ახალი ამბები

ლიბერთი ბანკის ყველაზე მსხვილი აქციონერის წილი დააყადაღეს

6 ნოემბერი, 2013 • • 2660
ლიბერთი ბანკის ყველაზე მსხვილი აქციონერის წილი დააყადაღეს

ბანკის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, დოდო ბოჭორიშვილის განმარტებით, ამის მიზეზია სარჩელი, რომელიც ბანკის ყოფილმა მფლობელებმა სასამართლოში შეიტანეს. მისივე თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, რასაც მოჰყვა სტანდარტული პროცედურა – აქციების დაყადაღება.

“ერთ–ერთი აქციონერის წილია დაყადაღებული იმიტომ, რომ არ გაყიდოს თავისი აქციები, სანამ საქმე წარმოებაში მიიღეს, ეს სტანდარტული პროცედურაა”, – აცხადებს ბოჭორიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მომჩივანი მხარე “სახალხო ბანკის” (ახლანდელი ლიბერთი ბანკი) ყოფილი მფლობელის, მამუკა ჯინჭარაძის ოჯახია. მათი ადვოკატის, დავით ერისთავის განცხადებით, სასამართლომ “ლიბერთი ჰოლდინგ ჯორჯიას” კუთვნილი აქციების 51%–ის დაყადაღების გადაწყვეტილება წინა პარასკევს მიიღო. ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, “ლიბერთი ჰოლდინგ ჯორჯია” ბანკის საერთო წილის საკონტროლო პაკეტს, 70.83%–ს ფლობს. ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ეს წილი რუმინელ მილიარდერ დინო პატრუჩიოს ეკუთვნის. იგი პარალელურად რუმინული კომპანია “Rompetrol”-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და “Forbes”-ის მონაცემების მიხედვით, რუმინეთის უმდიდრესი ადამიანია. მის მფლობელობაში არსებული აქტივების ღირებულება ჯამში 1.8 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

 

 

“ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ჩვენ ლიბერთი ბანკს არ ვედავებით, ვედავებით აქციონერებს, არასწორი ინტერპრეტაციები რომ არ მოხდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვინმემ არ იფიქროს, თითქოს ბანკს რამე ემუქრება. ჩვენი მიზანი არის ბანკის უკან დაბრუნება იმიტომ, რომ კრიმინლაური გზით წაართვეს ამ ხალხს ეს ბანკი და ეს აქციები გვაქვს დაყადაღებული”, – აცხადებს ადვოკატი დავით ერისთავი და დასძენს, რომ ჯინჭარაძეების ოჯახი 2009 წელს ბანკის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობას და წილების დაბრუნებას მოითხოვს.

 

მისივე თქმით, ზემოხსენებულ ოჯახს ბანკის გაყიდვა აიძულეს. ადვოკატის განმარტებით, ”სახალხო ბანკის” (ლიბერთი ბანკის ძველი სახელწოდება) წინააღმდეგ უკანონო ქმედებები 2008 წელს დაიწყო, როდესაც ოჯახს ბანკის გაყიდვა მოსთხოვეს:

 

დავით ერისთავი, ჯინჭარაძეების ოჯახის წარმომადგენელი
დავით ერისთავი, ჯინჭარაძეების ოჯახის წარმომადგენელი

“ვინაიდან ოჯახი ბანკის გაყიდვის წინააღმდეგი იყო, მათი მისამართით მუქარა დაიწყო, ემუქრებოდნენ, რომ ნარკოტიკებს ჩაუდებდნენ და იყო მუქარა სიცოცხლის განადგურებაზეც. ამ ქმედებებში ჩართული იყო ეროვნული ბანკი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსური პოლიცია და როგორც მოგვიანებით გავიგეთ, გიორგი გოგუაძეც, რომელიც ჯინჭარაძესთან ერთად ქონების წილს ფლობდა”, – აცხადებს ერისთავი. მისივე თქმით, 2009 წელს მუქარის შედეგად ბანკი, რომელიც იმ დროისთვის სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების გათვლებით 318 მილიონის ქონებას ფლობდა, 1 წლის შექმნილ კომპანია “ევრო ოილზე” გადაფორმდა:

 

“ევრო ოილის” უკან სინამდვილეში იდგა კომპანია “ნიუ ენერჯი”, რომლის ერთ–ერთი მფლობელიც ცეზარ ჩოჩელი იყო. ამ კომპანიამ ბანკი მიზერულ თანხად – 15 მილიონად იყიდა, მაშინ, როდესაც მხოლოდ ბანკის სათაო ოფისის ღირებულება 35 მილიონს აღწევდა”, – აცხადებს ერისთავი.

 

ერისთავის თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში ოჯახს ამ ფაქტის გახმაურების ეშინოდა, ხოლო ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე მათ პროკურატურას მიმართეს და გამოძიება დაიწყო:

 

“6 თვის განმავლობაში გამოძიება ძალიან კარგად მიდიოდა, დაიკითხნენ მოწმეები და პრაქტიკულად იმ ინფორმაციის საფუძველზე, რასაც ისინი ფლობენ, გამოძიება დასრულებული უნდა იყოს, თუმცა ბოლო პერიოდში ეს საქმე თაროზე შემოიდო. ცოტა ხნის წინ კი ჩვენ გავიგეთ, რომ “ლიბერთი ბანკი” შესაძლოა დაჩქარებული წესით “ვი თი ბი ბანკმა” იყიდოს, ეს აჩენს სერიოზულ ეჭვს, რომ ახალი ხელისუფლებიდან ვიღაც შესაძლოა ამ საქმით იყოს დაინტერესებული”.

 

ოჯახი პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამ საქმით დაინტერესებას სთხოვს. მისივე თქმით, ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს “ლიბერთი ბანკის” მმართველს, ლადო გურგენიძეს, რომელიც იმ პერიოდში, როცა ბანკზე პირველი ზეწოლა განხორციელდა, პრემიერ–მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ჯინჭარაძეების ოჯახის განცხადებას ცოტა ხნის წინ “ლიბერთი ბანკის” დირექტორმა სანდრო რთველაძემ უპასუხა. მან განაცხადა, რომ ლადო გურგენიძე იმ დროისთვის ამერიკაში იმყოფებოდა, ხოლო თავად ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა:

 

“ამ თემასთან დაკავშირებით ბანკმა ამომწურავი განცხადება გასულ წელს გააკეთა და, შესაბამისად, ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ”, – განაცხადა სანდრო რთველაძემ. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში “ლიბერთი ბანკის” გაყიდვა არ იგეგმება.

დოდო ბოჭორიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ ლადო გურგენიძე ახლაც აშშ–ში იმყოფება, თუმცა ხმებს მისი საქართველოდან გაქცევის შესახებ სისულელეს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ჩვეულებრივი ვიზიტია.

5 ნოემბერს ფეისბუკზე ლიბერთი ბანკის ოფიციალურ გვერდზე ამ შინაარსის განცხადება გავრცელდა:

“ბანკის სტაბილურ მუშაობას, მის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას ვერ შეაფერხებს ქ-ნ ირინა ჯინჭარაძისა და მასთან აფილირებული ავანტიურისტების გუნდის უპასუხიმსგებლო, ცრუ განცხადებები. ეს სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც, შეიძინეს რა, ბანკის საკონტროლო პაკეტი 2002 წელს გაურკვეველი წარმომავლობის თანხებით, თავისი არაკომპეტენტურობით, სიხარბით, უპასუხისმგებლო და, შესაძლოა, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად 2008 წლისთვის მაშინდელი სახალხო ბანკი ბანკროტობის პირას მიიყვანეს. მიუხედავად ბანკის მაშინდელი სავალალო მდგომარეობისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის მაშინდელი პიკისა, ამ ადამიანებმა ბანკის მათი კუთვნილი საკონტროლო პაკეტი 2008 წლის ბოლოს გაასხვისეს კომპანია ევროოილ-ზე (რომელთანაც არანაირი კავშირი ან შეხება ლიბერთის ჯგუფსა და მის მესვეურებს არ ჰქონია 2009 წლის აგვისტომდე, როდესაც შედგა მოლაპარაკება ლიბერთი ჯგუფის მიერ მათგან საკონტროლო პაკეტის შეძენის თაობაზე) დაახლოებით 36 მილიონ ლარად. ეს საფასური მოიცავდა როგორც ევროოილის მიერ ნაღდ ფულად გადახდილ 10 მილიონ დოლარს, ისევე ამ ადამიანების მიერ (სავარაუდოდ საბანკო რეგულაციების დარღვევით) 2006-2008 წლებში თავის თავზე და აფილირებულ პირებზე გაცემული ე.წ. ინსაიდერული სესხების (ჯამში 19.9 მილიონი ლარი) პატიებას. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ბანკის წლიურმა ზარალმა (2008 წელს) 45 მილიონი ლარი შეადგინა, რეალურად კი, მაშინდელი სასესხო პორტფელისა და აქტივების უპრეცედენტოდ ცუდი ხარისხის გათვალისწინებით (რომელზეც მომდევნო წლებში ბანკს 42 მილიონი ლარის დამატებითი რეზერვების შექმნა მოუწია) ზარალი ბევრად მეტი იყო და ბანკი პრაქტიკულად გაკოტრებული იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანების ამ ჯგუფის მიერ ბანკიდან გასამრჯელოსა და დივიდენდების სახით 2004-2008 წლებში 10 მილიონ ლარამდე იქნა გატანილი (შედარებისათვის: ბანკის ჯამურმა ზარალმა ამავე პერიოდში 38 მილიონი ლარი შეადგინა).

 

ლიბერთი ბანკი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს თავის საქმიანობასა და სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, თავისი კლიენტებისა და აქციონერების სასარგებლოდ. აქამდე ბანკი ამჯობინებდა მომავალში და არა წარსულში ყურებას, მაგრამ აღარ აპირებს ამ ბინძური ავანტიურის, მზარდი აგრესიისა და ცრუ და უპასუხისმგებლო განცხადებებისადმი წაყრუების პოლიტიკის გაგრძელებას. ბანკი და მისი მესვეურები დღეიდან ყველა იურიდიულ გზას მიმართავენ მათი საქმიანი რეპუტაციის შემბღალავთა წინააღმდეგ, უპასუხოდ არ დატოვებენ ამ ავანტიურისტთა მიერ ბანკისათვის ზიანის მიყენების ნებისმერ მცდელობას, და მიმართავენ კომპეტენტურ ორგანოებსა და სასამართლოს 2004-2008 წლებში ბანკში ამ ადამიანთა მიერ საქმიანობისა და, ბანკის აზრით, ჩადენილი უხეში დარღვევებისა და ეკონომიკური დანაშაულისგან ბანკისათვის მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ.”

ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, საერთო წილის 7,36 პროცენტს JSC liberty capital-ი (ლადო გურგენიძე) ფლობს, ხოლ 6,94%–ს ფიზიკური პირები.

ლიბერთი ბანკის მეწილეები
ლიბერთი ბანკის მეწილეები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი