ახალი ამბები

ჭამა არ გვაცადა პოლიციამ, დაგვამხეს ყველაფერი – სარალიძე და კუპრავა სასამართლოში [ვიდეო]

11 ივნისი, 2018 • 3113
ჭამა არ გვაცადა პოლიციამ, დაგვამხეს ყველაფერი – სარალიძე და კუპრავა სასამართლოში [ვიდეო]

ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბუფეტში ზვიად კუპრავას, ზაზა სარალიძესა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. ზვიად კუპრავას თქმით, პოლიციელებმა მათ საჭმლის ჭამა არ აცადეს და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს – “დაგვალეწეს ყველაფერი თავზე”.

როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, მოსამართლემ 15:00 საათამდე შესვენება გამოაცხადა, რა დროსაც ისინი სასადილოში ჩავიდნენ, თუმცა პოლიციელები გაჰყვნენ უკან და საჭმლის ჭამა არ აცადეს. პოლიციელები განმარტავდნენ, რომ მოსამართლის მოთხოვნის შესაბამისად მოქმედებდნენ.

“სამ საათამდე მისცა ზვიად კუპრავას მოსამართლემ დრო და გამოგვიშვეს, საჭმელი რომ გვეჭამა. დავსხედით, ვჭამდით და ხედავთ თქვენც, რაც ხდება – დაგვამხეს პოლიციელებმა ყველაფერი თავზე. ვინც სასამართლოზე ისხდნენ და ვინც გარეთ იდგნენ, იმ პოლიციელებმა. ზვიად კუპრავა გამოიძახაო მოსამართლემ. ერთი წუთი გვაცადეთო, ვეუბნებოდით, მაგრამ რაღაც მოეპრიანათ და დაგვამხეს აბსოლუტურად ყველაფერი თავზე…

მოსამართლემ გამოგიძახაო, მოჰკიდეს ზვიად კუპრავას ხელი, გადაგვიყირავეს მაგიდა და გაათრიეს ძალით. აი, ეს არის გახარიას უწყება! ელემენტარული, საჭმლის ჭამა არ გვაცადეს ამ ნაძირლებმა!” – განუცხადა რუსთავი 2-ს ზაზა სარალიძემ.

დღეს, 11 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ აქციის “ნუ მომკლავ!” ორგანიზატორები და მონაწილეები დააკავა. დაკავებულთა შორის ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძეც არიან. სწორედ მათი პროცესი მიმდინარეობს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ზაზა სარალიძე მოწმის სახით არის დაბარებული. იმის გამო, რომ ფიზიკურად არ შეუძლია ახლა სარალიძეს პარლამენტთან ყოფნა, მისი თხოვნით, აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს, 18:00 საათამდე გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი