ლარის ოდენობით იხდის, თუმცა, ჯარიმის სამართლიანობას არ აღიარებს და განმარტავს, რომ უნივერსიტეტი სასამართლოში დავას აგრძელებს. მათი თქმით, უნივერსიტეტმა თანხის გადახდის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ აბიტურიენტებს არჩევანის თავისუფლება არ შეეზღუდოთ.

ამ ნაბიჯის შემდეგ, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ავტორიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას გადახედავს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალ კაპმუსს საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს აშენებს. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, კამპუსის ასაშენებლად IBSU-მ კომპანია იქირავა, რომელმაც დღგ (დამატებითი ღირებულების გადასახადი) გადაიხადა . IBSU-ს განმარტებით, ამ კომპანიის მიერ ბიუჯეტში დღგ-ს სახით 400 ათასი ლარი შეტანილია, რომელიც რეალურად უნივერსიტეტმა გადაიხადა.

შემოსავლების სამსახურმა შავი ზღვის უნივერსიტეტი 2013 წელს შეამოწმა. უწყებამ უნივერისტეტს კომპანიის მეშვეობით გადახდილი დღგ არ ჩაუთვალა. როგორც IBSU-ს რექტორმა ნეტგაზეთთან საუბარში განმარტა,უნივერისტეტს ჰქონდა ვალდებულება, დღგ-ს გადამხდელად თვითონ დარეგისტრირებულიყო.

“2011 წელს კანონი შეიცვალა. ახალი კანონმდებლობით უნივერსიტეტი დღგ-ს გადამხდელად უნდა დარეგისტრირებულიყო, ჩვენ ეს გამოგვრჩა. ამის გამო დაგვეკისრა დავალიანება 400 ათასი ლარის ოდენობით. მათ შეეძლოთ ადმინისტრაციული ჯარიმა 20 ათასი ლარი დაეწერათ და ამას გადავიხდიდით, თუმცა 400 ათასი ლარის გადახდა დაგვაკისრეს. ამას დაემატა საურავი და საბოლოოდ IBSU-ს  1.5 მლნ ლარი ჰქონდა გადასახდელი,”-აცხადებს ილიას ჩილოღლუ.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, დაკისრებული ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრეს და სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავალიანება 700 ათას ლარამდე შემცირდა. ამ ეტაპზე დავა საქალაქო სასამართლოში კვლავ მიმდინარეობს. სასამართლოში IBSU 700 ათასი ლარის გადახდას ასაჩივრებს.

სწორედ ეს 700 ათასი ლარი გადაიხადა დღეს უნივერსიტეტმა, თუმცა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სასამართლოში საქმეს გააგრძელებს და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ჯარიმის გადახდა მათ არ ეკისრებოდათ, თანხას უკან გამოითხოვენ.

რაც შეეხება სტუდენტების მოთხოვნას, კანცელარიასთან მათ მამუკა ბახტაძისადმი დაწერილი ღია წერილი წაიკთხეს და მასთან პირადად შეხვედრა მოითხოვეს. როგორც ისინი განმარტავენ, ახალი მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტი სწორედ განათლებაა, ამიტომ, მისი ხელისუფლების პირობებში, იმ აბიტურიენტთა არჩევანის უფლება, ვისაც შავი ზღვის უნივერსიტეტში უნდათ ჩაბარება, არ უნდა შეიზღუდოს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით სწორედ პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს.

ავტორიზაციის საბჭომ 21 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც  სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება სახელდება. უნივერსიტეტი გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მათ აღნიშნული ჯარიმის გადახდის საშუალება აქვთ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტთან საკავშრებული მოვლენების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი