ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთმა საზღვარი 11 კმ-ით გადმოწია

20 იანვარი, 2014 •
საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთმა საზღვარი 11 კმ-ით გადმოწია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რუსეთის ფედერაციისა და მის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო” 2014 წლის 20 იანვრიდან 21 მარტამდე მდინარე ფსოუზე სასაზღვრო ზონის შექმნით რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 11 კილომეტრით საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოიწევა.

 

“საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე სასაზღვრო ზონის შექმნა, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე, კიდევ ერთხელ ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და წარმოადგენს რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას”, აღნიშNულია განცხადებაში.

 

საგარეო უწყება შეშფოთებით აღნიშნავს, რომ საზღვრის გადმოწევის ფონზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გრძელდება მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების გავლების პროცესი, ადგილობრივ მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილების უფლება ეზღუდება და მიმდინარეობს სამხედრო კონტინგენტის გაზრდა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით აღნიშნული ქმედება საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციული პოლიტიკის გამოხატულებაა. სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები შეასრულოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი