ახალი ამბებისამართალი

სადღობელაშვილი და 4 “მარშელი” გაათავისუფლეს, 2 პატიმრობაში დატოვეს

7 ივნისი, 2018 • 4906
სადღობელაშვილი და 4 “მარშელი” გაათავისუფლეს, 2 პატიმრობაში დატოვეს

დღეს, 7 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ლადო სადღბელაშვილი და მასთან ერთად კიდევ ე.წ. ქართული მარშის 4 წევრი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა, ხოლო 2 (გიორგი ონიანი და ლუკა ნაცვლიშვილი) წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ე.წ. ქართული მარშის წევრებმა 19 მარტს რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს სცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე – ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება. ბრალდებულები სამი თვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ირაკლი დოლენჯაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, გიორგი ონიანსს და ბექა რევაზიშვილს ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ლუკა ნაცვლიშვილსს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი