დღეს, 8 მარტს, თბილისის იუსტიციის სახლთან “ქალთა მოძრაობამ” აქცია “მე ვარ ქალი – აღიარე” გამართა. წელს ქალთა მოძრაობის აქტივისტების დღის წესრიგში ტრანსგენდერი ქალების საჭიროებები იყო.
აქციის ორგანიზატორებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ტრანსგენდერ ქალებს მწვავე პრობლემები აქვთ: ხშირად ესხმიან თავს და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, უმეტესობა განდევნილია საკუთარი ოჯახიდან, მათ თითქმის არ აქვთ დასაქმების პერსპექტივა, ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას სამართლდამცავებისაგან, ექიმებისა და სხვა იმ პროფესიის ადამიანებისაგან, რომლებიც ვალდებულნი არიან, დაეხმარონ მათ.
დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნა – პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის შესახებ ცვლილება, საჯარო რეესტრისა და იუსტიციის სამინისტროს მიმართ ჰქონდათ. შესაბამისად, შეარჩიეს აქციის გამართვის ადგილი იუსტიციის სახლთან.
აქციის მონაწილები ითხოვდნენ, რომ ტრანსგენდერი ქალების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლისთვის შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენა იყოს საკმარისი, რაც გულისხმობს გენდერული დისფორიის დიაგნოზს, მაგრამ არა სქესის კვლავ მინიჭების ოპერაციის ცნობას.
“ქალთა მოძრაობის” აქტივისტმა მარი კურტანიძემ “ნეტგაზეთს” უამბო, რომ იმის გამო, ტრასნსგენდერი ქალების სქესი არ შეესაბამება მათ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში დაფიქსირებულ ჩანაწერს, ყველგან: სამუშაო ადგილას, სხვადასხვა მომსახურების მიღებისას პრობლემები ექმნებათ.
“ჩვენ, ქალთა მოძრაობა ვიწყებთ ტრანსგენდერი ქალების საჭიროებებზე ხმამაღლა საუბარს. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, რადგან ეს ჩვენს დღის წესრიგში უკვე გაჩნდა, გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას, მივყვებით ბოლომდე”, – ამბობს მარი კურტანიძე.
იუსტიციის სახლთან მობილიზებული იყო პოლიცია, რადგან რამდენიმე ადამიანმა კონტრაქცია გამართეს, რომლებმაც აქციის მონაწილეების მიმართ კვერცხები ისროლეს. ისინი ჰომოფობიური შინაარსის რეპლიკებს ამბობდნენ. აქციები მშვიდობიანად დასრულდა.