ნეტგაზეთი | გაწვევა ჯარში – ტრანსგენდერ ქალს სქესის შესახებ ჩანაწერი პრობლემებს უქმნის გაწვევა ჯარში – ტრანსგენდერ ქალს სქესის შესახებ ჩანაწერი პრობლემებს უქმნის – Netgazeti
Batumelebi | RU

გაწვევა ჯარში – ტრანსგენდერ ქალს სქესის შესახებ ჩანაწერი პრობლემებს უქმნის

ტრანსგენდერ ქალს, მონიკა თიგიშვილს ჯარში გაწვევის უწყება მიუვიდა. მონიკა ამბობს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესთან შესაბამისი ჩანაწერი რომ ჰქონდეს მითითებული, ამ პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდებოდა.

მონიკა თიგიშვლმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ გაწვევა მიუვიდა, გამოცხადდა გამგეობაში მოქმედ გამწვევ კომისიაში, შემდეგ კი- კომისარიატში. მონიკა თიგიშვილი ამბობს, რომ კომისარიატში გაიარა შესაბამისი პროცედურები და შეთახმდნენიმის თაობაზე, რომ არ გაეწვიათ.

“ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ არ წავსულიყავი ჯარში. ეს იქნებოდა გარკვეულწილად პრობლემა ჩემთვის და იქ მყოფი ახალგაზრდებისთვის. ჯერ არავის ახსოვს, რომ ღიად ტრანსგენდერი ქალი ყოფილიყოს ჯარის მსახური”, – გვითხრა მონიკა თიგიშვილმა.

22 წლის მონიკა თიგიშვილი ამბობს, რომ მან ეს პრობლემა დროებით მოაგვარა, რადგან ასეთივე პროცედურების გავლა 3 წლის შემდეგაც მოუწევს, რადგან გაწვევა 3 წლით გადაუვადეს. ანალოგიური პრობლემის წინაშე იგი სამი წლის წინაც აღმოჩნდა. მაშინაც გაწვევა 3 წლით იმ  მიზეზით გადაუვადეს, რომ მის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერი თავის სქესს არ ემთხვევა.

“ეს პრობლემა დროებით მოგვარდა. სანამ 27 წელი არ შემისრულდება, ან კიდევ სქესის გრაფაში არ ჩაიწერება შესაბამისი სიტყვა, აქამდე მექნება ეს პრობლემა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ მომიწევს მსგავს უხერხულ სიტუაციებში ყოფნა”, – გვითხრა მონიკა თიგიშვილმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერით განაცხადა, რომ სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლაზე რეფორმას არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვენ.

“ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები, გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის ადამიანები, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, გავატარო მამაკაცად”, – განაცხადა წულუკიანმა.

ის, რომ ტრანსგენდერ ქალებს სქესის შესახებ შესაბამისი ჩანაწერი არ აქვთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, პრობლემას უქმნის არა მხოლოდ გამწვევ კომისიებში, არამედ დასაქმებისა და მომსახურების ყველა სფეროში, სადაც შესაძლოა დასჭირდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.

ამიტომაც, ტრანსგენდერი ადამიანები და მათი მხარდამჭერები ითხოვენ იუსტიციის სამინისტროსგან, რომ აღმოფხვრას პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სქესის შესახებ ჩანაწერის შესაცვლელად სთხოვენ ძვირადღირებულ ოპერაციებს, რაც ზოგიერთი ადამიანისთვის არაა სასურველი და ასევე ძვირადღირებულია.

ამ საკითხზე არაერთი აქცია გამართულა ლგბტქი და ქალთა უფლებებს აქტივისტების მონაწილეობით.


ნახეთ, რას ნიშნავს პირადობის მოწმობებში სქესის ჩანაწერის შეცვლა და როგორ იტანჯებიან ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო უარს ეუბნება დოკუმენტებში სქესის შეცვლაზე:

კაცი ქალის პირადობის მოწმობით და პირიქით

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com