ახალი ამბები

ევრაზიული კავშირის მომხრეებმა “სააკაშვილის შემდეგ რუსულ-ქართული ურთიერთობები” განიხილეს

16 დეკემბერი, 2013 •
ევრაზიული კავშირის მომხრეებმა “სააკაშვილის შემდეგ რუსულ-ქართული ურთიერთობები” განიხილეს

„ევრაზიული კავშირი-საქართველოს“ ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნიშვნელოდ გაუმჯობესდა.

 

ჭყოიძის თქმით, ქართველმა მეციტრუსეებმა ვერ შეძლეს რუსეთში გაეტანათ მანდარინი, რის გამოც მოსავალი გაუფუჭდათ, რაც იმის მანიშნებელია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არასახარბიელო ურთიერთკავშირია.


ჭყოიძემ განმარტა, რომ იგი საქართველოს „ევროკავშირში“ გაერთიანების წინააღმდეგია, სამაგიეროდ, მისი თქმით, საქართველო აუცილებლად უნდა გაწევრიანდეს „ევრაზიის კავშირსა“ და „ევრაზიის საბაჟო კავშირში“.

 

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას მივიღებთ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისგან. მე პირადად წინააღმდეგი ვიყავი პარაფირების დოკუმენტზე ხელმოწერის. ისე მოეწერა დოკუმენტს ხელი, რომელიც არ იყო ნათარგმნი ქართულ ენაზე“, – განაცხადა ჭყოიძემ.

 

კოალიციის ხელმძღვანელის თქმით, ეს იყო საქართველოს მოსახლეობის შეურაცხყოფა, რადგან მათ უნდა სცოდნოდათ, რაზე აწერდა ხელს საქართველო.

 

მრგვალ მაგიდას ჭყოიძესთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე და გენერალ-ლეიტენანტი ტრისტან წითელაშვილი.

 

პეტრე მამრაძემ გაიხსენა ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების რჩევები, რომ საქართველოს თავად უნდა მოეგვარებინა ურთიერთობა რუსეთთან და ერთ-ერთი გზა ამისათვის იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან თანამეგობრობაში გაწევრიანება.

 

მამრაძის თქმით, სააკაშვილი რუსეთის საქმეს აკეთებდა და აკეთებს ახლაც უკრაინაში. მისი თქმით, უახლოეს დღეებში უკრაინულ ტელეარხებს 2012 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნებულ ციხის კადრებსა და სააკშვილის მთავრობის წინააღმდეგ გამართულ „300-ათასიანი მანიფესტაციების“ ამსახველ ვიდეოკადრებს გადასცემენ, რათა უკრაინამ გაიგოს, თუ ვინ არის სააკაშვილი.“  


მამრაძის ვარაუდით, უახლოეს წლებში რუსეთში ვითარება შეიცვლება და შესაძლებელი იქნება, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა აღდგეს.

 

მრგვალი მაგიდის ფარგლებში „სკაიპის“ საშუალებით ჩაერთვნენ უკრაინელი ჟურნალისტი კონსტანტინ დოლგოვი, პოლიტოლოგი რუსეთიდან ვალერი კალიაკინი და რუსული მართლმადიდებული საინფორმაციო სააგენტოს „რუსკაია ლინიას“ მთავარი რედაქტორი ანატოლი სტეპანოვი.

 

ჭყოიძის აზრით, „პროპაგანდა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შესახებ სამთავრობო დონეზე უნდა მიმდინარეობდეს”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი