ახალი ამბები

რუსთაველზე ოთხი ადამიანი დააკავეს, მათ შორის, კუპრავა და ცუცქირიძე

11 ივნისი, 2018 • 9343
რუსთაველზე ოთხი ადამიანი დააკავეს, მათ შორის, კუპრავა და ცუცქირიძე

რუსთაველის გამზირზე პოლიციამ აქციის “ნუ მომკლავ!” ორგანიზატორები და მონაწილეები დააკავა. დაკავებულთა შორის ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძეც არიან.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოთხივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ერთ-ერთ მათგანს კი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასაც ედავებიან.

უწყებაში აქციის მონაწილეთა დაკავების უშუალო მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ.

აქცია რუსთაველის გამზირზე კვირას, 10 ივნისს განახლდა. საღამოს, ზაზა სარალიძის თხოვნით, დემონსტრანტებმა პარლამენტის წინ, ტროტუარზე გაშლილი კარვები გზის სავალ ნაწილზე განათავსეს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდა.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას განაგრძობენ, სანამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი