ახალი ამბები

მთავრობაში არ აკონკრეტებენ, რას გააკეთებს თბილისი, თუ სოჭში პოლიტიკური სიურპრიზები იქნება

5 თებერვალი, 2014 •
მთავრობაში არ აკონკრეტებენ, რას გააკეთებს თბილისი, თუ სოჭში პოლიტიკური სიურპრიზები იქნება

როგორც აბაშიძემ დღეს, 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გუშინ ქართულ მხარეს დაუდასტურეს, რომ სოჭში ოფიციალურად მიწვეულნი არიან მხოლოდ იმ სახელმწიფოს სპორტსმენები და წარმომადგენლები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში იღებენ მონაიწლეობას.

 

“მათ რიცხვს, ბუნებრივია, არ განეკუთვნება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორც კერძო პირებს, ნებისმიერს შეუძლია ჩასვლა სოჭში ან სხვა ქალაქში”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ოლიმპიური კომიტეტისა და რუსეთის საგარეო უწყების ეს კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ სწორია.

აბაშიძემ კონკრეტულად არ უპასუხა ნეტგაზეთის შეკითხვას, ვის ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ საკითხზე:

 

“ეს იყო სატელფონო ზარი. ჩვენ გუშინ ორჯერ გვქონდა ამაზე საუბარი: დღის პირველ და მეორე ნახევარში. მათ ხაზგასმით დაადასტურეს. მე მაქვს მათი მხრიდან მწვანე შუქი იმისათვის, რათა ჩვენი საუბრის შინაარსი გავაჟღერო”, – აღნიშნა აბაშიძემ.

 

ნეტგაზეთის კითხვას, რამდენად სანდოა რუსეთის მხრიდან მიღებული ეს დაპირება, მან უპასუხა, რომ აბსოლუტურად სანდოა:

ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

“ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ჩვენს გუნდს სოჭში დახვდება ამ განცხადებებისაგან განსხვავებული რეალობა, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილება ჩვენი ოლიმპიელებისა და ქვეყნის პრესტიჟის დასაცავად”, – განმარტა მან.

სოჭში ქართული მხარისათვის მოსალოდნელ შესაძლო სიურპრიზების შესახებ, რაც ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ოფიციალური პირების ლეგიტიმაციის  ხაზგასმას ეხება, გუშინ კითხვა საქართველოს პრემიერ–მინისტრსაც დაუსვეს BBC–ს ეთერში. მან თქვა, რომ თუ სოჭში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ოფიციალური პირების ლეგიტიმაციის აღიარების მცდელობას ექნება ადგილი, ქრთული მხარე ამ ნაბიჯს ადეკვატურად უპასუხებს, თუმცა გუშინდელ ინტერვიუში არც ღარიბაშვილმა და არც აბაშიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე არ დააკონკრეტეს, რა იგულისხმება ადეკვატურ რეაქციაში – არის თუ არა საუბარი გარკვეულ დემარშზე ან ბოიკოტზე:

“მოდით, ჯერ ვიხელმძღვანელოთ იმ რეალობით, რაც გვაქვს. ყველაფერი არის ისე, როგორც მე თქვენ მოგახსენეთ. ჩვენ გვაქვს ასეთი გარანტიები, როგორც მასპინძლებისგან, ისე ოლიმპიური კომიტეტისგან, რომ არანაირი სიურპირიზი არ უნდა იყოს. დავაკვირდეთ მოვლენებს. ეს ძალიან რთული ოლიმპიადაა, შეიძლება ყველაზე რთულიც კი, რაც მე მახსოვს. თუ რაიმე სიურპრიზი და ფორსმაჟორი იქნება, ჩვენ ამისდა მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – ასე უპასუხა აბაშიძემ ნეტგაზეთის შესაბამის შეკითხვას.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეონიდ თიბილოვი რუსეთის ხელისუფლებამ სოჭის ოლიმპიადაზე ოფიციალური სტატუსით მიიწვია, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის პრესსამსახურმა გაავრცელა. აბაშიძე ამბობს, რომ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილმა იჩქარა, როდესაც ინფორმაციის ეს წყარო სანდოდ მიიჩნია:

“სამწუხაროდ, არალეგიტიმური რეჟიმის პრესსამსახურის ეს განცხადება ელვისებურად და უაღრესად ემოციურად აიტაცა ჩვენი პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა, რომლებმაც გადაუმწომებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნაჩქარევი და გაუაზრებელი განცხადებები გააკეთეს”.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოჭში ოლიმპიადის ფარგლებში აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სარეკლამო ატრიბუტიკა იყიდება. აბაშიძე ამ საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა:

“ეს არის მოსალოდნელი… მითხრეს, რომ ჯიხურებში, ქუჩებში იყიდება ბროშურები აფხაზეთის შესახებ, სადაც მოცემულია ტურისტული ინფორმაცია. ვიღაცამ შეიძლება მასიურებიც დაამზადოს… ამის გაკონტროლება ძალიან რთულია. ვერც დაუწყებ დევნას, ვინ რას ყიდის. ჩვენ მხედველობაში გვაქვს ოფიციალური პოზიცია მთავარ საკითხებთან დაკავშირებით: ვინ ჩადის იქ ოფიციალურად და ასე შემდეგ. კიოსკში თუ რაღაც გაიყიდება, ამას დევნას ვერ დავუწყებთ”, – განაცხადა პრემიერი–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სოჭში ხვალ, 6 თებერვალს მიემგზავრება.

 

სოჭის ოლიმპიადის ლოგო
სოჭის ოლიმპიადის ლოგო

მასალების გადაბეჭდვის წესი