ახალი ამბები

გვაქვს ინიციატივა, ტაქსებში მოწევა აიკრძალოს — გამყრელიძე

9 ივლისი, 2021 • 927
გვაქვს ინიციატივა, ტაქსებში მოწევა აიკრძალოს — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ NCDC ამზადებს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ტაქსებში მოწევა აიკრძალება.

გამყრელიძის თქმით, ინიციატივის შესახებ ინფორმაცია არასწორად გავრცელდა და ის არ ეხება კერძო ავტომობილებში მოწევის აკრძალვას. თუმცა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე საკუთარი ავტომობილით არასრულწლოვანთან ერთად მგზავრობს, მანქანაში მოწევა ასეთ შემთხვევებშიც უნდა აიკრძალოს:

“ქვეყანამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია თამბაქოსთან ბრძოლის საკითხში. მოგეხსენებათ, თამბაქო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორი ადამიანის ჯანმრთელობის ზიანის მიყენების თვალსაზრისით. დისკუსია დაიწყო, თითქოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი შედის ინიციატივით, რომ აიკრძალოს ტაქსებში და საკუთარ მანქანებში მოწევა. გეთანხმებით, როცა კანონი იქნა მიღებული 2017 წელს, მაშინ დაიშვა ეს გამონაკლისი ტაქსებში მოწევის.

ახლა დიახ, ინიციატივაა, რომ ტაქსებში არ უნდა ეწეოდეს არც მძღოლი და არც იქ მჯდომი იმიტომ, რომ ის გამონაბოლქვი, რაც გროვდება, უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე და განსაკუთრებით, ბავშვებზე. როდესაც ვსხდებით ტაქსებში, ზოგიერთი კეთილმოსურნე მძღოლი გეკითხება, შეიძლება მოვწიო თუ არა — არ უნდა მოწიოს მძღოლმა, არც მგზავრმა. ჩვენ გვინდა ევროპული კულტურის ნაწილი ვიყოთ, ეს ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა. დიახ, ჩვენ ამის მომხრე ვართ, რომ ტაქსებში აიკრძალოს მოწევა.

ჩვენ საკუთრებაში არ ვერევით და საკუთარ მანქანაში ვისაც უნდა, მოწიოს, მაგრამ თუნდაც საკუთარ მანქანაში არ უნდა მოწიონ, თუ იქ ზის არასრულწლოვანი. თუ ზის იქ ბავშვი და მოზარდი, იქ არ შეიძლება მოწევა. დიახ, ამ წინადადებით შევდივართ. თუმცა, თუ მარტო ხართ და ეწევით, ამაზე არავინ არაფერს გეტყვით” ,— აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი