ახალი ამბები

ქვეყანაში შემოსული ყველა ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებულია – იმნაძე

24 აგვისტო, 2018 •
ქვეყანაში შემოსული ყველა ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებულია – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში შემოსული ყველა ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დაშვებულია, რაც მის უმაღლეს ხარისხზე მიუთითებს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტი ინციატივით გამოდის, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში შემოსული და სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ვაქცინაცია ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. დაავადებათა კონტროლში ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფენ.

“პასუხი არის ერთადერთი. მსოფლიოში ყველაზე მაღალი გარანტია ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საქართველოში ყველა ვაქცინას, აბსოლუტურად ყველას, არამარტო დღეს, არამედ რაც კი შემოსულა ბავშვების ასაცრელად, ყველა ყოველთვის იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ამაზე მაღალი ინსტანცია დედამიწაზე არ არსებობს”, – განმარტავს პაატა იმნაძე.

გარდა ამისა, იმნაძე განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ვაქცინაცია აუტიზმს ან იმუნიტეტის შესუსტებას იწვევს – მითია.

“ეს ორივე არგუმენტი არის სისულელე, რომელზეც დიდი ხანია განვითარებულ ქვეყნებში აღარ საუბრობენ. ზოგჯერ მოსახლეობა დეზინფორმაციის მსხვერპლი ხდება, რაც ხშირად რუსული გადაუმოწმებელი საიტების ბრალია. მენციერულად დადასტურებლია, რომ ვაქცინაცია არც  აუტიზმს იწვევს და არც იმუნიტეტის შესუსტებას, რაზეც ხშირად აპელირებენ სოციალურ ქსელში “, – ამბობს პაატა იმნაძე.

მისივე თქმით, მოსახლეობა ხშირად აპელირებს, რომ მიუხედავად იმისა, მათი შვილები აცრილები არ არიან, ისინი ზრდასრულ ასაკს ჯანმრთელები აღწევენ. თუმცა, მისი თქმით, ის, რომ ადამიანი ცხოვრების ერთ კონკრეტულ დროს დაავადებული არ არის, არ ნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დგას.

“რომ არა ვაქცინები, დაიწყებოდა ეპიდემიები და მივიღებდით ისეთ შედეგს, რომელიც ასწლეულების წინ იყო, კერძოდ კი, მკვეთრად შემცირდებოდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. დედამიწა ძალიან პატარა ადგილია, თუ ადამიანს არ აქვს შესაბამისი აცრა გაკეთებული, ადრე თუ გვიან დაავადება, მას “იპოვის”, ” – ამბობს პაატა იმნაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი