ახალი ამბები

ზაზა სარალიძემ აქცია 18:00 საათისთვის გადაიტანა

11 ივნისი, 2018 • 1622
ზაზა სარალიძემ აქცია 18:00 საათისთვის გადაიტანა

ზაზა სარალიძე ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება, რადგან მოწმის სახით უნდა დაიკითხოს. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ ამის გამო ვერ ახერხებს პარლამენტთან მისვლას, სადაც ცოტა ხნის წინ პოლიციამ კარვები სამანქანო გზიდან ტროტუარზე გადაიტანა და რამდენიმე ადამიანი დააკავა დაპირისპირებისას.

“დღეს, 14:00 საათზე დავაანონსეთ აქცია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო პროცესზე უნდა ვიყო, სადაც მოწმის სახით ვარ დაბარებული, გვინდა 18:00 საათისთვის აქციის გადატანა. ბოდიში მინდა ამის გამო მოსახლეობას მოვუხადო და მოვუწოდო ყველას, 18:00 საათისთვის შევიკრიბოთ რუსთაველზე.

თქვენც ძალიან კარგად ხედავთ, როგორც ძალადობენ უკვე ჩვენზე – იჭერენ და აქრობენ ხალხს. მაქსიმალურ ძალადობაზე გადმოვიდნენ… პირადად მე უკან დახევას არ ვაპირებ და ბოლომდე ვიბრძოლებ ჭეშმარიტებისთვის,” – განუცხადა ტვ პირველს ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის თქმით, სამოქმედო გეგმა კვლავ იგივეა:

“არანაირი უკან დახევა! ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, სიცოცხლის ბოლო წუთებამდე, სანამ ჭეშმარიტება არ იზეიმებს!

ისევ და ისევ მინდა მოვუწოდო არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ სამთავრობო გუნდსაც და საზოგადოების ყველა წევრს… არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, პოზიცია იქნება ეს თუ ოპოზიცია, ნებისმიერ ადამიანს ვთხოვ, მობრძანდნენ და დაგვიდგნენ გვერდში.”

დავით სარალიძის მამა დარწმუნებულია აქციაზე დაკავებული ადამიანების უდანაშაულობაში და აცხადებს, რომ პოლიცია თავად პროვოცირებს და არღვევს კანონს.

მასალების გადაბეჭდვის წესი