ახალი ამბები

სპეცრაზმი არ გადის და გზა კვლავ გადაკეტილია – ვითარება ხაიშში 18:00 საათისთვის

26 ივლისი, 2018 •
სპეცრაზმი არ გადის და გზა კვლავ გადაკეტილია – ვითარება ხაიშში 18:00 საათისთვის

ხაიშის სკოლის მასწავლებლისა და აქტივისტის, ზურაბ ნიჟარაძის ინფორმაციით, ხაიშსა და ჭუბერში ვითარება  მეტნაკლებად განიმუხტა, თუმცა სპეცრაზმი კვლავ სოფელში იმყოფება, ხოლო მოსახლეობას გზა კვლავ გადაკეტილი აქვს.

როგორც ზურაბ ნიჟარაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, სპეცრაზმელები მოსახლეობას დაახლოებით 500 მეტრით მოარიდეს, თუმცა მათ უკან ახალი შემოყვანილი რაზმები დგანან. მისი თქმით, ადგილობრივები ხაიშში სოზარ სუბარსა და ვიქტორ ჯაფარიძეს ელოდებიან, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, გზას გახსნიან:

“ველოდებით ბატონ სოზარსა და ბატონ ვიქტორს, რომლებთანაც დავიწყებთ მოლაპარაკებებს. ჩვენ გაქვს ძალიან მარტივი შეთავაზებები: არ გვინდა, ბატონო, ხე-ტყე! მოდი, ვილაპარაკოთ განვითარების სხვა საშუალებებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში გთავაზობდით და რომელი მიმართულებითაც არაფერი გაკეთდა, სანამ აქამდე არ მივიდა სიტუაცია.

ახლა კიდევ ერთხელ გთავაზობთ, რომ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა და ტურიზმი, ხელი შევუწყოთ ალტერნატიული განვითარების გზებს, რისი საშუალებაც არის ჩვენთან დაბალ ზონაში, რბილი კლიმატიდან გამომდინარე. ახლა ხომ მაინც ხვდებით, რომ არ გთავაზობდით ტყუილად და თურმე საჭირო ყოფილა ეს ყველაფერი…”

ზურაბ ნიჟარაძე

ზურაბ ნიჟარაძის განცხადებით, მოსახლეობა იძულებულია ხეები მოჭრას და ამით ირჩინოს თავი. მისი თქმით, რასაც ადგილობრივებს არ აძლევს ხელისუფლება, აძლევს – ბუნება.

“ბუნება გაძლევს შესაძლებლობას, რომ იარსებო, არ მოკვდე და რაღაც საშუალება გქონდეს – შვილს განათლება მისცე და მოხუც მშობელს აფთიაქში წამალი უყიდო, საავადმყოფოში წაიყვანო… ელემენტარული, რომ ჩაიცვა, დაიხურო და არ მოკვდე შიმშილით. ეს არის აქ, სხვა არაფერი.

ყოველწლიურად 10-15 ახალგაზრდა იხოცება ხე-ტყის სექტორში – კანონიერია ეს თუ უკანონო. ამ დროს არსებობს აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ალპურ ზონაში; არსებობს ბაღები, რომელიც ქართლის შემდეგ, ალბათ, სვანეთშია. 2012 წელს გვპირდებოდნენ სვანეთში ხილის გადამამუშავებელ საწარმოს, მაგრამ არ აუშენებიათ. როდესაც მოსახლეობას უკეტავ იმ ერთადერთ შემოსავლის წყაროს, რამელიც ასე თუ ისე მუშაობს და სხვა არანაირ განვითარების შესაძლებლობას სთავაზობ, მაშინ, თავისთავად, ადამიანი იურიდიულად არ არის მართალი, მაგრამ მორალურად იტოვებს უფლებას, ეს ხეები მოჭრას, გახერხოს, გაყიდოს და ამით რაღაცნაირად იარსებობს,” – განუცხადა ნეტგაზეთს ზურაბ ნიჟარაძემ.

ხაიშელი მასწავლებლის განცხადებით, დილით ძალიან აგრესიულად იქცედონენ პოლიციელები, მაგრამ ადგილობრივებმა მაქსიმალურად შეიკავეს თავი ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად:

“შემოვიდნენ ჯიქურად… გადატენილი იარაღი მიაბჯინა ერთ-ერთმა პოლიციელმ ჭუბერელს და ამას მოჰყვა ყველაფერი, რაც მოხდა.”

  • დღეს, 26 ივლისს, ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა, რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება.
  • დაპირისპირების შემდეგ სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა. შსს-ში განგვიცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით შეიყვანეს დამატებით პოლიციის ჯგუფები ორ სოფელში, თუმცა არავინ დაუკავებიათ.
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს ღონისძიება ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანაონო მოპოვებასთან დაკავშირებით, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მათ კვლავ არ აძლევს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საშუალებას. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჭუბურისა და ხაიშის მოსახლეობამ მათი თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, რის გამოც სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო.
  • ადგილობრივები საზოგადოებას, ხელისუფლებას, სახალხო დამცველს და დიპკორპუსს მოუწოდებენ, დაიცვან სვანეთი განუკითხაობისგან: “მოგვეცით ალტერნატიული განვითარების საშუალება ან დაგვცოხეთ და ამით დასრულდება ყველაფერი! დაგვაყენეთ საშველი, სანამ მთელი სვანეთი არ გამსკდარა დენთის კასრივით!
  • ომბუდსმენის აპარატში განგვიცხადეს, რომ ბოლო პერიოდში სვანეთსა და რაჭაში მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებდა ჰესების მშენებლობას, ხოლო დღევანდელი სპეცრაზმის გამოჩენა მოსახლეობამ პროტესტის ჩახშობის მცდელობად მიიღო.
  • პოლიციელის მიერ გადატენილი იარაღის ადგილობრივისთვის შუბლზე მიბჯენის შესაძლო ფაქტზე გენისპექციას მოკვლევა არ დაუწყია, რადგან ოფიციალურად არავის განუცხადებია ეს.
  • პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა შეურიგებელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. პრემიერის მრჩეველი კი ამბობს, რომ რბილი მიდგომა აქვთ სვანეთში ხე-ტყის მოპოვებაზე, რადგან ალტერნატიული წყარო მოსახლეობას არ გააჩნია.
  • მწვანე ალტერნატივა სვანეთში ჩატარებული ოპერაციის მასშტაბებს არაპროპორციულად მიიჩნევს. ორგანიზაცია გაუგებრად მიიჩნევს, რატომ შევიდა რაიონში ასობით პოლიციელი და სპეცრაზმელი მაშინ, როცა ადამიანები საქართველოს სხვა ნაწილებში დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი