ვაქცინაციის პორტალი შეფერხებით მუშაობს. კერძოდ, პორტალზე რეგისტრირებულ ადამიანებს ვერიფიკაციის კოდი არ მისდით, ხოლო ვაქცინაციის პუნქტებს, შეფერხების გამო, ჩატარებული აცრის შესაბამის სისტემაში ასახვა არ შეუძლიათ.
როგორც ნეტგაზეთს ცხელ ხაზზე [15-22] განუცხადეს, ვაქცინაციის პორტალი გარვეული პერიოდია შეფერხებით მუშაობს და მოქალაქეებს რამდენიმე კლინიკას სთავაზობენ, სადაც შეფერხების მიუხედავად და ასევე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, აცრა აისახება სისტემაში. ეს კლინიკებია:
- თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო,
- ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო,
- ქუთაისი – ჩხობაძის სახელობის ცენტრი
- ზუგდიდში რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო.
როდის გამოსწორდება ვაქცინაციის პორტალის შეფერხება, ამასთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე პასუხი არ აქვთ. მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან(NCDC) გადაგვამისამართეს, რადგან მათი თქმით, პორტალი NCDC-ის დაქვემდებარებაშია.
ნეტგაზეთს NCDC-ში განუცხადეს, რომ ვაქცინაციის პორტალთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიგვემართა. ჯანდაცვის სამინისტროში დღის მეორე ნახევარში გვითხრეს, რომ ხარვეზი გამოსწორებულია და ვაქცინაციის პორტალი შეფერხების გარეშე მუშაობს.
თუმცა ამის შემდეგ ნეტგაზეთმა ვაქცინაციის ერთ-ერთ პუნქტთან კვლავ გადაამოწმა ინფორმაცია, სადაც გვითხრეს, რომ სისტემას ისევ შეფერხება აქვს.