ახალი ამბები

ნაცვლიშვილი: ახლა არ არის იმ მასშტბის დაპირისპირება, რომ გუნდის დაშლა მოჰყვეს

11 აპრილი, 2018 • 1480
ნაცვლიშვილი: ახლა არ არის იმ მასშტბის დაპირისპირება, რომ გუნდის დაშლა მოჰყვეს

ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ამჟამად არ არის იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომ გუნდი დაიშალოს.

“დავით ჭიჭინაძის კომენტარს რაც შეეხება, გარკვეული თვალსაზრისით ვიზიარებ იმას, მეც ვიზიარებ ამას არა გადადგომის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად იმას, რომ არ იყო ლამაზი დეპუტატების რაოდენობის ჩამოთვლა, რომლებიც თითქოს ამ საერთო კონტექსტში ვერ ჯდებოდნენ. ეს არც მე მიმაჩნია სწორად. ხშირ შემთხვევაში, ყველაზე ღირებულებითი და იდეოლოგიური განსხვავება ჩვენ გვაქვს ხოლმე მმართველ გუნდთან. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე უნდა გასულიყო, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით იმიტომ, რომ ასეთი განსხვავებები არის. შეიძლება ეს მომავალში მოხდეს, მაგრამ ახლა არ არის იმ მასშტაბის დაპირისპირება, არც პიროვნული და არც მთლიანად გუნდის შიგნით, მსოფლმხედველობითი, რომ ამას გუნდის დაშლა მოჰყვეს,”- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბექა ნაცვლიშვილი არის ერთ-ერთი იმ კრიტიკულლი დეპუტატებიდან, ვინც ნუკრი ქანთარიამ “ოცნებიდან” სავარაუდოდ გასარიცხი დეპუტატების სიაში დაასახელა.


“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირების არსებობის შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევა დაასახელა. 9 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძის განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კობახიძის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს, დავით ჭიჭინაძემ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება არ გამორიცხა, ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლა “ნურავის ეჩქარება”.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 10 აპრილს განაცხადა, რომ ამ დეპიტატებს, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, უმრავლესობის ფორმატში დაელაპარაკებიან და სხვა ღონისძიებებზე შემდეგ იმსჯელებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი