ახალი ამბები

სახალხო დამცველი უკანონო თვალთვალის ფაქტების გამოძიებას ითხოვს

28 იანვარი, 2014 • • 1006
სახალხო დამცველი უკანონო თვალთვალის ფაქტების გამოძიებას ითხოვს

“უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურების ერთჯერადი აქცია ვერ უზრუნველყოფს ადამიანის პირადი სივრცის ხელშეუხებლობისთვის მყარ სამართლებრივ გარანტიებს”,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

28 იანვარს მსოფლიო პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის ფაქტები ეფექტურად იქნეს გამოძიებული, რადგან “სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტების აღიარება, დამნაშავე პირების გამოვლენა და დასჯა გახდება მსგავსი დარღვევების პრევენციის საფუძველი”.

 

 

ომბუდსმენის ოფისი მიუთითებს, რომ სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ფარული თვალთვალის პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლა და შს სამინისტროში არსებული სხვა კადრებიც უნდა განადგურდეს.

 

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალის შედეგად მოიპოვებოდა ათასობით ვიდეო და ფოტომასალა, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები”,- ნათქვამია განცხადებაში. 

 

თუმცა კადრები უნდა განადგურდეს ისე, რომ ხელი არ შეეშალოს გამოძიებას იმ ადამიანების გამოსავლენად, ვინც მონაწილეობდა ფარულ მიყურადებაში. 


საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა „უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია“, რომელშიც წევრის სტატუსით მიწვეულია საქართველოს სახალხო დამცველი.

 

2014 წლის 29 იანვარს ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

 

“სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ მიღებული იქნება გადაწყვეტილება სრულად იქნეს გამოძიებული უკანონო თვალთვალის ფაქტები. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, აწარმოონ სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება მოცემული დანაშაულებრივი ფაქტების გახსნის მიზნით.”

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფარული ჩანაწერების ნაწილი 2013 წლის 5 სექტემებერს განადგურდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი