ახალი ამბები

ექთნებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება იქნება საჭირო – მთავრობის ინიციატივა

23 ოქტომბერი, 2023 • 1401
ექთნებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება იქნება საჭირო – მთავრობის ინიციატივა

მთავრობის ინიციატივით, ექთნისა და მეანი ექთნის პროფესიები საკანონდებლო რეგულირების ქვეშ მოექცევა. კონკრეტულად, ამ მიმართულებით მუშაობისთვის საჭირო იქნება შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინიციატივის მთავარი მიზანი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.

“გამოცდის ჩაბარება დაინტერესებული პირის მიერ პროფესიული კოლეჯის დამთავრების შემდეგ მოხდება და შედეგად სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის წოდება მიენიჭება, ხოლო ბაკალავრიატის დამთავრების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარებისას მიენიჭება რეგისტრირებული ექთნის წოდება”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, კანონპროექტში საუბარია ექთნებისა და მეანი ექთნების პოსტდიპლომური განათლების შესაძლებლობების გაზრდაზეც. ავტორების თქმით, ეს ინიციატივა “გაძლიერებული მომზადების მქონე” სპეციალისტების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

“დადგინდება ექთნებისა და მეანი ექთნების კომპეტენციები, მათი კლინიკური პრაქტიკის შინაარსისა და მოცულობის გათვალისწინებით, რაც, ერთი მხრივ, გაზრდის ექთნების საქმიანობის ეფექტიანობას, გააუმჯობესებს საქმიანობის ზედამხედველობის შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, უკეთ მოხდება მათი უფლებების დაცვა”, –  აცხადებენ ინიციატორები.

ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული კანონის პროექტი “ჯანმეთელობის დაცვის შესახებ” გულისხმობს კანონში ცვლილებების შეტანას. უწყების ცნობით, კანონპროექტს პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი