ახალი ამბები

ორმა პირმა კაფეში მოწევის შეწყვეტაზე უარი თქვა, პოლიციას არ დაემორჩილა და დავაკავეთ – შსს

4 მაისი, 2018 • 24801
ორმა პირმა კაფეში მოწევის შეწყვეტაზე უარი თქვა, პოლიციას არ დაემორჩილა და დავაკავეთ – შსს

გუშინ, 3 მაისს ქუთაისში, ერთ-ერთი კაფე-ბარში თამბაქოს მოწევის ახალ წესებთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, დაწესებულების ერთი სტუმარი მოწევის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს, ხოლო ორი, რომლებმაც პოლიციელებს არ დაემორჩილნენ – დააკავეს.

“ერთ-ერთ კაფე-ბარში გამოძახება იყო თამბაქოს კანონის დარღვევის შესახებ. პატრულ-ინსპექტორები შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ. სამი მოქალაქე არღვევდა თამბაქოს შესახებ კანონს. ერთ-ერთი მათგანი დაჯარიმდა შესაბამისი მუხლით, ხოლო ორ მათგანს პატრულმა მოუწოდა, რომ აღარ მოეწიათ დახურულ შენობაში. ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციას. ორივე მათგანი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით,”-აცხადებენ შსს-ში.

დაკავებულებს პოლიცია წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას (მუხლიდ 173) ედავება.

166-ე მუხლი სანქციის სახით 100 ლარით დაჯარიმებას, ან- თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს 15 დღემდე ვადით.

173-ე მუხლი სანქციის სახით 250 ლარიდან 2000 ლარამდე ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს 15 დღემდე ვადით.

უწყების თანახმად, დაწესებულებას არ ჰქონდა თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ბანერი და კანონის შესაბამისად ისიც დაჯარიმდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი“ 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. კანონის თანახმად, თამბაქოს მოწევა [ასევე, ელექტროსიგარეტის] იკრძალება მთელ რიგ დაწესებულებებში. პირველი მაისიდან სიგარეტს ვეღარ მოწევ: ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება და  ასევე საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში. კანონის დარღვევა ფინანსურ ჯარიმასაც ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი