კაცი ქალის პირადობის მოწმობით და პირიქით

[ელენე ხაჭაპურიძე, დათო ქოქოშვილი, კონსტანტინ სტალინსკი]
17.05.2016
პროექტი "უჩინარები", ნეტგაზეთი

თუ პოლიციელი ხართ და 27 წლის ალექსის ქუჩაში გააჩერებთ, პირადობის მოწმობას ვერ გაჩვენებთ. თუ დამსაქმებელი ხართ და კონტრაქტის გასაფორმებლად მას დოკუმენტებს მოსთხოვთ, ვერ მოგიტანთ. ალექსი კაცია, ქალის საბუთებით, სახელმწიფო კი მას პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლაზე უარს ეუბნება.

სახელი - ალექსი;
სქესი -მდედრობითი

ფოტო: Female Human, სალომე საღარაძე, © WISG

დაახლოებით ერთი წლის წინ წამოწყებული სამართლებრივი დავა დამასრულებელი ოპერაციის გარეშე საბუთებში სქესის შეცვლასთან დაკავშირებით უარით დასრულდა. თურმე ID ბარათში ბიოლოგიური სქესი აღინიშნება და გენდერულ იდენტობასთან ეს კავშირში არაა. რჩევად სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება მივიღე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიცვლება ჩემს დოკუმენტებში სქესის გრაფა. საქართველოში არსებული პრაქტიკა ასეთია, ადამიანი იტარებს დამასრულებელ ოპერაციას, სამედიცინო დასკვნაში წერენ, რომ ყველა ოპერაცია ჩატარებული აქვს და შემდეგ იცვლება საბუთები. გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ და იმედია, სასამართლოს ზედა ინსტანციებში შევძლებ გამარჯვებას.

ღმერთმა არ ქნას, მაგრამ, ვთქვათ, რაღაც დავაშევე და დამიჭირეს, სად უნდა გამანაწილოს პოლიციამ, რომელ განყოფილებაში, რომელ კოლონიაში? სავარაუდოდ, ქალთა კოლონიაში გამიშვებენ. რამდენჯერმე საპატრულო პოლიციამ გამაჩერა, პირადობა მომთხოვა, ვაჩვენე, დიდხანს მიყურეს, ერთხელ განყოფილებაშიც წამიყვანეს, საათნახევარი მათვალიერეს და გამომიშვეს. აღარც დამაქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

არჩევნებში მონაწილეობა ერთადერთხელ მივიღე, როდესაც ჯარში ვმსახურობდი. 2012 წელსაც ვიყავი საარჩევნო უბანზე მისული, როდესაც ჩემი საბუთები კომისიის წევრს ვაჩვენე, მითხრა, რომ ეს არ არის ჩემი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. არაფერი ამიხსნია, მოვტრიალდი და წამოვედი. ამჟამად არც ბანკში მაქვს ანგარიში, მაგრამ მქონდა. ასევე ჯარში მსახურობის დროს, სახელმწიფო სტრუქტურებში ავტომატურად აკეთებენ სახელფასო ბარათს ისე, რომ პიროვნების ფიზიკურ ყოფნას არც საჭიროებს, ამიტომ პრობლემა არ შემქმნია. მაგრამ რაც ჯარიდან წამოვედი, ამ სერვისითაც ვერ ვსარგებლობ. ასეთ წვრილმანებს აღარ დავეძებ, წარმოიდგინეთ, მე საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტითაც ვერ ვსარგებლობ. როდესაც ჯანდაცვის სამინისტროში საბუთი წარვადგინე, მითხრეს, ეს თქვენ არ ხართ, ამაზე შემიძლია დაგიჭიროო. გამეცინა, ჩავიდე პირადობა და წავედი. ჯანმრთელობის პრობლემა რომ შემექმნას, ვერანაირად ვერ მივმართავ ექიმს, ან თანხა უნდა მქონდეს. ერთადერთი, რაზეც თურმე ადამიანი უნდა ოცნებობდეს, ხანდახან ავად არ გახდეს.

საქართველოდან წასვლა მინდა. ესაა ყოველდღიური ფიქრი. აქ არაფერი არ იცვლება და არც შეიცვლება, ყოველ შემთვევაში, მე ვერ მოვესწრები. შვილები და შვილიშვილები თუ მეყოლება, ისინი შეიძლება მოესწრონ. ყველაფერი კარგად იქნებოდა, საბუთები რომ მქონდეს, ქირით არ ვცხოვრობდე და ნორმალური სამსახური მქონდეს. იმის გამო, რომ დამსაქმებელთან საბუთებს ვერ წარვადგენ, იძულებული ვარ, დაბალანაზღაურებად სამუშაოს დავთანხმდე. 300 ლარით რა უნდა შევაგროვო, ან უსაბუთოდ რა უნდა ვაკეთო მთელი ცხოვრება?! მაგას ჯობია წავიდე. მირჩევნია რომელიმე პარლამენტარი ან ხელისუფალი გამოვიდეს და თქვას, რომ არ მინდა ეს ხალხი საქართველოში, გაუშვით, ოფიციალურად თქვან. ეს თავშესაფრის მოთხოვნის საშუალებას მაინც მომცემს. ესეც ხომ საქმეა. ჩემ მიერ მოძიებული ინფორმაციით, პირდაპირ საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნა შესაძლებელი არაა. საზღვარი უნდა გადაკვეთო. ჩემი საბუთებით საზღვარს ვერ გადავკვეთ. ტრანზიციამდე გადავკვეთე ერთხელ, მაშინ ბავშვი ვიყავი და ბაქოში წავედი სტუმრად. ჩემი პირადობით რომ დავდგე საზღვარზე, სისულელეა. ისიც საკითხავია, საელჩო თუ მომცემს ვიზას, ჩაწერილი არსად არ ვარ, ოფიციალური სამსახური არ მაქვს, რომ შევძლო და ტურისტული ვიზა ავიღო. მირჩევნია, საქართველომ თქვას, რომ ამ კატეგორიის ხალხი არ სჭირდება და ოფიციალური განაცხადის საფუძველზე შემეძლება მივმართო იმ ქვეყნის საელჩოს, რომელიც ღიაა ლგბტ თემისთვის და აძლევს თავშესაფარს. მივმართავ და წავალ.

2012 წელსაც ვიყავი საარჩევნო უბანზე მისული, როდესაც ჩემი საბუთები კომისიის წევრს ვაჩვენე, მითხრა, რომ ეს არ არის ჩემი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

—ალექსი

თვითნებური ჰორმონალური თერაპია

ილუსტრაცია: ანუკა ბელუგას ნახატი

სამნახევარი წელია, რაც ტრანზიცია დავიწყე და ჰორმონალურ პრეპარატებს ვიღებ. სანამ ტრანზიციის პერიოდს დავიწყებდი, ისედაც ბიჭს ვგავდი, გრძელი თმა და კაბა რომ მეტარებინა, იტყოდით, რომ კაცს ქალის ტანსაცმელი აცვია.

ჰორმონალური პრეპარატი, რომელსაც ვიღებ, ერთი ამპულა 14 ლარი ღირს, თვეში ორი ამპულა მჭირდება. წამალი განწყობაზე მოქმედებს. სიმშვიდის შენარჩუნება ყოველდღიური და ყოველწამიერი შრომაა. პრეპარატის მიღებას თან სდევს საშინელი თავის ტკივილი, იმ დონემდე საშინელი, რომ ხშირად მიფიქრია, კედელს შევჯახებოდი. თავისი ფაზა აქვს, საათნახევრიანი, თავისით სანამ არ გაივლის, ტკივილგმაყუჩებელი არ შველის. ყოველდღიური და სტაბილურია ეს ტკივილები.

ჰორმონების მიღება თვითნებურად, ექიმის მეთვალყურეობის გარეში დავიწყე. თავად დავიანგარიშე მიღების დოზა, ის, რომ ჯანმრთელობა არ დამეზიანებინა და ეფექტიც არ დამეკარგა. როგორც პრეპარატის ანოტაციაში და სამედიცინო წიგნებში წავიკითხე, შეცდომის შემთხვევაში თირკმელები და ღვიძლი ზიანდება. პირველი სამი თვის მანძილზე ტკივილები გეწყება და გამონაყარი გიჩნდება. რადგანაც ეს სიმპტომები არ გამოვლინდა, კურსი გავაგრძელე. რეცეპტს ნაცნობობით ვშოულობ.

ენდოკრინოლოგთან როდესაც მიდიხარ და ეუბნები, რომ ტრანზიციის დაწყება გინდა, ყველა გეუბნება, რომ რეცეპტს ვერ დაგიწერს, რომ ამ პროცესს დაკვირვება და უამრავი ანალიზი სჭირდება. ასეთ პაციენტს ხელს არ კიდებენ- არ რისკავენ, თუ არ სურთ, არ ვიცი. ამ საკითხზე პასუხი არ მაქვს. ჩემ ირგვლივ ყველა თვითნებურად გადის ტრანზიციის პროცესს. ექიმი, რომელიც მკურნალობას დაუნიშნავს, არავის ჰყავს.

იმისათვის, რომ ოპერაცია გაიკეთო, “ჭეშმარიტი ტრანსგენდერის საბუთია” საჭირო. მეც მაქვს ასეთი საბუთი, მის მიღებაში ის ორგანიზაცია დამეხმარა, რომლის წევრიც ვარ და ყველა საჭირო ხარჯი აანაზღაურა. სულ მცირე ექვსთვიანი დაკვირვების კურსი უნდა გაიარო ფსიქოლოგ- სექსოლოგთან, რომელიც ერთსაათიან საუბარს გულისხმობს. ჰორმონალური ანალიზებია საჭირო, ქრომოსომების დათვლა. ჯამში, 1100 ლარი დაჯდა ცნობის მიღება.

მამოპლასტიკა 8 წლის წინ ჩავიტარე. მაშინ ეს საბუთი არ მქონდა, მაგრამ დიაგნოზში კვანძების არსებობა ჩამიწერეს, თითქოს მაგის გამო ჩამიტარდა ოპერაცია და არა როგორც ტრანსგენდერს. ოპერაცია 2 500 ლარი დაჯდა, ჯარში ვმსახურობდი და ეს თანხა მქონდა. ყველა მამოპლასტიკა არ არის ისეთი ლამაზი, როგორიც გვინდა, მაგრამ კმაყოფილი ვარ. რამდენიმე ნაიარევი დამრჩა. მეგობრებსაც უკითხავთ ამ იარების შესახებ და სხვადასხვა ისტორიას ვიფიქრებდი. ახლა მხოლოდ ერთ ისტორიას ვყვები, ვიდრე ტატუთი არ დავფარავ.

დამასრულებელი ოპერაციის გაკეთებას ვგეგმავ, ოღონდ საქართველოში არ გავიკეთებ. ჰორმონალური თერაპიის გამო ბევრი რამ შეიცვალა, დღეს უფრო მარტივი ოპერაცია მჭირდება, ვიდრე სრულად სქესის შეცვლა. თუმცა საქართველოში ექიმებმა ჩემს ორგანიზმს კარგად ვერ გაუგეს. დარჩენილია ნიუანსები, რაც ოპერაციის დასაბოლოებლად მჭირდება, მაგალითად, საშარდე მილის გადატანა, მაგრამ საქართველოში ვისაც ვკითხე, ხელს ვერავინ ჰკიდებს. ექიმებმა ჯერ ვერ გაიაზრეს, ეს როგორ უნდა მოხდეს. შეიძლება რაღაც მარტივი საქმე ისე გამირთულონ, რომ აზრი აღარ ჰქონდეს. საშვილოსნოს და საკვერცხეების ამოჭრა დამჭირდება, რაც 4000 ლარი ღირს.

ევროპაში დამასრულებელი ოპერაციის ჩატარება 200 000 ღირს, ჩვენთან- 60 000. ვეძებ ისეთ ქვეყანას, რომელიც ლგბტ ადამიანებისადმი არა მხოლოდ მიმღებელი უნდა იყოს, ასევე სადაზღვეო პაკეტით სქესის შეცვლის ოპერაციის ხარჯებს ანაზღაურებდეს. ასეთი ქვეყანაა შვეიცარია, რომელიც ამ ოპერაციას აფინანსებს, მათ შორის- სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც. შვეიცარიამდე ჩასვლა ერთი ადამიანისთვის 3000 ევრო ჯდება. ყოველთვის ვამბობ, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ მიზნის მისაღწევად, ამჟამად ინფორმაციას ვაგროვებ ორგანოების დონორობაზე, თუნდაც ამ ფასად ეს ოპერაცია უნდა გავიკეთო, მიღირს. ეს შინაგან კომფორტთანაა დაკავშირებული. თუ დისკომფორტი გაქვს, მთელი ცხოვრება ეიფორიაში იქნები, დაიტანჯები. რატომ უნდა დავიტანჯო? ერთხელ ვიბადები, ერთხელ ვცხოვრობ, რეინკარნაციის იმედად ნამდვილად ვერ ვიქნები. თან ხარ და თან არ ხარ, საკუთარი თავისთვის ხარ, მაგრამ სხვისთვის არ ხარ. ინტერნეტი უფრო ხელშესახებია, ვიდრე ჩემი არსებობა. მხოლოდ არსებობაც არ მინდა. მინდა ვიცხოვრო. სქესის შეცვლის ოპერაციის შემდეგ სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება, მაქსიმუმ 50-60 წელი ვიცხოვრო. ნახევარი უკვე გავლილი მაქვს, ამიტომ ბევრი დრო აღარ მაქვს.

ტრანსგენდერ ადამიანებთან ვმეგობრობ, ყველანი ორგანიზაციაში ვირიცხებით და ერთმანეთს ხშირად ვხედავთ. აბსოლუტურად ყველა დეპრესიული, დათრგუნული და დაღლილია, პატარა ასაკი არავის გვაქვს, იმაზე ვფიქრობდეთ, რომ ცხოვრებას ახლა ვიწყებთ. ოპერაცია რომ არ დამჭირვებოდა, ამდენი პრობლემა რომ არ შემქმნოდა, ახლა, ამ ასაკში ვიტყოდი რომ ცხოვრებას ვიწყებ. კარგი ასაკია, ახლა უკეთესად ვიცი, რა და როგორ მინდა. მაგრამ როდესაც უყურებ, რომ ეს პრობლემა გადაჭრილი არ არის, დრო მასთან ჭიდილში მიდის. კარზე აკაკუნებ და არავინ აღებს, პასუხს არავინ გცემს. სახელმწიფოს არ ვაინტერესებთ. საკუთარ თავს ვკითხე, რაღა დამრჩა? ოპერაციაზე მჭირდება, ვთქვათ, 12 000 ლარი. სახელმწიფოს, რომელსაც აქვს 15 000- ლარიანი სადაზღვეო პაკეტი, ნუთუ არ შეუძლია დამიფინანსოს ეს ოპერაცია? რომ მოვრჩე, დავსრულდე. ჯანდაცვის სამინისტროში მიპასუხეს, რომ რადგან ეს არ არის გადაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ასეთ რამეს სახელმწიფო ვერ დააფინანსებს. როგორ არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?! ვინმე ჩაჯდეს ჩემს ტყავში და მითხრას, რომ არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

დედამ ერთ-ერთი შეკამათებისას დანა აიღო

ფოტო: Female Human, სალომე საღარაძე, © WISG

თბილისში დავიბადე. მამა არ მყავს, მამა საერთოდ არ მახსოვს. ქალთა ოჯახია. დედაჩემი და ბებიაჩემი. 3 წლის ასაკში, როდესაც გოგოს ტანსაცმელი უნდა ჩაეცვათ, კატეგორიული უარი განვაცხადე და ვთქვი, რომ ბიჭი ვარ და გოგოს ტანსაცმელს არ ჩავიცვამ. 90-იანი წლები ცოტა “ბნელი” პერიოდია, მაშინ ინფორმაციული ვაკუუმი იყო. სახლში “გამიტარეს”, რასაც ჰქვია. სადღაც 15 წლამდე არაფერს მეუბნებოდნენ, მერე და მერე, როდესაც უკვე ვაცნობიერებდი ჩემს ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას, ვხვდებოდი, რომ დისონანსი მაქვს. ბავშვობიდან ვგიჟდებოდი, მაბოდებდა, ისე მომწონდა ქალები. პირველი სიყვარული გოგო იყო, მაგრამ ამას ვერავის ვერ ვეუბნებოდი, ჩემთვის ვიყავი ჩაკეტილი. 16 წლის ასაკში ოჯახში კატეგორიულად განვაცხადე, რომ არ მინდა გოგო ვიყო და ოპერაცია უნდა გავიკეთო-მეთქი. მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. ისიც არ მახსოვს, ეს აზრი სართოდ რატომ მომივიდა. ჩემს ნათქვამს მართლა დიდი პრობლემები მოჰყვა, სახლიდან წამოვედი.

დედამ ერთ-ერთი შეკამათებისას დანა აიღო, როგორც გაგაჩინე, ისე მოგკლავო. წინააღმდეგობა არ გავუწიე, მაინტერესებდა, ბოლომდე თუ გამწირავდა. როცა მივხვდი, რომ შეეძლო მოვეკალი, თავს ვუშველე, მაგრამ მაინც მისი გამართლება დავიწყე, აფექტური მდგომარეობა დავარქვი ამ ყველაფერს. შვილი ვარ და ასე თუ ისე მაინც მიყვარს. ადამიანის სიყვარული შორიდანაც შეიძლება. მთავარია, გიყვარდეს. მირჩევნია შორიდან დავეხმარო და ვიცოდე, რომ კარგად არის, ვიდრე ახლოს ვიყო და მუდმივ სტრესში იყოს.

სახლიდან რომ წამოვედი სექტემბერი იყო, მარტამდე მომიწია ქუჩაში გათენება. ლესელიძეზე, ეკლესიასთან ვიძინებდი, ერთი-ორჯერ ლამის გავიყინე კიდევაც. წიგნები მქონდა ბლომად, სახლიდან წამოვიღე. წიგნი ერთადერთია რასაც ვერ დავშორდები. პუშკინი მიყვარს და პაულო კოელიო, ამ მწერალმა ბევრი რამ შეცვალა ჩემში, „ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტას” წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე დედაჩემისთვის მეთქვა, რომ ტრანსგენდერი კაცი ვარ და ვერასდროს ვიქნები ქალი. კიდევ ” გრაფი მონტე კრისტო” მიყვარს.

პროფესიული სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, ტურიზმის მენეჯმენტი. მაშინ ვფიქრობდი, რომ უმაღლესში ჩაბარებას ვერ გავწვდებოდი, ყოველთვის გრანტზე ვერ იფიქრებ. ვინაიდან ფეხზე მყარად არ ვიდექი, უმაღლესზე უარი ვთქვი. ნეიროქირურგობა იყო ჩემი ოცნება. ახლა საკუთარ სპორტდარბაზზე ვოცნებობ, რომ ვასწავლო. აღმოსავლური ორთაბრძოლა ჩემთვის ღრმა ფილოსოფიაა, განსაკუთრებით, ქართული ძირძველი ორთაბრძოლა ხრიდოლი და კუნგ ფუ. ეს ბოლო იაპონიის გამო მაინტერესებს, რადგან თავად იაპონიის ისტორია და კულტურა მიზიდავს ძალიან. ანიმეებიც მიყვარს, ბანალურია, მაგრამ ნარუტო მიყვარს არანორმალურად.

სახლიდან წამოსული დღის განმავლობაში ქუჩაში ვსწავლობდი. ეკლესიის ეზოში ვიბანდი ცივი წყლით და ტანსაცმელსაც იქ ვირეცხავდი. თურმე ყოფილა შესაძლებელი. ადამიანს სურვილი ჰქონდეს და, დამიჯერეთ, ყველაფერს შეძლებს. საკვებით მეგობრები მეხმარებოდნენ, სახლიდან ლამის ქვაბებით და ტაფებით მოჰქონდათ საჭმელი. მეგობრებს უთქვამთ, რომ მათთან გადავსულიყავი საცხოვრებლად, მაგრამ ვერავის ვერ შევაწუხებდი. როცა ვინმესთან მიდიხარ, მას მშობელი ჰყავს, და-ძმა ჰყავს. ზედმეტი თეფში უნდა დადონ და ვიღაცას უნდა მოაკლდეს. როდესაც ბავშვებს ცოტ-ცოტა მოაქვთ, ეს სხვა საქმეა, ერთი ოჯახის კისერზე ყოფნა მძიმეა, ამიტომ ვარჩი, ასე ვყოფილიყავი.

6 თვის შემდეგ მუშაობა დავიწყე. ბენზინგასამართ სადგურზე ჩამსხმელად ვმუშაობდი. ნახევარი წელი ვიმუშავე და სწავლის 3 წლის საფასური დავაგროვე- სულ 2 100 ლარი.. 24-საათიან ცვლაში 70-80 ლარს გამოვიმუშავებდი. ეს ხელფასი არ იყო, რასაც დაგიტოვებდნენ მანქანიდან, ის ფულია. ოფიციალურად ხელფასი საერთოდ არ მქონია. ავტოსამრეცხაოშიც ვმუშაობდი მინების მწმენდავად და შედეგად პატარა ბინაც ვიქირავე.

დედაჩემის შესახებ

ფოტო: კადრი პედრო ალმადოვარის ფილმიდან "ყველაფერი დედაჩემის შესახებ"

ყოველთვის მეცოდინება, დედაჩემი როგორ არის. როცა უჭირს, ფინანსურადაც ვეხმარები, მაგრამ ამის შესახებ არ იცის - ჰგონია, რომ მეგობრები ეხმარებიან. დედაჩემის მეგობრებისთვის უფრო მისაღები ვარ, ვიდრე თავად დედაჩემისთვის. მათთან ვმეგობრობ და ვერც ერთი ვერ იგებს, რატომ ვარ დედაჩემისთვის ამდენად მიუღებელი. ბებიასაც დედის მსგავსად მძაფრი რეაქცია ჰქონდა, მისთვისაც ყველაფერი განსაზღვრულია. წარმოუდგენელია, რომ ქალი შეიძლება იყოს კაცი და პირიქით, მაგას ეშმაკისეულს და არანორმალურს ეძახის.

რატომ ვეხმარები? ყველაზე დიდი საჩუქარი გამიკეთა - სიცოცხლე მაჩუქა. მგონი, ღირს, დასაფასებელია. როდესაც ადამიანებზე ვსაუბრობ ან ვფიქრობ, ვცდილობ მის ადგილას დავაყენო თავი, მე რას ვიზამდი მის ნაცვლად. შვილი რომ მეყოლება და მითხრას, რომ გეი ან ლესბოსელია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შემეშინდება, რადგან მე რა პრობლემებიც მხვდება, არ მინდა ჩემს შვილსაც იგივე პრობლემები შეხვდეს. რა თქმა უნდა, მივიღებ, მეტად დავიცავ და მეტ ყურადღებას მივაქცევ, რადგან ვიცი, რა სჭირდება ასეთ ადამიანს. მაგრამ ვინერვიულებ, რადგან ვიცი, როგორი ბრძოლაა საჭირო, როდესაც უმრავლესობას უმტკიცებ, რომ შენც ადამიანი ხარ და ცხოვრების უფლება გაქვს.

ექვსი თვის განმავლობაში ერთადერთხელ მოვიდნენ ჩემი ოჯახის წევრები. მთხოვეს, დაბრუნდიო. თუ მიმიღებთ ისეთს, როგორიც ვარ, მაგ შემთხვევაში დავბრუნდები-მეთქი, ცხოვრების დაწყება და ერთმანეთის გაცნობა ხელახლა მოგვიწევს-მეთქი, რაზეც კატგორიული უარი მივიღე. მას შემდეგ 11 წელი გავიდა.

ბავშვობაში ყველა ადამიანური კუთხით ვუყურებთ ერთმანეთს და არა სქესის ნიშნით

ფოტო: სიყვარული ყველა[ფერია], იდეის ავტორი: ანუკ ბელუგა, ფოტოგრაფი: Stray Cat , © WISG

90-იანებში ჩვენნაირებს ქალ-ბიჭას ეძახდნენ, ადამიანებისთვის ეს მისაღები იყო, მისაღები იყო, რომ ვჩხუბობდი, ფეხბურთს ვთამაშობდი, მანქანები და ხანჯლები მაინტერესებდა. ყოველთვის ბიჭებთან ვიყავი და არა გოგონებთან. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ სკოლის პერიოდში პრობლემები შემექმნა. უბრალოდ სხვაგვარად მხედავდნენ. მათთვის ქალ-ბიჭა ვიყავი. სკოლის პერიოდიდან ვერც წინააღმდეგობას და ვერც რაიმე ინცინდენტს გავიხსენებ. დღემდე ძალიან ბევრ, თითქმის ნახევარ კლასთან მაქვს ურთიერთობა. ყველა მეუბნება - შენსას მიაღწიე, როგორც იქნაო. მათგან აგრესია არასდროს მიგვრძნია, ერთად გავიზარდეთ და მაგიტომ - იციან, როგორი ადამიანი ვარ. ბავშვობაში ყველა ადამიანური კუთხით ვუყურებთ ერთმანეთს და არა სქესის ნიშნებით. დღეს ყველა მილოცავს, რომ ნახევარი გზა გავლილი მაქვს და ასე თუ ისე ვიბრძვი იმისთვის, რომ ვიცხოვრო.

აი, მასწავლებლები კი ჩაცმის და მოკლე ვარცხნილობის გამო მეჩხუბებოდნენ - რას გავხარ, შეხედე საკუთარ თავსო. ფორმას არასდროს ვიცვამდი, ყოველთვის სპორტული მეცვა. სამი მასწავლებელი იყო, ვისაც ამოჩემებული ვყავდი. ერთი კლასის დამრიგებელი, ორი სხვა მასწავლებელი. მეუბნებოდნენ, როგორც ქალს შეეფერება, ისე ჩაიცვი და მოიქეციო. მე ვეუბენებოდი, რომ არ ვარ ქალი და თავი დამანებე-მეთქი. მანდ მთავრდებოდა საუბარი. ეგონათ, რომ გარდატეხის ასაკის ბრალი იყო და გადამივლიდა. ვიცი, რომ მასწავლებლები ფარულად დედაჩემს ეკონტაქტებოდნენ. სახლშიც დაურეკავთ- შვილს, შვილიშვილს მიხედეთ, ნორამალურად ჩააცვითო. აქედან პასუხობდნენ, ვერ ვერევით და რა ვქნათ, გაიზრდება და გაუვლისო.

რატომ ვმეგობრობ ადამიანებთან, ვისთვისაც მიუღებელი ვარ

ფოტო: სიყვარული ყველა[ფერია], იდეის ავტორი: ანუკ ბელუგა, ფოტოგრაფი: Stray Cat , © WISG

ბავშვობის მეგობრები ცალკე მყავს, ვინც ყველაფერი იცის ჩემ შესახებ. მერე შეძენილები- ცალკე. ისინი შესაძლოა შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბავშვობის მეგობრებმა იციან, რომ ჩუმად უნდა იყვნენ. ახალშეძენლები კი, რაც თავიდან ნახეს და როგორც წარვუდგინე თავი, ისე მიცნობენ და ისე გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა.

უკვე აღარავის არაფერს ვეუბნები. ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და არ ვარ ვალდებული, ვინმეს რამე ავუხსნა. თანაც ეს წარსულია, რომელსაც არ ვაპირებ გავქექო. ასე თუ ისე მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია. ან რატომ უნდა დავკარგო ადამიანი, ან ტრავმა რატომ უნდა მივაყენო. თქვენ არ გინახავთ სახეები, როდესაც იუსტიციის სახლში მივედი, ელემენტარული პირადობის აღება მინდოდა, გოგონა დაიბნა, ისე დაიბნა, რომ ბოდიში მოიხადა, ადგა და გავიდა, სხვა ოპერატორი მოგემსახურებათო. მე ვერ დავადანაშაულებ ამ ადამიანს, ვერ ვიტყვი, რომ ის არაპროფესიონალურად მოიქცა, ან რამე მსგავსი. უცებ გააზრება სჭირდება, ვინ ზის შენ წინაშე და როგორ უნდა მიმართო. ზოგისთვის ეს იმხელა შოკია, რომ უცებ ვერ მოდის აზრზე და მას, რა თქმა უნდა, გავუგებ იმიტომ, რომ შეუძლებელია ადამიანს ვერ გაუგო.

თუ მეგობრებთან ერთად ტელევიზორს ვუყურებთ და ლგბტ ადამიანთა თემაზე მსჯელობენ, უკვე ვიცი მათი რეაქცია - ძირითადად აგრესიაა. იმის გამო, რომ არ მინდა დავანგრიო მეგობრობა, ძმაკაცობა, არაფერს ვამბობ. ვარ ჩემთვის ჩუმად. მათთვის ის ადამიანი ვარ, რომელიც უბრალოდ მათ გვერდში დგას. მეტი არაფერი.

შეიძლება ის ვერ ღებულობდეს ტრანსგენდერ ადამიანებს, რა ვქნათ? აი, რა ვქნათ? ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ვესაუბროთ. ვცდილობ ხოლმე აქტიურად არ ვისაუბრო, რადგან ეჭვები ჩნდება. ეს ძალიან რბილად უნდა გაკეთდეს, თვითონაც ვერ ხვდებოდეს, რომ აზრს იცვლის. უპერსპექტივო ადამიანი არ არსებობს. ზოგისთვის ჯერ ადრეა, მაგრამ შესაძლოა 10 წლის მერეც ადრე იყოს. ვერასოდეს ვერ გათვლი ადამიანის ზუსტ რეაქციას. შეიძლება უბრალოდ ადგეს, გავიდეს და ცივი წყალი დალიოს, აზრზე მოვიდეს, ყველაზე ცუდი, საკუთარ თავს დაუშალოს რამე, ან შენ. ყველაზე მძაფრი რეაქცია, რასაც წავაწყდი მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ მეგობარს ვუთხარი, რომ ტრანსგენდერი კაცი ვარ- უბრალოდ, ადგა და გავიდა და აღარ მინახავს. 17 მაისის მოვლენები დაემთხვა, გამწარებული აგინებდა ყველას და კარგი-მეთქი, გაჩერდი, და ვუთხარი.

ერთია, რომ მე ჩემს პრობლემაზე ვილაპარაკო, მეორეა, რომ შევძლო და სხვა ადამიანების თვალებით შევხედო ამ ყველაფერს. ზოგისთვის სრულიად მიუღებელია და მე ვერ ვაიძულებ ადამიანს, უნდა თუ არა მიმიღოს. მე შეიძლება შორიდან მივანიშნო ან ვკითხო, შესაძლო რეაქციას მივხვდე, ან ეტაპობრივად წლების მანძილზე შევამზადო. მყავს ისეთი მეგობრები, რომლებსაც ყველაფერი ვუამბე, მაგრამ 5 წელი ვამზადებდი ამისათვის. 5 წლის მანძილზე ეტაპობრივად ვეუბნებოდი, რომ ასე და ასეა, დისკუსიები გვქონდა. მახსოვს, ჩხუბამდე მიდიდოდა საქმე და ბოლოს ვუთხარი, მეც ასეთი ადამიანია ვარ, რას იტყვით? მაშინვე შეიცვალა ყველაფერი - მეკითხებოდნენ, როგორ? ამდენი წელია ვმეგობრობთო. ავუხსენი, რომ წლებია ვამზადებ იმისთვის, რომ მიმიღონ. დღეს ეს და-ძმა ჩემთვის ძალიან ახლო მეგობრები არიან. ბავშვობის მეგობრებივით.

ცოლი

ფოტო: სიყვარული ყველა[ფერია],
იდეის ავტორი: ანუკ ბელუგა, ფოტოგრაფი: Stray Cat , © WISG

ცოლი მყავს, მართალია, ოფიციალურად არა, მაგრამ ჩემთვის ჩემი ცოლია. სამ წელზე მეტია ერთად ვართ. სამუშაო ადგილზე გავიცანით ერთმანეთი და მას შემდეგ ერთად ვართ. ნახევარი წელი ვამზადებდი და შემდეგ ვუთხარი ყველაფერი. არანაირი რეაქცია არ ჰქონია. უბრალოდ თქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს. არც კი იცოდა საერთოდ ლგბტ თემის არსებობა. არც კი იცოდა, რომ ასეთი ხალხი არსებობს. არავითარი პრობლემა და კითხვა არ ჰქონია. სიყვარული დადგა პირველ ადგილზე. ადრეც მქონია ხანგრძლივი ურთიერთობები, ერთი წელი, ნახევარი წელი, 8 თვე და არც მათთან შემქმნია პრობლემები.

ჩემი ცოლის ოჯახს ვიცნობ, მათაც იციან ყველაფერი - დედამ, მამამ, და-ძმამ, ნათესავებმაც კი. დეილ კარნეგს აქვს ნათქვამი - თუ გინდა ადამიანს გააკეთებინო ის, რაც გსურს, ათქმევინე, რომ ეს სურს მას და არა შენ. ამ გზით ვურთიერთობ ადამიანებთან და ჭრის.

შვილის ყოლაზე გვიფიქრია და გვინდა კიდევაც. ხომ ამბობენ, რომ მშობელი ის კი არაა, ვინც შვა, არამედ ის, ვინც გაზარდა. როცა ზრდი, შენ მასში დებ სიყვარულს, ყველაფერს აბსოლუტურად, რაც კი გაგაჩნია. დროს, რაც ყველაზე ძვირადღირებულია.

ვიცი, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს და ჩემი ბიოლოგიური შვილის ყოლა შემიძლია, მაგრამ არ მინდა, ვერ აღვიქვამ, უბრალოდ, რომ ჩემი კვერცხუჯრედია. არ შემიძლია. საკუთარი თავის მუცლით წარმოდგენამ შეიძლება გამაგიჟოს. ოდესმე, საშუალება რომ გვექნება, ხელოვნური განაყოფიერების გზით გვეყოლება შვილი. დიდი სურვლი მაქვს ასევე, ბავშვი ვიშვილოთ. ბავშვისთვის შვებაა ოჯახი, მირჩევნია მას მივცე სითბო და სიყვრული, რაც აკლია. ერთი შვილი აუცილებლად გვეყოლობა ინვიტრო განაყოფიიერებით, რომ ჩემმა ცოლმა იგრძნოს, ბიოლოგიური შვილი რას ნიშნავს.

“სამსახურში არავინ იცის, რომ ტრანსგენდერი ვარ”

ფოტო: მაშა დრნდიჩი, 2014 წელს 17 მაისს გამართული ინსტალაცია "იხილავების პროტესტი".

დღეს მომსახურეობის სფეროში ვმუშაობ ბარმენად. ტომ კრუზის მონაწილეობით ფილმს ვუყურე და მაგით ვიყავი შთაგონებული. როცა ვიწყებდი, ცოტა იყო ბარმენობის მსურველი. ახლა მეტია. ერთი წლის მანძილზე კოლეჯში ვისწავლე და გამოცდების ჩაბარების შემდეგ ბარმენის სერტიფიკატი მივიღე. სასმელი საერთოდ არ მიყვარს, არც მთვრალი ადამიანები. რითაც მომწონს ჩემი სამუშაო, ადამიანების გაცნობის საშუალებას მაძლევს. თუნდაც იმით, რა სასმელს დალევს, ხვდები როგორი ადამიანია. იმაშიც კი არ ვცდები, “ჩაის” დატოვებს თუ არა.

ყველაზე დიდი 400 დოლარი დაუტოვებიათ, უცხოელი იყო. სიგარეტის კოლოფი მაჩუქა, მწვანე დანჰილი, გულში გავიფიქრე, რად მინდა-მეთქი ეს კოლოფი და დილით აღმოვაჩინე, რომ 400 დოლარი იდო.

უკვე 5 წელია ბარმენად ვმუშაობ, ოღონდ ერთ დაწესებულებაში არა, დაწესებულების ხშირად შეცვლა მიწევს. როდესაც დაჟინებით ითხოვენ საბუთებს, სამსახურის დატოვება მიწევს. სამსახურში არავინ იცის, რომ ტრანსგენდერი ვარ. დარწმუნებული ვარ, ეს რომ გაიგონ, ხელს შემიშლის. დამსაქმებელთან ახლო კონტაქტში არასდროს არ შევდივარ, ეს ჩემი პრინციპია. უფროსი უფროსია და მან მხოლოდ პროფესიული ნიშნები უნდა იცოდეს, დანარჩენი არა. არც თანამშრომლებისთვის მითქვამს რამე. ზედაპირული ურთიერთობები გვაქვს ყოველთვის.

ჩემი ცოლიც მომსახურეობის სფეროში მუშაობს და ხელფასის სახით ორივეს 300 ლარი გვაქვს, ჯამში. დღიური ანზღაურება 10 ლარია. ხალხი ჩემი ხელფასის ოდენობას რომ ხარჯავს ერთ შემოსვლაზე, ცუდად ვხდები. გვყოფნის ეს ფული ასე თუ ისე, 21 საათი ვმუშაობ უწყვეტად. დღეს, დილის 6 საათზე მოვედი სახლში, შესაბამისად, დამატებითი სამუშაოს აღებას ვერ ვახერხებ. ქირით ვცხოვრობ, 150 ლარს ვიხდი, დანარჩენი საარსებოდ უნდა ვიმყოფინოთ. მგზავრობა არ მჭირდება, ფეხით დავდივარ. რაღაცაზე ეკონომია უნდა გავაკეთო აუცილებლად. სამსახურში 21 საათის განმავლობაში ორჯერ გვაჭმევენ და სახლში აღარ ვჭამ.

4 წელი საკონტრაქტო ჯარში

ფოტო: ©epa

2007 წელს ჯარში განაცხადი რომ გავაკეთე, ტრანზიციის პერიოდი ჯერ დაწყებული არ მქონდა, ვიზულურად მოკლეთმიანი გოგონა ვიყავი. ჩვეულებრივად წარვადგინე საბუთები, ჩავაბარე ნორმატივები, გავიარე სამედიცინო გამოკვლევა, მიღების შემდეგ ღიად განვაცხადე, რომ ტრანსგენდერი კაცი ვარ. ჩაკეტილი სივრცეა და 24 საათს მანძილზე როდესაც ცხოვრობ ადამიანთან, სხვაგვარად შეუძლებელია - ვთქვი, ვისაც არ მოგწონთ, თუ შეიძლება მომერიდეთ-მეთქი, თუ არა- ჩხუბზეც არ მაქვს პრობლემა და ძალები მოვსინჯოთ-მეთქი. ხუმრობით მართლა ვსინჯავდით ყველანი ძალებს, დღეს მაშინდელ წაჭიდავებებს ასე ვუყურებ, გვიან აანალიზებ, როგორ იქცევა ადამიანი. ვჭიდაობდით ხშირად, ყველა მეუბნებოდა - აუ, მოგიგებ, რას ვერ მოგიგებ, რომ ვერ გამოსდიოდათ, მაშინ ამბობდნენ - ძმა ხარ, და ამით მთავრდებოდა.

იყო ადამიანი, რომელიც ვირთხასავით მოიქცა, მაგალითად, ჩემი ბატალიონის უფროსი. მაგის გამო არანორმალური გრაფიკით ვმუშაობდი, ზედმეტ დავალებებს მაძლევდა, ფაქტობრივად, უძილო რეჟიმში ვიყავი. 5-7 დღე არ მეძინა, რაც ჰოსპიტალიზაციით დამთავრდა - ფეხები გამეთიშა. ნახევარი წელიწადი სამხედრო ჰოსპიტალში გავატარე.

4 წელიწადი საკონტრაქტო ჯარში ვიყავი. ვიფიქრე სამხედრო სამსახურის გაგრძელებაზე, მაგრამ რომ გავაანალიზე, მივხვდი, რომ ამ პირობებში ვეღარ გავაგრძელებდი. მანამდე ვფიქრობდი, რომ 10 წელი დავრჩებოდი. უფროსობამ შეამჩნია კაპიტნის დამოკიდებულება და წერილობითი გაფრთხილებით დასაჯეს. ეს დასჯის საშუალო დონეა, შემდეგ მაიორის კურსებზე გაგზავნეს, დაახლოებით 3-6 თვის მანძილზე ჩემთან შეხება არ ექნებოდა, მაგრამ რომ გამეგრძელებინა, რა თქმა უნდა, ისევ დაბრუნდებოდა.

საოფიცრე კურსებზეც დამბლოკეს. თუ მანამდე ხარ დაბალი წოდების ადამიანი, გადიხარ წელიწადნახევრიან გადამზადებას და შემდგომ უმცროსი ოფიცრის წოდებას იღებ. მე სერჟანტი ვიყავი. საოფიცრე კურსები ჩავაბარე, უნარ-ჩვევების ტესტიც ჩავაბარე, უცნურად მომხსნენს კურსიდან. მომილოცეს, გილოცავ, ჩაბარებული გაქვსო, ჩემი თავი სიაში ვნახე. გადანაწილებაზე რომ ავედი, სიიდან ამოღებული ვიყავი. პასუხი ვერავინ ვერ გამცა, გენინსპექციში, მახსოვს, განცხადება დავწერე, თუ რამე ხარვეზია, გადავაბარებ გამოცდას-მეთქი. პასუხი არავინ გამცა და, როგორც ვივარაუდე, ჩემი განცხადება სანაგვე ყუთში მოხვდა. იყვენენ ისეთი ადამიანები, ვინც გვერდით მედგა და პატივს მცემდნენ, რადგან შრომისმოყვარე ვიყავი. დღემდე მყავს მეგობრები ჯარიდან.

არ მირჩიეს სასამართლოში ჩივილი. მეუბნებოდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა მათთან ჭიდილს, გადაგივლიანო. თან მაშინ ისეთი პრეზიდენტის პერიოდი იყო, მე კი კმაყოფილი ვარ მაგის მმართველობით, მაგრამ მაინც ისეთი პერიოდი იყო, რომ უბრალოდ შეეძლოთ ისე გაეჩუმებინე სამუდამოდ, რომ ვეღარც გიპოვნიდნენ. მუქარა არ ყოფილა, უბრალოდ, შინაურულად მითხრეს, არ გირჩევთო. ბაჩანა ახალაია იყო უკვე მაგ დროს მინისტრი.

ვიდრე რიგითი ჯარისკაცი ვიყავი, რომელიც დავალებას ასრულებს მექანიკურად და არ ცდილობს იაზროვნოს, მაგ შემთხვევაში კარგად ვიყავი. როგორც კი აზროვნებას იწყებ, რაღაცით ინტერესდები, წინსვლას ცდილობ, ეგრევე გაჩერებენ.

მიქაელი- მღვდელმა არ იცოდა, რომ ტრანსგენდერი ვარ

ფოტო: ნატია ხარატიანი, 2016 წლის 17 მაისს გამართული პერფომანსი თბილისში

19 წლისას მოვინათლე. მღვდელმა არ იცოდა, რომ ტრანსგენდერი ვარ და როგორც კაცი, ისე მომნათლა. მიქაელია ჩემი ნათლობის სახელი. ბიბლია ბავშვობაში წავიკითხე და ვცდილობ ის აღქმა შევინარჩუნო, რაც მაშინ გამიჩნდა, სხვაგვარად დანახვა არ მინდა. ბუდიზმზეც მაქვს წაკითხული, ყურანიც წავიკითხე და ქრისტიანობაზე შევაჩერე არჩევანი. ერთი ნათლია მყავს - ჩემი მეგობარია, ახლა გერმანიაშია და მხოლოდ ინტერნეტით ვურთიერთობთ.

ეკლესიაში დავდიოდი კვირაში ერთხელ მაინც. ახლა აღარ დავდივარ. ორი წლის წინ ჟურნალისტები იყვენენ ჩამოსული, ლგბტ თემაზე ინტერვიუებს იღებდნენ და სასულიერო პირების ჩაწერაც სურდათ. როდესაც ერთ-ერთ მოძღვარს უთხრეს თემის შესახებ, კატეგორიული უარი განაცხადა და ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვა. მთელი ჯგუფი ვიყავით და გამოგვყარეს, ფაქტობრივად. მას შემდეგ ეკლესიის ეზოსაც არ გავკარებივარ.

ერთადერთი, რა კითხვაც შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს ჩემს მდგომრეობაში- ღმერთო, რატომ? რის გამო შეიძლებოდა ასე დავსჯილიყავი და რის გამო შეიძლება ადამიანს შექმნოდა ასეთი პრობლმა? ვიცი, რომ ამ კითხვაზე პასუხი არასდროს მექნება.

მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები და საყვარელი ადამიანი მყავს, რომლებიც მხარს მიჭერენ და ამ ადამიანების არსებობა მაწყნარებს, ეს საზოგადოების მცირე ნაწილია. მაგრამ, მასას, რომელიც მძლავრია, ვერ გააგებინებ, რომ ადამიანი შეიძლება ტრანსგენდერი იბადებოდეს. ყველაზე მძიმეა ყოველდღე ტყუილში ცხოვრება. არავის უმხელ შენს ისტორიას, არავის ეუბნები, რომ თქვენ წინაშეა ტრანსგენდერი კაცი, იმიტომ, რომ რეაქციის ყოველთვის გეშინია, საბუთს ვერავის წარვუდგენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის უსაბუთოდ მიწევს მუშაობა, ვერ მაფორმებენ, რაც ზედმეტ კითხვებს წარმოშობს. ახალი სამსახურის პოვნისას ყოველთვის მიწევს ახალი ისტორიის მოძიება - რომ რაღაც პრობლემებია, რის გამოც საბუთს ვერ მოვიტან.

ადამიანი, რომელიც ქირურგიულ ჩარევას თანხმდება, მთელი ცხოვრება თუ არა, ნახევარი მაინც უწევს, ჰორმონალურ თერაპიაზე იყოს, რაც ორგანიზმს ანგრევს, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები ჩნდება, ძალიან ბევრი რამ იცვლება ადამიანში. ეს არის სასჯელი, თუ სხვა ადამიანი დაბადებიდან მხოლოდ კეთილდღეობაზე და ზედმეტი დაბრკოლებების გარეშე ცხოვრობაზე ფიქრობს, ჩვენ გვიწევს 200 %-იანი ძალისხმევით ბრძოლა სიცოცხლისთვის და არა ცხოვრებისთვის.

სადამდეც მიიტანთ ამ მონათხრობს, მინდა ის ადამიანები მიხვდნენ, რომ პოლიტიკაც გვესმის, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ და სიცოცხლე გვინდა. ყველამ საკუთარი თავი წარმოიდგინოს ჩვენს ადგილას. როგორია, ცოცხალი ხარ და ვერ ცხოვრობ, ამას თუ წარმოიდგენენ, შეიძლება შეეშინდეთ კიდევაც, მერე მიხვდებიან, რაოდენ მძიმეა ადამიანისთვის ასეთი არსებობა.

—ალექსი

რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისათვის, რომ ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებსაც პირადობის დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის შეცვლა სურთ, ისე არ იტანჯებოდნენ, როგორც ალექსი?

ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე, ნეტგაზეთის სტუდია

ამ კითხვაზე საპასუხოდ რამდენიმეთვიანი მცდელობის მიუხედავად, გადაცემაში იუსტიციის სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი არ მოვიდა. თუმცა გადაცემიდან თქვენ შეიტყობთ რას აკეთებდნენ და მიიღეს თუ არა პასუხი ხელისუფლებიდან ლგბტ უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა და რაზე მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტი 2015 წლის ოქტომბრამდე

უხილავების აქცია - პროტესტი თბილისში

Leave a Reply

Your email address will not be published.