ახალი ამბები

პრორუსული ტროლები ტვიტერზე ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ – კვლევა

24 აგვისტო, 2018 • 2491
პრორუსული ტროლები ტვიტერზე ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ – კვლევა

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ პრორუსული ე.წ. ტროლები, რომლებსაც კავშირი აქვთ აშშ-ის 2016 წლის არჩევნებთან, სოციალურ ქსელ ტვიტერში ვაქცინათა უსაფრთხოებაზე დეზინფორმაციას ავრცელებენ. ამის შესახებ The Guardian წერს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღნიშნული ტენდენცია მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ჯანდაცვის სფეროში მომუშავეთათვის ონლაინ კომუნიკაციების გაუმჯობესების გზებს ეძებდნენ. როგორც გამოცემა წერს, ნაცვლად ამისა, მათ აღმოაჩინეს, რომ ტროლები და ბოტები სოციალური ქსელის მომხმარებლებს შორის დებატებს იწყებდნენ იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა ვაქცინაცია.

კვლევამ აღმოაჩინა რამდენიმე ისეთი ონლაინ ანგარიში, რომლებიც 2016 წლის არჩევნებში მონაწილე “ტროლებს” ეკუთვნით. გარდა ამისა, უმეტესობა მათგანი, ე.წ. “ვირუსებს” ავრცელებს.

მკვლევართა თანახმად, “ტროლები” პოლიტიკური კონტექსტის მიხედვით ცვლიან პოზიციებს და გამოდიან ხან ვაქცინაციის მომხრეებად, ხან მოწინააღმდეგეებად. თუმცა მათი მთავარი მზიანი სოციალური ქსელის მომხმარებლებს შორის ცხარე დებატების წამოწყებაა.

“ამერიკელთა უმეტესობა თვლის, რომ ვაქცინაცია უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა ტვიტერი იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საკამათო ჯერ კიდევ ბევრია”, – ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის წარმომადგენელი დევიდ ბრონიატოვსკი.

მისივე თქმით, ბევრი “ანტივაქცინური” პოსტები ისეთი ანგარიშებიდან მოდის, რომელთა წარმომავლობაც უცნობია. ასევე, მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ასეთ პოსტბის ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია, კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინების შესახებ ონლაინ დისკუსიის დიდი ნაწილი სწორედ იმ ბოტებისა თუ “ტროლების” პასუხისმგებლობაა, რომლებსაც ფარული მიზნები აქვთ.

როგორც აღმოჩნდა, ტროლები ვაქცინაციას ისეთი კონტრავერსულ საკითხებს უკავშირებენ, როგორებიცაა რელიგია, რასა, კლასი და ცხოველთა უფლებები. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები აშშ-ის მთავრობის ლეგიტიმურობასაც უკავშირდება.

“იცოდით, რომ სახელმწიფოს აქვს ვაქცინით დაზარალებულ ბავშვთა საიდუმლო მონაცემთა ბაზა? – წერს ერთ-ერთი რუსი “ტროლი”.

საკვლევ პერიოდში, რომელიც 2014 წლიდან 2017 წლამდე გაგრძელდა, 1.7 მილიონი ტვიტერის პოსტი განიხილეს, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებსა და ტრამპის არჩევის პერიოდს მოიცავს. როგორც მკვლევრები განმარტავენ, ტროლები 22-ჯერ უფრო მეტ პოსტს უძღვნიდნენ ვაქცინებს, ვიდრე ტვიტერის ჩვეულებრივი მომხმარებლები. ბოტებისთვის 550 პოსტში 1 ვაქცინაზე იყო, “ჩვეულებრივ” მომხმარებლებში კი, 12.000-დან ერთი.

ვაქცინაციის შესახებ ონლაინ-დისკუსიები არც ქართული ინტერნეტ-სივრცისთვისაა უცხო. მაგალითად, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის ინციატივას, ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს,  სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში შემოსული და სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ვაქცინაცია ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. დაავადებათა კონტროლში ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფენ.

დეზინფორმაციის ნაწილს ვაქცინაციის შესახებ სწორედ რუსულ საიტებს უკავშირებს დაავადებათა კონტროლის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე.

“ზოგჯერ მოსახლეობა დეზინფორმაციის მსხვერპლი ხდება, რაც ხშირად რუსული გადაუმოწმებელი საიტების ბრალია. მეცნიერულად დადასტურებლია, რომ ვაქცინაცია არც  აუტიზმს იწვევს და არც იმუნიტეტის შესუსტებას, რაზეც ხშირად აპელირებენ სოციალურ ქსელში “, – ამბობს პაატა იმნაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი