ნეტგაზეთი | „ფილიპ მორისის“ დირექტორი სიგარეტის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა „ფილიპ მორისის“ დირექტორი სიგარეტის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა – Netgazeti
Batumelebi | RU

„ფილიპ მორისის“ დირექტორი სიგარეტის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა

„ფილიპ მორის ინტერნეიშენელის“ — თამბაქოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის დირექტორმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას 2030 წლამდე სიგარეტის აკრძალვისკენ მოუწოდა, წერს „გარდიანი“.

იაჩეკ ოლჩაკის თქმით, მის კომპანიას შეუძლია „წარმოიდგინოს მსოფლიო სიგარეტის გარეშე… და რეალურად, რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი ყველასთვის“. ოლჩაკის განცხადებით, სიგარეტისდამი უნდა იყოს ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც არის ბენზინზე მომუშავე მანქანების მიმართ(მათი გაყიდვა გაერთიანებულ სამეფოში 2030 წლიდან აიკრძალება).

ოლჩაკი აცხადებს, რომ მთავრობის მოქმედება ბოლოს მოუღებს მწეველთა შორის არსებულ დაბნეულობას იმის შესახებ, რომ „ალტერნატივები კიდევ უარესია, ვიდრე სიგარეტი“. იგი დასძენს, რომ „სწორი რეგულირებით და ინფორმაციით [სიგარეტის მოწევის დასრულება] ზოგ ქვეყანაში 10 წელიწადშია შესაძლებელი“.

„ფილიპ მორის ინტერნეიშენელი“ აცხადებს, რომ სურს, შემოსავლის ნახევარი იმ პროდუქციის გაყიდვით მიიღოს, რომელიც მოწევასთან არ არის დაკავშირებული და საკუთარი კომპანია ტრანსფორმირდეს „ჯანდაცვისა და კარგად ყოფნის კომპანიად“.

თუმცა თამბაქოს წინააღმდეგ განწყობილი აქტივისტები აცხადებენ, რომ მიუხედავად საჯარო პოზიციონირებისა, კომპანიები განაგრძობენ სიგარეტის გაყიდვას და რეკლამირებას.

მოწევა, მათ შორის პასიური, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით წელიწადში დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს კლავს.

ასევე, ბოლო პერიოდში თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები მწეველებს სიგარეტის ალტერნატივას — ვეიპს და ელექტრონულ სიგარეტს სთავაზობენ. მათ შორისაა IQOS (I Quit Ordinary Smoking — მე თავს ვანებებ ჩვეულებრივი [სიგარეტის] მოწევას) — გასახურებელი მოწყობილობა, რომელიც მწეველს სიცოცხლისთვის საშიშ ნიკოტინსა და კუპრს მაინც აწვდის.


ამ თემაზე გირჩევთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: realnikaburduli@gmail.com