ახალი ამბები

ჯეოსელში ადასტურებენ, რომ მთავრობას მათ ქსელთან წვდომა აქვს

1 ნოემბერი, 2013 • • 1104
ჯეოსელში ადასტურებენ, რომ მთავრობას მათ ქსელთან წვდომა აქვს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში არსებული პრაქტიკის მიხედვით, მობილური ოპერატორები ვალდებულნი არიან ეროვნული უსაფრთხოების მიზნით ითანამშრომლონ შესაბამის ორგანოებთან. 

 

“თუმცა ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ როგორ რეგულირდება აღნიშნული პროცესი მთავრობის მხრიდან.  ზოგადად,  მოსმენების საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა და  დასავლეთის სხვა ქვეყნებშიც  აქტიურად  განიხილება.

 

ჯეოსელი უკვე  ერთი წელია  აქტიურ დიალოგს აწარმოებს საქართველოს მთავრობასთან, რადგან კომპანიისთვის მნიშვნელოვანია კანონში იმ  ცვლილების შეტანა, რაც სასამართლოს დადგენილების გარეშე, შესაბამისი სამსახურების მიერ ქსელთან პირდაპირ წვდომას შეუძლებელს გახდის.  ამ მხრივ უკვე პრაქტიკული ნაბიჯებიც გადაიდგა და მთავრობის მხრიდან ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. კომპანიის ხელმძღვანელობის  იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, პარლამენტში შეიქმნა სპეციალური ქვეკომიტეტი, რომელიც კანონში მოსმენებთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანის საკითხზე მუშაობს”,-  აცხადებენ “ჯეოსელში”.

 

კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა გამოინახოს გზა ამ საკითხის მოსაგვარებლად.

 

ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისი მოწყობილობები აქვს მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებში, რომლებითაც აბონენტების ფარული მიყურადება ხორციელდება, გუშინ “ნეტგაზეთს” კომპანია “ბილაინშიც” დაუდასტურეს.

 

 

„ბილაინს”, როგორც კერძო კომპანიას, არ აქვს არანაირი კონტროლის მექანიზმი სახელმწიფო მოსმენის აპარატებზე, რომელიც შეიძლება რომ არსებობდეს. არ შეგვიძლია, რომ რაიმე ტიპის ინტერვენცია მოვახდინოთ. შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს, რომ კანონის ფარგლებში, როდესაც არის სანქცირებული, მოსმენები არის შესაძლებელი. თუმცა, ეს ხდება “ბილაინისგან” დამოუკიდებლად. ჩვენთვის მომართვა არ არის საჭირო, ამ შემთხვევაში,”- უთხრა “ნეტგაზეთს” “ბილაინის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეონა ბაღდავაძემ.

 

“ნეტგაზეთს” ამ საკითხზე მხოლოდ კომპანია “მაგთიკომში” არ უპასუხეს, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში გახდა კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებული და, შესაბამისად, ემსახურება ყველა სამთავრობო დაწესებულებას.

 

30 ოქტომბერს “ფრანს-პრესმა” გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა შესაძლოა დღემდე იყენებდეს შვედური სატელეკომუნიკაციო გიგანტის, “ერიქსონის” ტექნოლოგიას საკუთარი მოქალაქეების უკანონო მოსმენებისთვის.


მასალების გადაბეჭდვის წესი