საზოგადოება

პარლამენტმა I მოსმენით მიიღო ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებები

27 ივნისი, 2024 •
პარლამენტმა I მოსმენით მიიღო ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებები

პარლამენტმა პირველი მოსმენით 78 ხმით მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი არის „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებების გაგრძელება, რომლითაც მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ლგბტ პროპაგანდას“ ებრძვის, რეალურად კი ლგბტ თემს უფლებებს უზღუდავს, ასევე -აწესებს ცენზურას. აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ, რომელიც აღნიშნავს, რომ ცვლილბები გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ.

26 ივნისს პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ და კონსტიტუციური ცვლილების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრებს სახალხო განხილვის შედეგები წარუდგინა. პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის პასუხად განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის შეფასებები აცდენილია საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს. მისივე თქმით, რიგ შემთხვევებში ვენეციის კომისიის შეფასებები „არ ეფუძნება სამართლებრივ მოსაზრებებს, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ კონიუნქტურას, რომელიც შეიძლება, არსებობდეს ამა თუ იმ ქვეყანაში“.

„გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ“ — ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებზე

საკონსტიტუციო ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით 26 ივნისს პლენარულ სხდომაზე განიხილეს.  თუმცა განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს, გარდა პარტია „გირჩის“ წარმომადგენლებისა. სწორედ ამ მიზეზით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კენჭისყრის მომდევნო დღეს გადადება მოითხოვა. მისი თქმით, ამით ოპოზიციას აძლევდნენ 1 დღეს, რათა თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შინაარსს, ის მოიცავს ერთ ძირითად და 18 გამომდინარე კანონპროექტს, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, მათ შორის – სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსსა და ა.შ.

მმართველი გუნდში ამტკიცებენ, რომ თითქოსდა არსებობს რაიმე დისკუსია ქორწინების ალტერნატიული ფორმების შემოღების შესახებ, რის გამოც კანონპროექტით დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრაცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება — ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და კაცს შორის.

ასევე ცვლილებებით აეკრძალებათ არასრულწლოვანის შვილად აყვანა მათ, ვინც თავს საკუთარი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები, მათ შორის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა – მარტოხელა პირებსაც.

კანონპროექტით ასევე აიკრძალება სქესის შეცვლის ოპერაცია ან რაიმე სახის სხვა სამედიცინო მანიპულაცია და აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ საბუთში ადამიანისთვის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.

მმართველი პარტიის საკანონმდებლო ცვლილებებით, დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში „ლგბტ პროპაგანდის“ წარმოება, მაუწყებლებს კი აეკრძალებათ ლგბტ ადამიანების ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ეთერში გაშვება:

კიდევ ერთი აკრძალვა ეხება შეკრებისა და მანიფესტაციის საკითხს. კერძოდ, კანონპროექტი კრძალავს საჯარო შეკრებას ან მანიფესტაციას, რომელიც, მისი თქმით, მიმართულია „ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იგივე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

ამასთან, კანონპროექტით შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო სამართლებრივ დაწესებულებებში, ისე საჯარო დაწესებულებებში, ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული „ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს შრომის კოდექსში 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ დაწესებას და უქმედ გამოცხადებასაც.


25 მარტს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიციირებენ, სადაც „მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები“. თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ მმართველ უმრავლესობას, მის მიმართ ლოიალურად განწყობილ „ევროპელ სოციალისტებთან“ ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო (113 ხმა) არ აქვს.

არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.

მსოფლიოს არაერთ წერტილში, მათ შორის აშშ-ში, ამ თემით მანიპულირებს მრავალი ულტრაკონსერვატიული ჯგუფი, თუმცა — მყარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ ან წარსულში ამტკიცებდნენ, რომ გარკვეულ “თერაპიებს” ლგბტ ადამიანების ორიენტაციის ან იდენტობის შეცვლა ძალუძთ. არაერთმა ასეთმა ფსევდოთერაპევტმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა მავნე და საშიში პრაქტიკის გამოყენებისთვის, ზოგიერთი კი იმაშიც გამოტყდა, რომ თავად გეია.

ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი