„ქართული ოცნების“ წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, კინოთეატრში არ შეუშვებენ არასრულწლოვანს, თუ იქ ისეთი ფილმის ჩვენება იქნება, სადაც ერთნაირსქესიანთა ინტიმური სცენებია მოცემული.
ამის შესახებ მან დღეს, 4 სექტემბერს განაცხადა პარლამენტში ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს.
„ოცნება“ ამტკიცებს, რომ ჰომოფობიურის საკანონმდებლო პაკეტის მიზანი ქალისა და კაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვაა.
პარლამენტში განხილვას ოპოზიციიდან მხოლოდ „გირჩის“ წევრები ესწრებოდნენ. „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა მომხსენებელს, თენგიზ შარმანაშვილს, ჰკითხა რა შინაარსს დებენ კანონში „არასრულწლოვანის დაცვაში“ კონკრეტულად რა იგულისხმება.
“რაც შეეხება არასრულწლოვანთა დაცვას, კანონში არ იკითხებაო… იმდენ მუხლს მოგიტანთ, სადაც პროპაგანდისგან არასრულწლოვანთა დაცვაზე არის საუბარი… მაგალითად, კინოთეატრში, სადაც გადის ისეთი ტიპის ფილმი, სადაც ერთნაირსქესიანთა ინტიმური ურთიერთობებია აღწერილი, იქ არასრულწლოვანს არ შეუშვებენ, არის ამ კანონში. მთელი კანონი ეძღვნება ამას“ – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
როგორც მოგვიანებით ნეტგაზეთს თენგიზ შარმანაშვილმა განუცხადა, არასრულწლოვანების შესვლის საკითხს კინოთეატრების ადმინისტრაცია დაარეგულირებს. მისივე თქმით, ეს კანონი არ ვრცელდება ისეთ ფილმებზე, სადაც ჰეტერო წყვილების ინტიმური სცენებია.
ამასთან, თენგიზ შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ეს რეგულაციები არ შეეხებათ ინტერნეტში განთავსებულ ფილმებს.
„ინტერნეტს არ ვარეგულირებთ, რადგან ეს შეუძლებელი იყო და შეუძლებელ რამეს აღარ შევეჭიდეთ. იმიტომ, რომ ჩვენ ცენზურას არ დავაწესებდით ინტერნეტზე, არ მინდა იმ ქვეყნების ჩამოთვლა [სადაც ინტერნეტზე ცენზურაა], იქ ხომ არ ვართ. ამიტომ ინტერნეტი ამ ნაწილში რეგულაციის გარეშე დარჩა ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, რადგან თითქმის შეუძლებელია ამის გაკეთება“, – განუცხადა ნეტგაზეთს თენგიზ შარმანაშვილმა.
ფილმებთან დაკავშირებით კიდევ ერთი კითხვა დასვა „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომაც. მან იკითხა, როგორც უნდა აიცილოს თავიდან ტელევიზიამ კანონდარღვევა და „არ გაეპაროს“ ეთერში ისეთი სექსუალური ხასიათის კონტენტი, რომლის აკრძალვაც ამ კანონით სურთ.
„მეხრე მუხლში საუბარია ინფორმაციის გავრცელებაზე, ინცესტის თუ ერთნაირსქესიანი პირების სექსუალური კონტაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელებაზე, მათ შორის ტელევიზიით. მე მაინტერესებს, როგორ მოხდება ამის აღსრულება? მაგალითად, ირანში არის პრაქტიკა, რომ რაღაც სექსუალურ სცენებს ამოჭრიან ხოლმე ფილმიდან, ასევე პრაქტიკა არის ირანში, რომ შავ კუბიკებს ადებენ ხოლმე ცენზურად. მგონი კანონი ასევე უნდა მიუთითებდეს ტელევიზიების მფლობელებს თუ როგორ აირიდონ თავი ამ თქვენი კანონის დარღვევისგან“, – იკითხა ჰერმან საბომ.
პასუხად თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს მეთოდოლოგია ასეთი ინტიმური სცენის ან ამოჭრის ან შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მისი დამუშავების.
„თუ თქვენ ვერ განჭვრეტდით, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო, მაგალითად, პირდაპირ ეთერში ჩართული და უცებ რაღაც მსგავსი პოპულარიზაციის პოსტულატების საუბარი დავიწყე, რა თქმა უნდა, ტელევიზია ამაზე პასუხს არ აგებს და არანაირი პრობლემა არ შეექმნება, რადგან ეს პირდაპირი ეთერი იყო და მას არ დაუგეგმავს…
არსებობს მეთოდოლოგია ასეთი ინტიმური სცენის ან ამოჭრის, ან კიდევ შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მისი დამუშავების. აქ თვითონ ინტიმურ სცენებზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, ფილმის შინაარსი არ შეიცვლება, უბრალოდ, ის სცენა, რომელიც არის… ეს პრაქტიკა ნაცნობია, თქვენ აშშ-ში გინახავთ ფილმები, ღამის 11 საათამდე რაც გადის ღია ეთერში, ეს სცენები ამოჭრილია ან დაფარულია. ღამის 11 საათის მერე თუ გაუშვებენ იმავე ფილმს, ცოტა სხვა სახით არის წარმოდგენილი. ანუ ამის ტექნიკური საშუალებები არსებობს და ტელევიზიებმა ეს უნდა გააკეთონ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შარმანაშვილის პასუხად ჰერმან საბომ განაცხადა, რომ ამერიკაში ფილმებს არ აცენზურებენ.
„ამერიკაში ეგრე არ ხდება, იქ არის ფილმების შეფასების სააგენტო, რომელიც ფილმებს ანიჭებს სხვადასხვა რეიტინგს და შემდეგ ამ რეიტინგის მიხედვით შეგიძლია სხვადასხვა დროს გაუშვა. იქ ცენზურა და ვიღაცის სექსის სცენის ამოჭრა არ ხდება. ამერიკაში არ არის, რომ რამეს შავი კვადრატი დაადო ან ამოჭრა, თუ რამე ფილმში შეუსაბამო სცენებია, ის გადის 10 საათის შემდეგ. როგორც მივხვდი, ტელევიზიებს ექნებათ ვალდებულება სექსის სცენები ან ამოჭრან ან შავი კვადრატები დაადონ. გილოცავთ, ძალიან მაგარი იქნება შავი კვადრატებით ფილმების ყურება“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
პასუხად თენგიზ შარმანაშვილმა ისევ განაცხადა, რომ ინტიმური სცენები, რომელიც სხვადასხვა სქესის ურთიერთობას ასახავს, ამოჭრილი იქნება.
„მე მინახავს აშშ-ში ფილმები, როდესაც ქალის მკერდი დაფარულია ტექნიკური საშუალებით, როცა ის დღისით გადის. იგივე ფილმი ღამის 11 საათის მერე რომ ჩართოთ იმავე არხზე, იქ ქალის შიშველი სხეული სრულად არის წარმოდგენილი. ეს მაგალითი იმისთვის კი არ მოვიყვანე, რომ აშშ-ში ცენზურააო მეთქვა, მე ვამბობ, რომ ასეთი ტიპის რეგულაციები არსებობს და ამის ტექნიკური საშუალებებიც არსებობს.
ასე, რომ ჩვენ ვთქვით, რომ ასეთი ინტიმური სცენები, რომელიც სხვადასხვა სქესის ურთიერთობას ასახავს, თვითონ სცენა იქნება ან ამოჭრილი ან რეტუშირებული თუ რაც ჰქვია“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მაუწყებლები ვალდებულებები არიან უზრუნველყონ არასრულწლოვანთა დაცვა მავნე ზეგავლენისაგან, განახორციელონ
მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვაზე კონტროლი. ასევე „აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას“.
დღეს, 4 აგვისტოს, პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს. საკანონმდებლო პაკეტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.
„ოცნება“ ამტკიცებს, რომ ჰომოფობიურის საკანონმდებლო პაკეტის მიზანი ქალისა და კაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვაა.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი არის „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებების გაგრძელება, რომლითაც მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ლგბტ პროპაგანდას“ ებრძვის, რეალურად კი ლგბტ თემს უფლებებს უზღუდავს, ასევე -აწესებს ცენზურას. აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ, რომელიც აღნიშნავს, რომ ცვლილებები გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ.