ახალი ამბები

ქართული მხარე აფხაზეთში საზღვრის გადაწევის საკითხს ჟენევის დისკუსიაზე დააყენებს

20 იანვარი, 2014 •
ქართული მხარე აფხაზეთში საზღვრის გადაწევის საკითხს ჟენევის დისკუსიაზე დააყენებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში 11კმ-ით გადმოწევის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც.

 

“მნიშვნელოვანწილად, მოსკოვის ეს გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მაამებლური და უპასუხისმგებლო პოლიტიკით რუსეთის მიმართ, რაც, მათ შორის, გამოიხატა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციაზე ხელის აღებაში და „რუსეთსა და დასავლეთს შორის საქართველოს გამო წინააღმდეგობის შემცირების“ მავნებლური კონცეფციის ცხოვრებაში გატარებაში. ჩვენ არაერთგზის გავაფრთხილეთ დღევანდელი მთავრობა, რომ რუსეთის ფედერაცია გამოიყენებდა სოჭის ოლიმპიადას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად. მიუხედავად ამისა, მოსვლის დღიდან „ქართული ოცნება“ დაკავებულია საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის დაქვეითებით. ცივილიზებული სამყაროს პრაქტიკულად ყველა ლიდერმა მიიღო სოჭის ოლიმპიადაზე არჩასვლის გადაწყვეტილება – სოჭის ოლიმპიადის პოლიტიკურ დონეზე ბოიკოტი უკვე შემდგარი ფაქტია. სწორედ საქართველოს დღევანდელი მთავრობის მცდარი და უაღრესად საზიანო საქმიანობის შედეგია ის, რომ ოლიმპიადაზე არჩასვლის მიზეზებს შორის დასავლეთის ლიდერები არ ასახელებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას”, – აცხადებენ პარტიაში.

 

მაია ფანჯიკიძის თქმით კი, ქართული მხარე ამ საკითხს ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდზე დააყენებს:

 

“ეს არის ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რომელიც განიხილება ჟენევაში. შემდეგი დისკუსია იქნება სწორედ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ და თუ ეს [მდგომარეობა] შენარჩუნდა, მაშინ ჩვენი რეაქცია, რასაკვირველია, იქნება ძალიან მწვავე. რეაქცია ახლაც მწვავეა, რადგან ასეთი სახის ნებისმიერი დარღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა და, შესაბამისად, საჭიროა მკაცრი რეაგირება”, – აცხადებს ფანჯიკიძე.

 

 

ნაცმოძრაობის განცხადებით კი, ეს რეალობა შეიძლება შეფასდეს როგორც ამჟამინდელი მთავრობის საგარეო პოლიტიკური კრახი.

 

“მეტიც, რუსეთ-დასავლეთის ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში სახეზეა საქართველოს საკითხის თანდათანობითი დაქვეითება, რამაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს”.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში “სასაზღვრო ზოლი” რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ დროებით იცვლება, რუსულმა და აფხაზურმა მედიამ გაავრცელეს. აღნიშნული ინფორმაციით, ეს მდგომარეობა 20 მარტის ჩათვლით იარსებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი