ახალი ამბები

“ცალსახად არ ვაპირებ სხვა პარტიაში გაერთიანებას” — ნაცვლიშვილი “სოლიდარობის ალიანსს” ტოვებს

8 თებერვალი, 2021 • 1022
“ცალსახად არ ვაპირებ სხვა პარტიაში გაერთიანებას” — ნაცვლიშვილი “სოლიდარობის ალიანსს” ტოვებს

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” ლიდერი ბექა ნაცვლიშვილი პარტიას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ნაცვლიშვილის სახელით პარტიამ გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის “სოლიდარობის ალიანსს” ტოვებს და აგრძელებს ბრძოლას “სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის”.

“პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პოლიტსაბჭოს, პარტიის წევრებსა და ყველა მხარდამჭერს, რომლებმაც უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს მიუხედავად, აჩვენეს ქვეყნისა და ღირებულებების მიმართ განსაკუთრებული ერთგულება. პარტიას „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ აქვს დიდი პოტენციალი და ის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში. სწორედ ამ რწმენით, მე ვტოვებ პარტიას ჩემი მეგობრებისა და ღირსეული ადამიანების ხელში.
პოლიტიკაში ყოფნისთვის არ არის სავალდებულო, რომელიმე პარტიას წარმოადგენდე.

მე ვტოვებ პარტიას, მაგრამ ვაგრძელებ ბრძოლას სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის, მათ შორის, მინიმალური ხელფასისთვის, ღირსეული შრომის პირობებისთვის, პროგრესული გადასახადისთვის, სახელმწიფო საბინაო პოლიტიკისთვის, სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის”, – წერს ნაცვლიშვილი.

ნეტგაზეთი პარტიის დატოვების მიზეზის გასარკვევად ნაცვლიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, პარტიაში უთანხმოება არ ჰქონია და არც სხვა პოლიტიკურ პარტიაში გეგმავს გაწევრიანებას.

“ცალსახად არ ვაპირებ სხვა პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანებას, თუ რაღაც ახალი მოძროაბა შეიქმნება მომავალში, ამაზეც ცნობილი გახდება”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა

ასევე, ნაცვლიშვილის განმარტებით, პარტიაც სწორედ იმიტომ დატოვა, რომ მიიჩნევს, “ბრძოლას უფრო ექნება აზრი და ექნება შედეგი პარტიის გარეთ, ვიდრე პარტიის შიგნით”.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკიდან წასვლას, ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან არ მიდის, რადგან მიიჩნევს, რომ ადამიანი, რომელიც კონკრეტული იდეისთვის იბრძვის საჯაროდ, ის ავტომატურად პოლიტიკაშია ჩართული:

“თუ ადამიანი იბრძვის იდეებისთვის, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ადამიანის უფლებებისთვის და ა.შ ის პოლიტიკაშია, იქნება ის რომელიმე პარტიის წევრი თუ არა. მე ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიის მიღმა იმ იდეებისთვის ბევრად უფრო შედეგიანი და მკაფიო იქნება, ვიდრე პარტიის ფარგლებში”, – განმარტა ნაცვლიშვილმა.

2020 წლის ნოემბერში, არჩევნების შემდეგ, პარტია გედევან ფოფხაძემაც დატოვა.

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” 2020 წლის 7 ივნისს დაფუძნდა. პარტიის ძირითადი წევრები და ლიდერები პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრები არიან.

პარტიის დამფუძნებლებმა — ბექა ნაცვლიშვილმა, მარიამ ჯაშმა, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ, ჯაბა ჯიშკარიანმა და ლევან გოგიჩაიშვილმა — მმართველი პარტია გასულ, 2019 წელს დატოვეს. მათმა უმეტესობამ მმართველი პარტიის ყოფილ წევრებთან ერთად თავდაპირველად შექმნეს ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები”, რომელსაც მარიამ ჯაში ხელმძღვანელობდა. ფრაქციაში მათთან ერთად იყვნენ ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილიც, თუმცა ისინი სხვა დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ შექმნილ “სოლიდარობის ალიანსს” არ შეუერთდენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი