შეხვედრის დაწყების წინ აპატურაიმ განაცხადა, რომ მისი ვიზიტის მთავარი მიზანია საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე დასწრებაა.
“ჩემი ვიზიტის ძირითადი მიზანი ინაუგურაციაზე დასწრებას უკავშირდება, ასევე ნატოს სახელით მინდა საქართველოს მივულოცო დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. თავდაცვის მინისტრთან ურთიერთთანამშრომლობის თემასაც განვიხილავთ. ამ დროისათვის სრულდება მუშაობა ნატო–საქართველოს წლიურ ეროვნულ პროგრამაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ავღანეთის საკითხზე, სადაც ნატო და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ”– განაცხადა აპატურაიმ.
თავის მხრივ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ აპატურაის, რომ ჩამოვიდა ჩვენს ინაუგურაციაზე. ეს არის გამოხატულება იმ დიდი პატივისცემისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ახალი არჩეული პრეზიდენტის მიმართ აქვთ და კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ ჩვენი და ნატოს ურთიერთობა არის შეუქცევადი და ჩვენ მომავალში გავხდებით ნატო-ს წევრები“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები მომავალში და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს კონტრიბუციას ISAF-ის მისიაში.
როგორც სამინისტროს აცხადებს, ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველო მზადაა 2014 წლის შემდეგ, ავღანეთში მხარდამჭერ მისიაში ჩაერთოს და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდეს.








