ზუგდიდის მეხუთე საჯარო სკოლაში ბოლო ზარი წელს არ ჩატარებულა. როგორც ნეტგაზეთს ამ სკოლის მოსწავლეებმა უთხრეს, ამის მიზეზი სკოლის დირექტორის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, მან მოსწავლეებს სკოლის ბოლო დღის აღნიშვნა აუკრძალა. დირექტორი ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, რესურსცენტრის მოკვლევა მის სიმართლეს დაამტკიცებს.
მოსწავლეების სიტყვებით, დირექტორმა, დოდო ცქვიტაიამ, მეთორმეტეკლასელების საკლასო ოთახების კარები დალუქა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ 24 აპრილიდან აბიტურიენტები სკოლას ხშირად აცდენდნენ. სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის, ცირა აშორტიას თქმით, გაცდენის უფლება მათ ჰქონდათ.
“24 აპრილის შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, იწყება თავისუფალი დასწრება. ეს ნიშნავს, რომ სკოლაში სიარული ჩვენს ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. რასაკვირველია, თავისუფალი დასწრება იყო და თუ არცერთი მოსწავლე არ მოვიდოდა, კლასის კარს დაედებოდა ხოლმე ბოქლომი. დირექტორი ამაზე განაწყენდა, გაგვიკეთა “სიურპრიზი” და ბოლო ზარის დღეს კარს დაადო ბოქლომი, ხოლო გასაღები თავის სეიფში შეინახა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა,” – განმარტავს ცირა აშორტია.
მისი თქმით, მოსწავლეებს სკოლაში სხვადასხვა ძვირადღირებული აქტივობა ჰქონდათ დაგეგმილი. მაგალითად, იმ საკლასო ოთახში, სადაც მათ 12 წელი გაატარეს, სურათების გადაღებას აპირებდნენ, რისთვისაც დაქირავებული ჰყავდათ ფოტოგრაფი. როგორც ცირა აშორტია გვიყვება, რამდენიმე კვირით ადრე დირექტორმა მათ შესთავაზა ბოლო ზარის სასკოლო დარბაზში ჩატარება, რაზეც უარი უთხრეს.
“როგორც დირექოტრი ამბობს, ჩვენ თითქოს ვთქვით, რომ დარბაზში ბოლო ზარის ჩატარება “გოიმობა” და უგემოვნობაა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. საქმე ის არის, რომ ჩვენი სკოლის ეზო ძალიან ლამაზია, ამიტომ, ჩვენი გეგმის მიხედვით, ჩვენ ის უფრო ლამაზად უნდა მოგვერთო და ჩვენ მიერ დაქირავებული ოპერატორი და ფოტოგრაფი სწორედ აქ გადაგვიღებდა. თან, სულ 17 მოსწავლე ვართ, ამიტომ დარბაზში ბოლო ზარის ჩატარება მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ” – ამბობს მე-5 სკოლის მოსწავლე.
მისი სიტყვებით, გარდა იმისა, რომ დირექტორმა მათ საკლასო ოთახების კარები დაულუქა, სხვა კლასის მოსწავლეებს უფლება არ მისცა, მათთვის ეს დღე მოელოცათ.
“რა ინტერესი ან მოტივაცია უნდა გვქონოდა, რომ ბოლო ზარი მაინც სკოლაში ჩაგვეტარებინა? ბავშვები მოიპარებოდნენ ჩვენთან და გვეუბნებოდნენ, გამოპარული ვართ კლასებიდან, მასწავლებლები გააფრთხილეს, რომ არ გამოვეშვითო. რაკიღა ჩვენ უკვე დაქირავებული გვყავდა ოპერატორი, რამდენიმე კადრი სკოლაში გადავიღეთ, შემდეგ კი გავედით ქალაქგარეთ. სკოლის ეზოდან გასვლისას კი დირექტორმა მიგვაწყევლა,” – ხსნის ცირა აშორტია.
გარდა ამისა, მოსწავლეები დირექტორს იმაშიც ადანაშაულებენ, რომ საატესტატო გამოცდების წერისას მათ ხელს უშლიდა.
“პირველი ორი გამოცდა ჩატარდა წეზოლის ქვეშ. ჩვენი დარბაზი არის გაქირავებული, ქორეოგრაფიული ანსამბლი დადის. კვირა დღეს იყო ქართულის გამოცდა. არც იმ დღეს და არც წინა დღეებში დირექტორს არ გაუფრთხილებია ქორეოგრაფი, რომ არ ჩაეტარებინა გაკვეთილები, ან მუსიკა ხმამაღლა არ ჩაერთო. გამოცდის დროს ჩაირთო სიმღერა, რის ფონზეც ვისხედით გამოცდაზე, სანამ არ გამოვიდა დამკვირვებელი და არ მისცა შენიშვნა. გამოცდის გაგრძლება შეუძლებელი გახდა. გვაინატერესებს, რატომ არ გააფრთხილა დირექტორმა ქორეოგრაფი, ხომ ვერ ვიტყვით, რომ არ იცოდა გამოცდის შესახებ?” – აღნიშნავს ცირა აშორტია.
რაც შეეხება მეორე დღეს, აშორტიას განმარტებით, დირექტორი მოსწავლეებთან მივიდა და იმის გამო ეჩხუბა, რომ ისინი თანაკლასელებს მხარს უჭერდნენ და ელოდებოდნენ გამოცდების შემდეგ:
“გვიყვიროდა, თუ რატომ გამოვხატავთ თანადგომას ჩვენი თანაკლასელების მიმართ და გვითხრა, რომ უკვე ყელში ვართ. ჩვენ მოვითხოვთ დირექტორის გადაყენებას და იმედია, სამინისტრო მიიღებს ზომებს და არცერთ ფაქტს არ დატოვებს ურეაქციოდ.”
მოსწავლეებმა დახმარებისთვის რესურსცენტრსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართეს. რესურსცენტრმა მოკვლევა დაიწყო, ხოლო როგორც საიაში ნეტგაზეთს უთხრეს, მათ მოსწავლეებს იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს. საიას იურისტის, ჯანო ჭკადუას თქმით, სკოლის მოსწავლეებს თავისუფლად უნდა ჰქონოდათ წვდომა საკლასო ოთახებთან, ხოლო 24 აპრილის შემდეგ, თავისუფალი დასწრების პრინციპის მიხედვით, მათ მართლაც ჰქონდათ უფლება, სურვილისამებრ არ ევლოთ გაკვეთილებზე.
დირექტორის არგუმენტები
ნეტგაზეთი დაუკავშირდა ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორს, დოდო ცქვიტაიას, რომელიც ყველაფერს უარყოფს და ამბობს, რომ მან საერთოდ არ იცოდა, რას აპირებდნენ მოსწავლეები. რაც შეეხება დალუქულ ოთახს, დირექტორი განმარტავს:
“სკოლაში სულ ორი მეთორმეტე კლასია. ერთ-ერთის საკლასო ოთახი საგამოცდო ოთახის გვერდით იმყოფებოდა. ინსტრუქციის მიხედვით კი, საგამოცდო ოთახთან ახლოს არ უნდა ტარდებოდეს საგაკვეთილო პროცესი. რაც შეეხება ბოლო ზარს, მე მათთვის არაფერი ამიკრძალავს. მე ვგრძნობდი, რომ გარკვეული დაძაბულობა არსებობდა და მოვიწვიე მშობელთა კრება, სადაც ვუთხარი, რომ მე მათზე განაწყენებული ვიყავი იმის გამო, რომ ისინი თავისუფალი დასწრების პრინციპის ეგიდით სკოლაში საერთოდ არ დადიოდნენ,” – გვიყვება დირექტორი.
მისივე თქმით, მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსწავლეები საკლასო ოთახში რაიმე ღონისძიების ჩატარებას აპირებდნენ. როგორც დოდო ცქვიტაია განმარტავს, რამდენიმე კვირით ადრე მოსწავლეებს შესთავაზა, ბოლო ზარი სააქტო დარბაზში ჩაეტარებინათ, რაც მათ არ ისურვეს.
“მე ვცნობ, ვაღიარებ და პრაქტიაკში ვიყენებ თავისუფალ დასწრებას. მე მათ ვუთხარი, რომ თუ 24-ში დასრულდა ყველაფერი და აღარ აპირებენ სიარულს, მაშინ ამ დღესვე დასრულებულიყო ყველაფერი. ბოლო ზარი ხომ ამ დღეს გაიგონეს მათ. მე რომ მივხვდი, რომ ამას ვერ იგებდნენ, მოვიწვიე მშობელთა კრება და ვუთხარი მშობლებს, ძალიან ბევრ რაღაცას უთმობთ შვილებს,” – განმარტავს დირექტორი.
მისივე თქმით, მოსწავლეებმა ბოლო ზარი მაინც ჩაატარეს სკოლაში, რასაც ვიდეოკამერები აფიქსირებენ, ხოლო ის, რომ მან თითქოს დაწყევლა მოსწავლეები, სიმართლეს არ შეესაბამება. დოდო ცქვიტაიას სიტყვების მიხედვით, ის ასე დაჟინებით იმიტომ სთხოვდა მოსწავლეებს სკოლაში სიარულს, რომ ქულები არ გაფუჭებოდათ. გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ ის მასწავლებლებს ხელფასებს არ უქვითავდა.
როგორს დირექტორი განმარტავს, თუ გაკვეთილზე ერთი მოსწავლე მაინც მიდის, მასწავლებელმა გაკვეთილი უნდა ჩაატაროს, ხოლო თუ გაკვეთილი არ ტარდება, მასწალებელს ანაზღაურება დააკლდება. დირექტორის თქმით, ეს რომ არ მომხდარიყო, სწორედ ამიტომ ითხოვდა გაკვეთილების ჩატარებასა და მოსწავლეების დასწრებას.
დირექტორის თქმით, მუშაობის ეს რეჟიმი მოსწავლეების გამო დააწესა, მათი მხრიდან გაკვეთილებზე არგამოცხადება კი სწორედაც რომ მასწავლებლების “უპატივცემულობაა”. დირექტორის სიტყვებით, ის მოსწავლეების უფლებებს არ ლახავს, ხოლო ეს სიტუაცია “შესაძლოა დაგეგმილი იყოს,”.