ახალი ამბები

მესტიაში ხატზე დაიფიცეს, რომ “მაინერებს” გამორთავენ

30 დეკემბერი, 2021 • 3199
მესტიაში ხატზე დაიფიცეს, რომ “მაინერებს” გამორთავენ

მესტიაში მოსახლეობის ნაწილმა წმინდა გიორგის ტაძარში, ხატზე დაიფიცა, რომ მაინერებს იგივე კრიპოვალუტის მომპოვებელ აპარატებს გამორთავენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ იძულებულები გახდნენ ამ “უკიდურესი ზომისთვის” მიემართათ, რადგან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდათ, რის გამოც არ აქვთ გათბობაც და ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ.

“ფიცის შინაარსი იყო, რომ დღეის მერე ყველა ოჯახში, ნებისმიერმა აქაურმა მცხოვრებმა, ვინც მაინერებით სარგებლობს, გამორთოს. ამაზე “ამინ” ითქვა სოფლის მოსახლეობის მხრიდან. იქამდე მივედით, რომ ჩავრთეთ უძველესი ტრადიცია – დაფიცება იმიტომ, რომ არავინ არ არის ჩვენს გვერდში, არც ხელისუფლება, არც ენერგოპროჯორჯიას წარმომადგენელი, ყველა ერთმანეთს აბარებს ამ პრობლემას”, – ამბობენ ადგილობრივები.

სვანეთში მაინინგის აკრძალვის მოთხოვნით 24 დეკემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა. რომელშიც მონაწილეობა მესტიის მერმა, კახა ჟორჟოლიანმაც მიიღო. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად დროებით გადაკეტეს საავტომობილო გზა.


მესტიაში, რომლის ტურისტული ობიექტების გათბობის ძირითადი წყაროც სწორედ ელექტროენერგიაა, დენის მომარაგების შეწყვეტა უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებზე.

ტურისტული ობიექტები რთულ ვითარებაში არიან – სასტუმროებში ჯავშნების ნაწილი გაუქმდა. არ მუშაობდა საბაგიროებიც.

ადგილობრივი მთავრობა ხელს კრიპტოვალუტების მომპოვებლებს ადებს და აცხადებს, რომ „მიუღებელია, კონკრეტული ადამიანების მიერ „იოლი“ ფულის მიღების სურვილს მთელი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ინტერესი ეწირებოდეს“.

ნახეთ ვრცლად:

„მაინერები“ და „უფასო დენი“ – როგორ უნდა მოგვარდეს მესტიის დენის პრობლემა

მასალების გადაბეჭდვის წესი