ახალი ამბები

დარჩიაშვილი მარგველაშვილის ინტერვიუს კრემლისადმი მაამებლობას უწოდებს

11 ნოემბერი, 2013 • • 1090
დარჩიაშვილი მარგველაშვილის ინტერვიუს კრემლისადმი მაამებლობას უწოდებს

როგორც დარჩიაშვილმა დღეს “პრაიმტაიმის” პრესკლუბში განაცხადა, ის, რომ არ იყო ქვეყნისადმი შეურაცხმყოფელი, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მისი საამებელი განცხადებები გააკეთო:

 

“ახალი პრეზიდენტი გვეყოლება ცოტა ხანში და მან თავისი ერთ-ერთი პირველი ინტერვიუ მისცა რუსეთის წამყვან არხს. ნეგატიური არის ის, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობის წითელ ხაზად მან პუშკინის ვიზიტი დახატა. როგორც ჩანს, პუშკინის ვიზიტიდან აბაშიძის კარასინთან შეხვედრამდე საქართველო-რუსეთს შორის ცუდი არაფერი მომხდარა სააკაშვილის გარდა. ჩემი აზრით, მარგველაშვილის ეს გნცხადებები გამოხატავს ტონს და დისკურსს, რომელსაც პირობითად კრემლისადმი მაამებლობა შეიძლება ვუწოდოთ”, – განაცხადა დარჩიაშვილმა. მისი თქმით, მარგველაშვილის განცხადება იმ ფონზე, რაც ახლაა საქართველოს და რუსეთს შორის, არაასახელმწიფოებრივია.

 

დარჩიაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დასავლური კურსი აქვს დეკლარირებული, ასეთი განცხადებები ქვეყნის მომავალი პირველი პირის მხრიდან არ უნდა კეთდებოდეს:

 

“მე ვფიქრობ, ამ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, ვისაც უნდა საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, თუმცა, როგორც ჩანს, ყველა ასეთი არ არის. ერთი მხრივ, დეკლარირებულია მათი საგარეო კურსი და მეორე მხრივ, ასეთი განცხადებები კეთდება, ეს კითხვებს ბადებს. თუ ასე გაგრძელდა, ეს აუცილებლად ბუმერანგად მოუბრუნდება საქართველოს ვილნიუსამდე თუ ვილნიუსის შემდეგ”, – განაცხადა დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში უნდა შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესებიც, რადგან ეს ასევე ხელს უშლის საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი