ახალი ამბები

მწვანე ალტერნატივა: ენერგოპროექტები და კორუფცია

7 ნოემბერი, 2013 • • 1635
მწვანე ალტერნატივა: ენერგოპროექტები და კორუფცია

“ვინაიდან დარიალის ჰესის საქმეში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც, 2012 წლის ნოემბერში (და შემდგომ დეკემბერში – დამატებითი გარემოებებით) მწვანე ალტერნატივამ მიმართა მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს. მწვანე ალტერნატივამ მოითხოვა, რომ პროკურატურას დარიალ ჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული კანონდარღვევები შეესწავლა. პროკურატურაში განცხადების წარდგენას მოჰყვა მწვანე ალტერნატივას წარმომადგენლის ხანგრძლივი დაკითხვა და ამ დრომდე, სამწუხაროდ, სხვა არაფერია,”- წერია კვლევაში “ენერგოპროექტები და კორუფცია საქართველოში,” რომელიც დღეს, 7 ნოემბერს სხვა ორ კვლევასთან ერთად ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივამ” წარმოადგინა. 

 

“ფოკუსირება ე.წ. მაღალი დონის კორუფციაზე გავაკეთეთ. გვინდოდა გვეჩვენებინა, რა პირობები უწყობს ხელს კორუფციის განვითარებას, რა ნიადაგია ამისთვის საქართველოში, ჩვენ ავიღეთ ერთი კომპანია, მასთან დაკავშირებული სხვა კომპანიები და ამ კომპანიის მიერ განხორციელებული ენერგოპროექტები, ამ კომპანიის მაგალითზე აღვწერეთ კორუფციის შესაძლებლობები. დღემდე ახორციელებს ეს კომპანია სხვადასხვა ტიპის ენერგოპროექტებს,”- ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი და კვლევის ავტორი, ქეთი გუჯარაიძე.  

 

მისი თქმით, “მწვანე ალტერნატივა” ამ შემთხვევაში კონკრეტული პირების შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებზე არ საუბრობს.

 

“ჩვენ ვლაპარაკობთ მექანიზმებზე და არა კონკრეტულ პირებზე. ამ კვლევით ვამბობთ, კორუფციის შესაძლებლობები ამ სფეროში არსებობს.”  

 

კვლევის ავტორის თქმით, “მაღალ ტიპის”კორუფციის შესაძლებლობები განსაკუთრებით დიდია მაშინ, როდესაც კანონმდებლობა სუსტია სახელმწიფო ორგანოებსა და კომპანიებს შორის ხელშეკრულებების დადების, ასევე, კომპეტენტური ორგანოების მიერ ლიცენზირებისა და ნებართვების მინიჭების პროცესი დახურულია საზოგადოებისთვის, სუსტია კანონაღსრულების კონტროლი და მონიტორინგი.”


კომპანია, რომელიც კვლევაში მოხვდა, შპს “ფერი” არის, რომელსაც თავის მხრივ რამდენიმე სხვა კომპანიაში აქვს წილი. საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა სიმძლავრის ჰესს აშენებს. 


კომპანია “ფერი” 1991 წელს დაფუძნდა, კომპანიის საქმიანობა ძირითადად ფოკუსირებულია ენერგეტიკული პროექტების ფართო სპექტრის სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე.

 

აღნიშნულმა კომპანიამ 2012 წელს ბიზნესდაჯილდოებაში “მერკური 2012” გაიმარჯვა. წლის საუკეთესო ბიზნესად აღიარებული კომპანია მაშინ პრეზიდენტმა დააჯილდოვა.

 

შპს “ფერი” წილის მფლობელია შემდეგ კომპანიებში: შპს ენერგია, რომელიც ამჟამად ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში 19 მგვტ სიმძლავრის ლარსის ჰიდროელექტროსადგურს აშენებს. კომპანიას საქართველოს მთავარობასთან გაფორმებული აქვს ურთიერთგაგების სხვა მემორანდუმიც 5 მგვტ სიმძლავრის შილდას ჰესის მშენებლობაზე ყვარლის მუნიციპალიტეტში; სს დარიალი ენერჯი, რომელიც 109 მგვტ სიმძლავრის დარიელ ჰესის მშენელობას აწარმოებს მდინარე თერგზე ყაზბეგში; შპს “აღმოსავლეის ენერგოკორპორაცია” – რომლის მთავარი პრიორიტეტია ხადორის ჰიდროელქტროსადგურის პროექტის მომზადება; შპს ყაზბეგი ჰესი.


გარდა ამისა, კვლევაში ჩანს, რომ არსებობს კიდევ 4 კომპანია, რომელიც დაკავშირებულია შპს “ფერთან”. მათ შორის, ენერგო არაგვი, რომელიც მცხეთა- მთიანეთის რეგიონში ჰესების პროექტებს ახორციელებს. “მწვანე ალტერნატივა” თითოეული კომპანიის შესახებ დეტალურ ცნობებს და მათ შესაძლო დანაშაულებებზე ინფორმაციას აქვეყნებს. 


მაგალითად, ანგარიში ეხება მდინარე ალაზანზე ხადორ-2 ჰესის რეკონსტრუქცია -მშენებლობის პროექტს, კომპანიის მიერ წარდგენილი გზშ-ი სამინისტროში იმდენად უხარისხო იყო, რომ 2009 წელს უარი ეთქვა კომპანიას გზშ-ს ნებართვის გაცემაზე.

 

“ლოგიკურად კომპანიას შემდეგ დამატებითი კვლევები უნდა ჩაეტარებინა, გადაემუშავებინა და დაეხვეწა გზშ ანგარიში, თუმცა უარის მიღებიდან 3 კვირაში მან მიმართა გარემოს დაცვის სამინისტროს და გზშ შეფასებისგან გათავისუფლება მოითხოვა.”

 

საბოლოოდ, როგორც ირკვევა, კომპანია გაათავისუფლეს გზშ-ს ანგარიშის წარდგენისგან. 

 

მოცულობითი ინფორმაცია ეთმობა ანგარიშში დარიალ ჰესის მშენებლობის საკითხსაც.

 

“გარემოს დაცვის სამინისტრომ მწვანე ალტერნატივას არ მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო დარიალის ჰესის პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რითაც სამინისტრომ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშრებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” ორჰუსის კონვენციის მოთხოვნები.” 

 

სწორედ აღნიშნულ ჰესთან დაკავშირებით გამოკვეთილ სისხლის სამართლებრივ დანაშაულზე მიმართა “მწვანე ალტერნატივამ” არჩილ კბილაშვილს ერთი წლის წინ, თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, ამ ეტაპზე შედეგი არ არსებობს.

 

ორგანიზაციამ “მწვანე ალტერნატივა”, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, კოალიციური პროექტის „ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა“ ფარგლებში დღეს, 7 ნოემბერს 3 კვლევა წარმოადგინა. ერთ-ერთი მათგანია „ენერგო-პროექტები და კორუფცია საქართველოში.“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი