ახალი ამბები

კობახიძე: რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა

9 აპრილი, 2018 •
კობახიძე: რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების გაკეთებისას, მათ შორის გედევან ფოფხაძემაც.

„იყო რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა, გადაცდომა, გედი ფოფხაძის შემთხვევას ვგულისხმობ. სამწუხაროდ, გედი ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემის სპეკულირების ფონზე.

არის სამი-ოთხი დეპუტატი, რომლებმაც დაუშვეს შეცდომა საჯარო განცხადების გაკეთებისას. ეს არის პრობლემა, მაგრამ ეს არის მარტივად გადაჭრადი პრობლემა. ჩვენ გვექნება მსჯელობა თითოეულ მათგანთან და დარწმუნებული ვარ ასეთი პრობლემები მომავალში აღარ განვითარდება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან.

გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზმაუს ბორდში არჩევა დაასახელა.  

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის თანამდებობაზე საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული ნინია კაკაბაძე აირჩია. მას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 12 წავიდა.

გედევან ფოფხაძის განცხადებას თან მოჰყვა რამდენიმე პარლამენტარის ბოდიში, რომელთაც ჯერ ხმა მისცეს ნინია კაკაბაძეს, შემდგომ კი პატიება ითხოვეს, მათ შორის არიან: მარიამ ჯაში და თამაზ ნავერიანი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი