ახალი ამბები

“გამოვდივართ ინიციატივით, ვაქცინაცია გახდეს სავალდებულო” – კაკი ზოიძე

21 აგვისტო, 2018 •
“გამოვდივართ ინიციატივით, ვაქცინაცია გახდეს სავალდებულო” – კაკი ზოიძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, კაკი ზოიძის თქმით, კომიტეტის ინიციატივის მიხედვით, შესაძლოა სავალდებულო გახდეს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ყველა ვაქცინაცია. ამის შესახებ ზოიძემ ნეტგაზეთს უთხრა.

როგორც კაკი ზოიძე განმარტავს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, რაც შეიძლება მაღალი უნდა იყოს მოსახლეობის ვაქცინით დაფარვის არეალი. მისი სიტყვებით, საქართველოში მაღალია ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებელი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, მოსახლეობა ვაქცინაციაზე უარს ამბობს.

“მაგალითად, წითელაზე ვაქცინით მოცვის ნიშნული ძალიან დაბალი არის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, წითელას ავადობის კუთხით პირველ სამეულში ვართ, რაც მიუღებელია იმიტომ, რომ წითელა საკმაოდ ვერაგი დაავადებაა. შარშან 1300 შემთხვევა იყო და აქედან 2 დაიღუპა. ეპიდაფეთქება ჩვენ გვქონია ადრეც, 1997, 2000-იან წლებში, როდესაც გაცილებით მეტი, ასობით ადამიანი იღუპებოდა. სწორედ ამიტომ, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია,” – ამბობს ის.

მისი თქმით, ვაქცინაცია გადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მიღწევაა. თუმცა დღემდე, მშობლები ბავშვებს ვაქცინებს ზოგ შემთხვევაში არ უკეთებენ, რაც არაინფორმირებულობით ან დეზინფორმაციითაა გამოწვეული.

” ინფომრაცია, თითქოს ვაქცინას, რომელიც ქვეყანაშია შემოტანილი და რომელიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული, გვერდითი მოვლენა აქვს ან უხარისხო შეიძლება იყოს, არის მითი,” – განმარტავს კაკი ზოიძე.

ზოიძის განმარტებით, კომიტეტი ინიციატივით იმიტომაც გამოდის, რომ გარდა გავრცელებული მითებისა, ზოგჯერ სამედიცინო პერსონალი დაბეჯითებით არ ურჩევს მშობლებს, აცრან თავიანთი შვილები. თუმცა ინიციატივა პირველ ეტაპზე არ ითვალისწინებს რაიმე სახის სანქციას.

“სახელმწიფო ამით ადასტურებს, რომ ვაქცინაცია არის სავალდებულო და არსებობს გზა არამხოლოდ ერთი კონკრეტული ბავშვის, არამედ გარშემომყოფი ბავშვების ჯანმთელობის დაცვის.  ჩვენ ეროვნულ კალენდარში შემავალ ყველა ვაქცინაციას სავალდებულოს გავხდით, ეს იქნება ამ ცვლილების არსი. სანქციები პირველ ეტაპზე არაფერი იქნება. საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, საკამოდ მკაცრი სანქციებია, მათ შორის, ჯარიმები და ბავშვების არდაშვება საბავშვო ბაღებში.

მომავალში ვნახავთ, თუ დასჭირდა დამატებითი სანქციების შემოტანა, სანქციებსაც შემოვიტანთ. მაგრამ ამ ეტაპზე უბრალოდ გახდება ვაქცინაცია სავალდებულო, რომ მშობელმა იცოდეს ზუსტად, რომ აუცილებელია მისი შვილის ვაქცინაცია,”- განაცხადა კაკი ზოიძემ. 

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის სავალდებულოდ გამოცხადება სასურველ შედეგს არ მოიტანს, განიხილება, რომ აუცრელი ბავშვები არ დაუშვან საბავშვო ბაღებში.

დღესდღეობით აცრებს ‘სავალდებულო” სტატუსი არ აქვს. აცრები საქართველოში რეკომენდირებული ქმედებაა, ხოლო მათი “იძულების” მექანიზმი არ არსებობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი