ახალი ამბები

მოადგილეების დასანიშნად თბილისის მერს შესაძლოა საკრებულოს თანხმობა დასჭირდეს

30 ოქტომბერი, 2013 • • 1015
მოადგილეების დასანიშნად თბილისის მერს შესაძლოა საკრებულოს თანხმობა  დასჭირდეს

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორები ერეკლე ტრიპოლსკი და გია ჟორჟოლიანი არიან, საკრებულოს კომპეტენცია იქნება მერის პირველი მოადგილის და მოადგილეების, საქალაქო სამსახურების უფროსების, მერიის ადმინისტრაციის უფროსისა და ქალაქ თბილისის რაიონების გამგებლების თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემა, ასევე, მათთვის უნდობლობის გამოცხადება. გათვალისწინებულია ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცედურები.

 

კანონპროექტის თანახმად, თბილისის საკრებულო შესაბამისი კანდიდატურის დანიშვნის საკითხს განიხილავს წარმოდგენიდან ერთი კვირის ვადაში. თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურის  დანიშვნაზე თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, თბილისის მერი 1 კვირის ვადაში წარადგენს იმავე, ან სხვა კანდიდატურას. თუ საკრებულო კვლავ არ მისცემს თანხმობას, საკრებულოს წევრთა არანაკლებ 1/3 წამოაყენებს ახალ კანდიდატურას, რომელსაც საკრებულო განიხილავს ამავე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით. საკრებულოს მიერ რამდენიმე კანდიდატურის წამოყენების შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს რეგლამენტით საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევისთვის დადგენილი წესის შესაბამისად. თუ საკრებულო კვლავ ვერ დაამტკიცებს თანამდებობაზე კანდიდატურას, თბილისის მერი თანამდებობაზე ნიშნავს მისთვის სასურველ კანდიდატურას.

 

“მერის მაღალი ლეგიტიმაციის მიუხედავად, რასაც მას პირდაპირი არჩევნებით მიღებული მანდატი ანიჭებს, აუცილებელია საკრებულოს, რომელიც ასევე პრიდაპირი წესითაა არჩეული ადგილობრივი საზოგადოების მიერ, მონაწილეობა ქ. თბილისის მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დანიშვნაში, რაც ხელს შეუწყობს როგორც აღმასრულებელი ორგანოების ანგარიშვალდებულების გაზრდას საზოგადოების წინაშე, ასევე, მათი საქმიანობის კონტროლს. შესაბამისად, დედაქალაქის საკრებულოს საქმიანობის ეფექტურად განსახორციელებლად და აღმასრულებელი ორგანოების მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საჭიროა საკრებულოს როლის გაზრდა მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის თვალსაზრისით,” – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, თბილისის მერის პირველი მოადგილისთვის და მოადგილეებისთვის, ასევე, მერის საქალაქო სამსახურების უფროსებისთვის, თბილისის რაიონების გამგებლებისთვის და თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს. ასეთ შემთხვევაში მერი ვალდებულია გადააყენოს უნდობლობაგამოცხადებული პირი. მერი უფლებამოსილი არ არის უნდობლობაგამოცხადებული პირი ხელახლა დანიშნოს თანამდებობაზე.

 

კანონპროექტის თანაავტორი ერეკლე ტრიპოლსკი აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღების მიზანი მეტი დემოკრატიაა:

 

“მიზანი არის ის, რომ მერს არ ჰქონდეს ერთპიროვნულად კანონპროექტში ჩამოთვლილ თანამდებობებზე ვინმეს დანიშვნის უფლება. მან აუცილებლად უნდა წარადგინოს საკრებულოს სხდომაზე თავისი კანდიდატურები და მათთან შეთანხმებით, მათთან კონსულტაციით დანიშნოს ჩინოვნიკები. მე მგონია, რომ ასე გაცილებით დემოკრატიულია.”

 

საპირისპირო მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმცირესობის წევრს, პავლე კუბლაშვილს. კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი შიხიაშვილი და “ქართული ოცნება” მეტი ძალაუფლებისთვის იბრძვის დედაქალაქში:

 

“ცდილობენ, ალბათ, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე კიდევ უფრო მეტად დაასუსტონ მერია, დაასუსტონ პირდაპირ არჩეული მერის ინსტიტუტი. ეს კანონპროექტი რეალურად საკრებულოს მხრიდან ძალაუფელბისთვის ბრძოლაა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მათ არ აკმაყოფილებთ ერთი ან ორი არჩევნების შედეგები, მათთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლების ყველგან გაძლიერება.”

 

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება ბიუროს დღვანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი