ახალი ამბები

კარგი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას ბლოკჩეინის გამოყენებით მივცემთ – ბოძაშვილი

10 ივლისი, 2018 • 2742
კარგი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას ბლოკჩეინის გამოყენებით მივცემთ – ბოძაშვილი

ევროკავშირის ბლოკჩეინის პროგრამის სამართლებრივი ექსპერტი ლევან ბოძაშვილი 2018 წელს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების მნიშვნელობაზე საუბრობს. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება საქართველოს, უფრო სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები ჩაატაროს, რაც საბოლოოდ გაზრდის დემოკრატიის ხარისხის დონეს.

ექსპერტის განმარტებით, დღესდღეობთ საქართველო მხოლოდ ჰიბრიდული [მყიფე] დემოკრატიის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, Freedom House-ის შეფასებებიდან ჩანს.

ლევან ბოძაშვილის თქმით, ამ კუთხით ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სწორედაც რომ არჩევნები წარმოადგენს და, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანიებში აღარ შეინიშნება დიდი დარღვევები, კითხვებს აჩენს დამკვირვებლები (ე.წ. კოორდინატორები), ხმის დათვლის პროცესი და ა.შ.

“იმისათვის, რომ ეს პრობლემები აღმოვფხვრათ და საქართველო დემოკრატიის შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, ბლოკჩეინის გამოყენება შეიძლება, მით უმეტეს, რომ რამდენიმე ქვეყანა აღნიშნულ სისტემაზე უკვე გადავიდა. მეტიც, ევროკავშირმა ამ ინიციატივისთვის 500 მილიონი ევრო გამოყო და 22 სახელმწიფო ბლოკჩეინში უკვე გაერთიანდა, რაც თითქმის მთელი ევროკავშირია.

შესაბამისად, კარგი იქნება, თუ საპრეზიდნეტო არჩევნების დროს ჩვენც გამოვცდით ამ ტექნოლოგიას ერთ უბანზე მაინც. თუმცა, თუ ტექნოლოგია ჩაეშვება, ის შეიძლება გამოყენებული იქნას არა მარტო ერთ უბანზე, არამედ ოლქშიც და ზოგადად, ყველა საარჩევნო უბანზე. პირველი ეტაპისთვის კი ერთი უბანიც საკმარისია, რომ დავინახოთ, თუ რამდენად მომგებიანია ამ ტექნოლოგიით ჩატარებული არჩევნები,” – უთხრა ლევან ბოძაშვილმა ნეტგაზეთს.

ბლოკჩეინის ტექნოლოგიების უპირატესობებზე საუბრისას ბოძაშვილი აღნიშნავს, რომ ამგვარი მეთოდი ხარჯებს ძალიან ამცირებს. ამასთანავე, რიგი მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობას ამარტივებს.

“მაგალითად, რომ ავიღოთ სამხედროები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებიან, ან თუნდაც, ემიგრანტები. თვალსაჩინოებისთვის ვიტყვი, რომ აშშ-ში მხოლოდ ორგან შეიძლება გაიხსნას საარჩევნო უბანი, რაც ძალიან პრობლემურია. თუმცა ბლოკჩეინის გამოყენებით ეს პრობლემა აღმოიფხვრება,” – განმარტავს ლევან ბოძაშვილი.

მისივე თქმით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია გამოირჩევა მობილურობითა და დაცულობით, შესაბამისად, არჩევნების გაყალბების შანსი აღარ იარსებებს. გარდა ამისა, აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ არჩევნებისთვის, არამედ რეფერენდუმებისთვის, პლებისციტისთვის, საჯარო მართვისთვის და ა.შ.

“ამ ტექნოლოგიის გამოსაყენებლად უამრავი პლატფორმა არსებობს, მათ შორის გლობალური კორპორაციების მიერ უკვე შექმნილი. აქ მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ ხელისუფლებამ მოინდომოს, არა მხოლოდ თავის მოსახლეობას, არამედ დანარჩენ სამყაროსაც დაანახოს, რომ ის არის მონდომებული, რომ ტექნოლოგიები და ინოვაციები გახდეს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და ხალხმა სარგებელი მიიღოს,” – აღნიშნავს ექსპერტი. 

რაც შეეხება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, როგორც ლევან ბოძაშვილი ამბობს, ამისთვის დიდი ტექნიკური რესურსის გამოყოფა სახელმწიფოს არ დასჭირდება. მისი თქმით, საკმარისია შეირჩეს ერთ-ერთი უბანი.

“ადამიანები, რომლებიც ამ უბანში არიან რეგისტრირებული, დარეგისტრირედებიან ბლოკჩეინის მეშვეობით. მათი პირადი ნომერი მიებმება ბლოკჩეინის სისტემას. მათ მიერ მიცემული ხმა იქნება ანონიმური. იმ პირებისთვის, ვისაც წვდომა არ აქვს ინტერნეტთან, არ აქვთ სმარტფონები და ა.შ. მათ შეეძლებათ მივიდნენ ამ უბანზე, სადაც 10-მდე კომპიუტერი იქნება დაყენებული, რომელშიც იქნება ეს ტექნოლოგია “ჩატვირთული” და თავიანთ პირადი ნომრებით მისცემენ ხმას,” – განმარტავს ბოძაშვილი.

მისი სიტყვებით, პოლიტიკური ნების გაჩენის შემდეგ საჭიროა, რომ ცესკომაც მოინდომოს ტექნოლოგიის გამოყენება. რაც შეეხება მეთოდის განხორციელებას, თავდაპირველად  სატესტო რეჟიმში მოხდება მისი ინსტალაცია ერთ უბანზე, ხოლო შემდგომ, რომელიმე გლობალური კომპანიისგან ტექნოლოგიის შესყიდვა. საბოლოოდ, ბლოკჩეინის ტექნოლოგია მუდმივი მოხმარების საგანი შეიძლება გახდეს და მომავალში არჩევნები იმ ხარჯებთან აღარ იქნება დაკავშირებული, რისი გაწევაც სახელმწიფოს საწყის ეტაპზე მოუწევს.

“მხოლოდ ადმინისტრირების ხარჯები იქნება საჭირო, რასაც ცესკო თავისუფლად გაართმევს თავს,”- ამბობს ის.

ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, ის დაცულია როგორც კიბერშეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები ინახება არა ერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათიათასობით კომპიუტერში. რომელიმე მონაცემში საეჭვო მანიპულაციის ნებისმიერ მცდელობას ქსელის ყველა კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში ბლოკავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი