ახალი ამბები

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე რჩება

12 ივლისი, 2018 • 5473
თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე რჩება

იუსტიციის მინისტრის პოსტს ახალი მთავრობის პირობებში შეინარჩუნებს თეა წულუკიანი, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე 2012 წლის არჩევნებიდან მუშაობს. მამუკა ბახტაძე არის მეოთხე პრემიერ-მინისტრი, რომლის მთავრობაშიც თეა წულუკიანს უცვლელად უკავია იუსტიციის მინისტრის თანამდებობა.

ჯერ კიდევ გუშინ, 11 ივლისს, თეა წულუკიანი დარწმუნებით არ ამბობდა, რომ ის მთავრობის ახალ შემადგენლობაში იქნებოდა.

თეა წულუკიანის გადადგომას არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე კვირაა ითხოვენ. საინიციატოვო ჯგუფმა მისი გადადგომის მოთხოვნით აქციაც გამართა. წულუკიანის მოწინააღმდეგეთა თქმით, მის გადასაყენებლად არსებობს შემდეგი მიზეზები:

  • იუსტიციის მინისტრი არის პერსონალურად პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც არ განხორციელდა;
  • იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს;
  • იუსტიციის მინისტრმა მთავარ პროკურორ შოთაძეს მადლობა გადაუხადა კარგად შესრულებული საქმიანობისთვის მისი გადადგომის შემდეგ;
  • იუსტიციის მინისტრის მიერ შერჩეულმა ოთხიდან ვერც ერთმა მთავარმა პროკურორმა ვერ იმუშავა დამოუკიდებლად;
  • თეა წულუკიანი არ აღიარებს და პატივს არ სცემს სასამართლო ხელისუფლებას! ის არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს გახმაურებულ საქმეებზე, იყენებს ინსტიტუციურ მექანიზმებს პირადი მიზნებისთვის, უკანონოდ ათავისუფლებს თანამშრომლებს სამსახურიდან;
  • იუსტიციის მინისტრმა არამიზნობრივად გაზარდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა იუსტიციის სისტემაში და პარტიული აქტივისტებით გაავსო სამინისტრო;
  • თეა წულუკიანს არ აქვს იურისტის დიპლომი;
  • სტრასბურგმა ორჯერ დაუწუნა მოსამართლეთა სია;
  • წაგებული აქვს თითქმის ყველა საქმე საერთაშორისო დონეზე;
  • იუსტიციის მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა არასამთავრობო სექტორმა.

მამუკა ბახტაძემ 12 ივლისს მთავრობის ახალი წევრები წარადგინა, რომელთა ნახვაც შეგიძლიათ აქ:

მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი წევრები წარადგინა – სრული სია

მასალების გადაბეჭდვის წესი