ახალი ამბები

რა ცვლილებებს ჰპირდება “სოლიდარობის ალიანსი” მოსახლეობას | არჩევნები 2020

28 ოქტომბერი, 2020 • 1541
რა ცვლილებებს ჰპირდება “სოლიდარობის ალიანსი” მოსახლეობას | არჩევნები 2020

პროგრესული გადასახადის შემოღება, მინიმალური ხელფასის რამდენიმე ასეული ლარით განსაზღვრა, სახელმწიფო კლინიკების ქსელის შექმნა – ეს არის ნაწილი დაპირებებისა, რომელსაც “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” ამომრჩეველს ჰპირდება. პარტიას იმედი აქვს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება.

პარტიის შესახებ

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” 2020 წლის 7 ივნისს დაფუძნდა. პარტიის ძირითადი წევრები და ლიდერები პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრები არიან.

პარტიის დამფუძნებლებმა — ბექა ნაცვლიშვილმა, მარიამ ჯაშმა, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ, ჯაბა ჯიშკარიანმა და ლევან გოგიჩაიშვილმა — მმართველი პარტია გასულ წელს დატოვეს. მათმა უმეტესობამ მაართველი პარტიის ყოფილ წევრებთან ერთად თავდაპირველად შექმნეს ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები”, რომელსაც მარიამ ჯაში ხელმძღვანელობდა. ფრაქციაში მათთან ერთად იყვნენ ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილიც, თუმცა ისინი სხვა დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ შექმნილ “სოლიდარობის ალიანსს” არ შეუერთდენენ.

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” ათეული

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს პარტიის ლიდერების ინიცირებით პარლამენტმა 27 კანონპროექტი მიიღო.

პარტიის თანახმად, მათი ხედვა ეფუძნება “სოციალურ სამართლიანობას, სოლიდარობას, კეთილდღეობას და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებით ქვეყნის დემოკრატიისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას”.

პარტიამ წინასაარჩევნო პროგრამა 2020 წლის 5 აგვისტოს წარადგინა. მათი პროგრამა ძირითადად ორიენტირებულია სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე, რომლის საშუალებითაც პარტია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გეგმავს.

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” ქვეყანაში ეკონომიკური მიმართულებით სხვადასხვა რეფორმის გატარებას გეგმავს, მათ შორის არის საშემოსავლო გადასახადების შემცირება, უმუშევრობის დახმარების ახალი სისტემა, ბიზნესის დაფინანსების ახალი მოდელი (ეკონომიკის განვითარების ბანკი), ადგილობრივი მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა და საარსებო მინიმუმის გაზრდა.

პროგრესული გადასახადი

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” ერთ-ერთი მთავარი დაპირება პროგრესული საგადასახდო სისტემის შემოღებაა, რაც მარტივად გულისხმობს შემდეგს: რაც უფრო მეტი შემოსავალი აქვს ადამიანს, იხდის უფრო მეტ გადასახადს. ამჯამად დასაქმებულის ხელფასი იბეგრება 20%-ით.

პარტიას პროგრესული გადასახადი წარმოუდგენია შემდეგნაირად: 1 000 ლარზე დაბალი ხელფასი დაიბეგრება 10%-ით, 1 000-1 500 ლარის ფარგლებში – 13%-ით, 5 000 ლარზე ზემოთ კი, 20%-იანი დაბეგვრის პროცენტის გაზრდას ხელფასის შესაბამისად.

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის თანახმად, გადასახადების ცვლილება რეგულირდება ორგანული კანონით. საქართველოს ორგანულ კანონში “ეკონომიკური თავისუფლების შესახებ” კი განსაზღვრულია, რომ გადასახადების გაზრდა შეუძლებელია რეფერენდუმის ჩატარების ან საქართველოს მთავრობის მოთხოვნის გარეშე.

რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, გადასახადების გაზრდა შესაძლებელია განუსაზღვრელი ვადით, მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში კი, მხოლოდ 3 წლით. თუმცა ორგანულ კანონში ასევე აღნიშნულია, რომ რეფერენდუმის ინიცირების უფლებაც მხოლოდ მთავრობას აქვს. ამასთან, პროგრესული გადასახადების შემთხვევაში, ორგანული კანონით განსაზღვრულია, რომ “დაუშვებელია, რეფერენდუმის საგანი იყოს გადასახადის პროგრესულობის პრინციპი ან მეთოდოლოგია/საგადასახადო რეჟიმი”.

პარტიის თავმჯდომარისა და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბექა ნაცვლიშვილის განმარტებით, აღნიშნული მუხლის გათვალისწინებით, პარტია დასაწყისისთვის მხოლოდ 3 წლის ვადით გეგმავს ცვლილებების გატარებას. შემდგომ კი, როგორც ნაცვლიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, ამ ცვლილების შედეგად მიღწეული შედეგები ხალხს აზრს შეაცვლევინებს და ცვლილების განუსაზღვრელი ვადით განხორციელებას რეფერენდუმზე მხარს დაუჭერენ.

ნაცვლიშვილი ასევე ამბობს, რომ ამჟამად პარტიის მთავარი მიზანი არა ხელისუფლებაში მოსვლა, არამედ ძირითადი ოპოზიციურ ძალად ქცევაა. მთავრობაში მოსვლის გარეშე კი პარტია აღნიშნულ ცვლილებებს ვერ განახორციელებს.

როგორც იურისტმა ლევან ალაფიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, საქართველოში არსებობს კონსტიტუციური პრინციპი, რომ ყველა საკითხის კანონით მოწესრიგების უფლება აქვს პარლამენტს, თუმცა პარლამენტი კონსტიტუციის მიღებით აწესებს საკითხებს, რომლითაც საკუთარ უფლებამოსილებასაც ზღუდავს. ერთ-ერთი ასეთია თავისუფლების აქტით განსაზღვრული წესი, რომლის მიხედვითაც, გადასახადების დროებით გაზრდის ინიცირება მხოლოდ მთავრობის უფლებამოსილებაა, პარლამენტი თავისი ინიციატივით ამას ვერ გააკეთებს. პარლამენტი მხოლოდ კენჭს უყრის, თუმცა კენჭისყრამდე უნდა მივიდეს საქმე. ანუ უმრავლესობა ვისაც ექნება, იმ მთავრობამ უნდა შეიტანოს პარმალენტში ეს საკითხი განსახილველად.

ალაფაშვილის თქმით, ამის გათვალისწინებით, კონკრეტულ პარტიას მხოლოდ ორი გზით შეუძლია გადასახადების გაზრდა:

  • საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის;
  • ორგანული კანონის გაუქმების გზით.

ორგანული კანონის გასაუქმებლად კი პარლამენტში საჭიროა, მინიმუმ, 76-ს პლუს 1 ხმა. ალაფიშვილის განმარტებით, თუ პარტიას არ ექნება უმრავლესობა ორგანული კანონის გასაუქმებლად, მას შეუძლია საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხორციელება და საშემოსავლო გადასახადების პროცენტის ამ გზით შემცირება, თუმცა, “იმ შემთხვევაში, თუ კვლავ მოუნდება გადასახადების გაზრდა, ამას ვეღარ შეძლებს, რადგან ამას ორგანული კანონი კრძალავს”.

მინიმალური ხელფასი

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება მინიმალურ ხელფასად არსებული საშუალო ხელფასის 45%-ის დაკანონებაა.

2020 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი 1 150.1 ლარია. ეს ნიშნავს, რომ “სოლიდარობის ალიანსის” პროგრამის მიხედვით, მინიმალური ხელფასი ამ ეტაპზე 517.5 ლარით განისაზღვრება.

აღნიშნულის გაკეთების მცდელობა დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილს 2019 წელსაც ჰქონდა, მაგრამ- უშედეგოდ. მან დაარეგისტრირა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი სწორედ 500 ლარით (ხელზე ასაღები 400) უნდა განსაზღვრულიყო, რაც საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 45%-ს შეადგენს.

პარლამენტში კანონპროექტს წინააღმდეგობა შეხვდა და შედეგად, 2020 წელს მიღებულ შრომის კოდექსის ცვლილებებში მინიმალური ხელფასის შესახებ ჩანაწერი არ მოხვდა. მინიმალური ხელფასის დაწესებას ეწინააღმდეგება საქართველოს ბიზნესასოციაციაც, რომელიც საქართველოში მომუშავე მსხვილ კომპანიებს აერთიანებს. ინიციატივის მოწინააღმდეგეთა არგუმენტი იყო ის, რომ ეს გადაწყვეტილება გაზრდის უმუშევრობას, რადგან ის ბიზნესი, რომელსაც არ ექნება საშუალება, 500-ლარიანი ხელფასი დაუწესოს თანამშრომელს, დაიხურება.

საშუალო ხელფასი ორი მეთოდით ითვლება: საშუალო არითმეტიკულის და მედიანურის პრინციპით. საშუალო არითმეტიკულის შემთხვევაში, საერთო ჯამური ხელფასები იყოფა იმ ადამიანების რაოდენობაზე, ვინც ხელფასს იღებს. მედიანურის შემთხვევაში კი, ხელფასები ლაგდება ზრდადობის მიხედვით და მედიანურ ხელფასად ითვლება მონაცემების შუაში მოქცეული რიცხვი. საქსტატი საშუალო ხელფასს საშუალო არითმეტიკულის პრინციპით ანგარიშობს.

ნაცვლიშვილის განმარტებით, რადგან ამჟამად საქართველოში ხელფასებს საშუალო არითმეტიკული მეთოდით ითვლიან, პარტია სწორედ ამ მეთოდის შედეგად მიღებული რიცხვის მიხედვით ანგარიშობს მინიმალურ ხელფასს. თუმცა, ნაცვლიშვილის თქმით, შესაძლებელია საშუალო ხელფასის მედიანური პრინციპით დათვლაზე გადასვლაც, ამ შემთხვევაში კი მინიმალური ხელფასი იქნება მედიანურის დაახლოებით 80%.

ვრცლად ხელფასის საშუალო არითმეტიკულითა და მედიანური მეთოდით გამოთვლაზე, წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია.

უმუშევრობის დახმარება

კიდევ ერთი დაპირება, რაც “სოლიდარობის ალიანსს” სხვა ძირითადი პარტიებისგან შედარებით გამოარჩევს, უმუშევრობის დახმარებაა. პროგრამის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პირი 6 თვის განმავლობაში უწყვეტად იხდიდა საშემოსავლო გადასახადს, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, 3 თვის განმავლობაში, ის დაკარგული ხელფასის 70%-ს, მომდევნო 3 თვეში ხელფასის 50%-ს მიიღებს.

როგორც პარტიის პროგრამიდან ირკვევა, უმუშევარ ადამიანებს ბიუჯეტიდან დააფინანსებენ. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი ფულიდან 2% სწორედ უმუშევრობის დახმარებაზე მიემართება. ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ეს დაახლოებით 70 მილიონი ლარია. ნაცვლიშვილის განმარტებით, მისი გამოთვლებით, აღნიშნული თანხა ეყოფა 20 000-მდე ადამიანს, “ყოველწლიურად კი ამდენი ადამიანი სამსახურს არ კარგავს”.

ეკონომიკის განვითარების ბანკი

“სოლიდარობის ალიანსის” საარჩევნო პროგრამის თანახმად, ფინანსური ინსტიტუტებისა და საბიუჯეტო რესურსების გამოყენებით ქვეყანაში შეიქმნება ეკონომიკური განვითარების ბანკი, რომელიც ადგილობრივ წარმოებას, სოფლის მეურნეობას და “ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა პროექტებს” დააფინანსებს.

პარტიის თავმჯდომარის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მათი გამოთვლებით, ბანკში დასაწყის ეტაპზე 1.5-2 მილიარდ ლარამდე თანხა მობილიზდება და ეს თანხ, ძირითადად იქნება ორიენტირებული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაზე. კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საავიაციო ინდუსტრიას, მანქანათმშენებლობას და მსუბუქ მრეწველობას, სამედიცინო და ფარმაცევტულ მრეწველობას, სამედიცინო ტურზმს, სამშენებლო მასალისა და ავეჯის წარმოებას.

ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოში ამ დარგების განვითარების რეალური პოტენციალი არსებობს, რადგან ქვეყანას აქვს ამ მიმართულებით გამოცდილება და ცოდნა.

“მაგალითად, რომ ავიღოთ 31-ე ქარხანა, რომელიც საავიაციო ქარხანაა, ვაგონშემკეთებელი ქარხანა, ავეჯის წარმოება, დიზაინი, მსუბუქი მრეწველობა, სამშენებლო მასალების წარმოება, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ძირითადი წამყვანი სექტორია. სამშენებლო მასალა კი შემოგვაქვს. არავინ არ დაფიქრებულა იმაზე, რომ ამხელა მოთხოვნაა სამშენებლო მასალებზე და ქვეყნის შიგნით გაეკეთებინა ეს ყველაფერი”, – განმარტა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის აზრით, აღნიშნული სქემით წარმოების დაფინანსება ხელს შეუწყობს ბიუჯეტში დამატებითი თანხების შესვლას. მისი თქმით, სისტემა ამ სქემით იმუშავებს:

“ბიუჯეტში თანხები გაიზრდება წარმოების ხარჯზე, შემდეგ ბიუჯეტიდან წავა ფული ამ ფონდში (განვითარების ბანკში). შემდგომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დაინახავენ, რომ აქედან რაღაც ნამდვილად კეთდება და, რა თქმა უნდა, მათთვის ეს მიმზიდველი იქნება”, – განმარტა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდულ თანხებს, ნაცვლიშვილის თქმით, პარტია ფინანსური რესურსის, ძირითადად, ვალის სახით აღებას და ბიზნესზე იაფად გასესხებას გეგმავს.

ნაცვლიშვილის განმარტებით, როდესაც გაჩნდება დაფინანსების ალტერნატიული წყარო, კომერციულ ბანკებშიც შემცირდება ფულზე მოთხოვნაც და კომერციული ბანკები სესხს გააიაფებენ.

თუმცა, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის გაანგარიშებით, საქართველოს ვალი 2020 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 58%-ს მიაღწევს, აქედან საგარეო ვალი 46.2%, ხოლო საშინაო ვალი 11.8% იქნება. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კი, მთავრობის ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ლიმიტის მიღწევასთან ერთად სახელმწიფო დამატებით ვალს ვეღარ აიღებს.

ბექა ნაცვლიშვილი აღიარებს, რომ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, დამატებითი სახელმწიფო ვალის აღება ამ ეტაპზე პრობლემაა, მაგრამ მას სჯერა, რომ თავისი პარტიის გეგმის მიხედვით, ეკონომიკური კრიზისის დაძლევა სწრაფად არის შესახლძებელი.

საარსებო მინიმუმი

ნაცვლიშვილის თქმით, სოციალური პოლიტიკა მთლიანად უნდა დაეფუძნოს საარსებო მინიმუმს. ასევე, მისი თქმით, უნდა შეიცვალოს საარსებო მინიმუმის განსაზღვრის მეთოდოლოგია.

ნაცვლიშვილის განმარტებით, დღევანდელი მეთოდოლოგიის მიხედვით გაანგარიშებულია, რომ საარსებო მინიმუმის 70% არის საკვები, 30% კი, სხვა დანარჩენი. მისი თქმით, საკვების ნაწილში კალორაჟი არის დაბალი, ასევე გათვალისწინებულია შევაჭრების კოეფიციენტი, რომელიც მოძველებულია და აღარ არსებობს. ამასთან, ნაცვლიშვილის თქმით, საარსებო მინიმუმის 30%-ში გათვალისწინებულია კომუნალური გადასახადები, ტანსაცმელი, ტრანსპორტი და ყველა მსგავსი ხარჯი. პარტიის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით კი, საკვებსა და სხვა დანარჩენზე ხარჯები თანაბრად გადანაწილდება.

მისი თქმით, ამ მეთოდოლოგიით, საწყის ეტაპზე საარსებო მინიმუმი 182 ლარის ნაცვლად, 386 ლარი უნდა გახდეს.

ასევე, პარტიის პროგრამის მიხედვით, “თუ ოჯახის ერთი წევრიც დასაქმდება და მისი ხელფასი იქნება ოჯახისთვის საკმარისი საარსებო მინიმუმის შესაბამისი ან ნაკლები, ოჯახს შეუნარჩუნდება ყველა ის ფულადი თუ არაფულადი დახმარება, რასაც სახელმწიფო სთავაზობს”.

ნაცვლიშვილის თქმით, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის დასაქმებული წვერის/წევრების საერთო შემოსავალი ვერ დააკმაყოფილებს თითოეულ წევრზე გაანგარიშებულ საარსებო მინიმუმს. გადამოწმების შედეგად თუ დადგინდება, რომ ოჯახის მდგოამრეობა გაუმჯობესდება, მათ ეს დახმარება მოეხსნებათ.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი თანხების მოძიებას, ნაცვლიშვილის თქმით, ამის შესასრულებლად სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზება არ გახდება საჭირო, რადგან ოჯახს უკვე არსებული დახმარება შეუნარჩუნდება.

საბინაო პოლიტიკა

“სოლიდარობის ალიანსის” პროგრამის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, კანადის, ფინეთის და სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას სახელმწიფო საბინაო პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც, თითოეული მოქალაქე იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი სახლით.

ბექა ნაცვლიშვილის განმარტებით, ამის მისაღწევად, პირველ რიგში, უნდა აიკრძალოს ოჯახის ყველა წევრის თანხმობის გარეშე ადამიანებზე სესხის გაცემა ბინის უზრუნველყოფით. იმ ოჯახებში კი, სადაც არასრუწლოვნებიც ცხოვრობენ, ბინის უზრუნველყოფით სესხი საერთოდ არ გაიცემა.

ასევე, საბინაო პოლიტიკის ამოქმედებამდე აიკრძალება ადამიანებისთვის უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლება. საბინაო პოლიტიკის ამოქმედების შემდეგ კი ეს მექანიზმი კვლავ განახლდება, ანუ ადამიანების გამოსახლება უკანასკნელი საცხოვრებელი სახლიდან კვლავ შესაძლებელი გახდება, რადგან ნაცვლიშვილის თანახმად, ამ შემთხვევაში ასეთ ადამიანებს საცხოვრებელი ფართებით სახელმწიფო უზრუნველყოფს, ან მათთვის სახლის შეძენა იქნება ხელმისაწვდომი.

კითხვაზე, გაზრდის თუ არა ეს რისკს, რომ ადამიანები საბანკო ვალდებულებების გადახდას შეწყვეტენ, ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ოჯახის ყველა წევრის თანხმობით საცხოვრებლის იპოთეკით დატვირთვა იშვიათია.

ბექა ნაცვლიშვილი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ისეთ რეფორმებს გაატარებს, რომლის შედეგადაც, მოქალაქეს ბიზნესისთვის არ დასჭირდება სესხის აღება და ამის გამო იპოთეკით დატვირთვა. ასევე, მას არ დასჭირდება სესხის აღება ძვირადღირებული მკურნალობისთვის. მისივე დაპირებით, ამას უზრუნველყოფს ჯანდაცვის რეფორმა და მოქალაქეებზე მკურნალობის ხელმისაწვდომობა.

როგორც “ნეტგაზეთთან” საუბრისას ნაცვლიშვილმა განმარტა, “ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა კონკრეტული დროის განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან საბოლოო შედეგამდე ეტაპობრივად უნდა მივიდეს სახელმწიფო.”

ამასთან, ნაცვლიშვილის თქმით, სახელმწიფო საბინაო პოლიტიკა ერთ ადამიანზე 14 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართით უზრუნვლყოფას ითვალისწინებს (მწვანე კარკასი). თითო კვადრატული ფართი კი დაახლოებით 350-400 დოლარამდე დაჯდება.

რაც შეეხება თანხების მობილიზებას, პროგრამის მიხედვით, საბინაო პოლიტიკის განსახორციელებლად თანხები საპენსიო ფონდიდან დაიხარჯება და შეიქმნება საბინაო ფონდი. “სოლიდარობის ალიანსის” დაპირების თანახმად, დასაწყის ეტაპზე ამ პროგრამით ისარგებლებს 40 000-მდე უსახლკაროდ დარჩენილი დევნილი, ახალგაზრდა და მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირები და ვეტერანები.

ჯანდაცვა

“სოლიდარობის ალიანსის” პროგრამის მიხედვით, ჯანდაცვის სისტემის საყრდენი უნდა გახდეს პირველადი მედიცინა და რეგიონალური, არაკომერციული ჰოსპიტალები. პარტიის თამჯდომარის, ბექა ნაცვიშვილის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მუნიციპალური სახელმწიფო კლინიკების შექმნა, რომლებიც არ იმუშავებენ მოგებაზე. ნაცვლიშვილის დაპირებით, ეს პროექტი დროთა განმავლობაში განხორციელდება.

საქართველოში დღეს არსებული სამედიცინო დაწესებულებების აბსოლუტური უმრავლესობა კერძო მესაკუთრეების ხელშია. საქართველოში 2007 წლიდან ამოქმედდა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა და დაიწყო ჰოსპიტალური სექტორის სრული პრივატიზება, რაც 2012 წლამდე გაგრძელდა. საერთაშორისო გამჭვირვალეობა- საქართველოს 2012 წლის ანგარიშში საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის შესახებ ნათქვამია, რომ დაწყებული რეფორმის შედეგად, საქართველოში თითქმის ყველა საავადმყოფოს მესაკუთრეები კერძო ინვესტორები არიან. საქართველოში არსებული საავადმყოფოების თითქმის 40%-ს სადაზღვევო კომპანიები ფლობენ, 30%-ს – ფიზიკური პირები, ხოლო 20%-ს- სხვადასხვა ტიპის კომპანიები.

კითხვაზე, ამ პირობებში როგორ წარმოუდგენია პარტიას სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების ქსელის აწყობა და კერძო კლინიკების მომავალი, ნაცვლიშვილი პასუხობს, რომ მას კერძო კლინიკების ინტერესები არ აინტერესებს, “რადგან საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას”.

ნაცვლიშვილის აზრით, სახელმწიფო სამედიცინო ქსელის მოწყობის შედეგად, კერძო კლინიკები იძულებული გახდებიან, გადავიდნენ არაკომერციულ მუშაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შეწყვიტონ მუშაობა ან განავითარონ სამედიცნო ტურიზმი. კერძოდ, მათ საშუალება ექნებათ სპეციალიზირდნენ კონკრეტულ მიმართულებზე და ძირითადად სამედიცინო ტურისტების მოზიდვაზე იმუშაონ.

ბექა ნაცვლიშვილს სჯერა, რომ რეფორმის ამ ფორმით განხორციელება სამედიცინო ხარჯებს შეამცირებს. მისი თქმით, საწყის ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება ბიუჯეტთან იქნება მიბმული, თუმცა მას შემდეგ, რაც სხვა ეკონომიკური და სოციალური რეფორმების საფუძველზე შემცირდება უმუშევრობის დონე და მისი რეალური მაჩვენებელი 7-8%-ს მიაღწევს, მოქალაქეები შემოსავლიდან გადაიხდიან დამატებით პროცენტს ჯანდაცვის ფონდში იმ პრინციპით, რა პრინციპითაც ახლა საპენსიო ფონდი ივსება. ნაცლიშვილის განმარტებით, ეს შორეული პერსპექტივაა, თუმცა, კონკრეტულად რა დროზეა ლაპარაკი, ამის გამოთვლა ამ ეტაპზე მისთვის შეუძლებელია.

განათლება

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის” ალიანსის საარჩევნო დაპირებები განათლების მიმართულებით არაერთ საკითხს მოიცავს. კერძოდ:

  • აღმოიფხვრება სოციალური უთანასწორობა სკოლის მოსწავლეებს შორის;
  • სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული ყველა სტუდენტისთვის სწავლა იქნება უფასო;

როგორც ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, მოსწავლეებს შორის განსხვავებული აკადემიური შედეგები განპირობებულია მათი სოციალური მდგომარეობით, რაც მოსწავლეებს შორის უთანასწორობას ქმნის. მისი თქმით, ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად მათთვის შეიქმნება გახანგრძლივებული კლასები. კერძოდ, ისეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 ათასზე ნაკლებია, გადაეცემათ ვაუჩერი 100-150 ლარის ოდენობით.

“კვლევების მიხედვით, დაბალშემოსავლიანი ოჯახის შვილები და რეგიონებში მცხოვრები ბავშვები აკადემიური მოსწრებით 3 წლით ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს შედარებით უზრუნველყოფილი ოჯახებიდან იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, მშობლები ძალიან მძიმე სამუშაოზე მუშაობენ და დრო არ რჩებათ ბავშვების დასახმარებლად, არ აქვთ კულტურულ კაპიტალზე წვდომა, არ აქვთ წიგნები და ა.შ.

სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაწესებთ ასეთი ოჯახებისთვის დამატებით დახმარებას იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი გახანგრძლივებულ მეცადინეობებს დაესწრება”, – განმარტა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს სპეციალიზებული მასწავლებლები ინდივიდუალირად მოამზადებენ, რათა ბავშვები სახლში “უსწავლელები არ დაბრუნდნენ”. მშობლის პასუხისმგებლობა კი იქნება, რომ ბავშვს გახანგრძლივებულ კლასებზე დასწრებისკენ მოუწოდოს, რადგან სახელმწიფო ამაში მათ დამატებით ფულს გადაუხდის.

ბექა ნაცვლიშვილს სჯერა, რომ გახანგრძლივებული სწავლებისთვის მასწავლებელთა მობილიზება ბიუჯეტს დამატებითი ფული არ დაუჯდება, რადგან “ეს იქნება მოხალისეობრივი და ამ პროცესში ჩართვა შესაძლებელი იქნება ბაკალავრიატის საფეხურის დამთავრებული სტუდენტებისთვისაც”.

ბექა ნაცვლიშვილი

ასევე, პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სრულად დააფინანსებს სახელმწიფო, თუმცა გართულდება გამოცდები, რომლითაც ადამიანები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხებიან.

“ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები მიზანმიმართულად ჩაიჭრებიან. არამედ, ეს ნიშნავს, რომ სკოლაში ყველა ბავშვი მიიღებს სრულფასოვან განათლებას, განსაკუთრებით, დაბალშემოსავლიანი ბავშვები. სწორედ ამ მექანიზმების ამუშავების საფუძველზე მათი სწავლის პროცესში ჩამორჩენა არ იქნება ისეთი საგრძნობი, როგორიც დღესაა.

მათ ექნებათ თითქმის იმავე ცოდნაზე ხელმისაწვდომობა, რაც შედარებით უზრუნველყოფილი ოჯახების შვილებს აქვთ”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, კონკრეტული მიმართულებით რამდენი სპეციალისტია საჭირო და სწორედ ამის მიხედვით უნდა გამოიყოს ყოველწლიურად ადგილები უმაღლეს სასწავლებლებში.

ამასთან, ნაცვლიშვილის თქმით, შეიცვლება სასკოლო სისტემაც, კერძოდ, 10 კლასამდე მოსწავლეები სკოლაში ისწავლიან, 10 კლასის შემდეგ კი, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, შეიქმნება ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო გიმნაზიები და კოლეჯები. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შესაძლებლობა არ ექნება, მას შეეძლება კოლეჯში ჩაბარება. ნაცვლიშვილის თქმით, კოლეჯის დამთავრების შედეგად ადამიანებს დასაქმების უფრო მაღალი შესაძლებლობა ექნებათ.

თუმცა, ნაცვლიშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს კოლეჯის დამთავრების შემდგომ სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელების სურვილი ექნება, მას ამის შესაძლებლობაც მიეცემა.

მართლმსაჯულების სისტემა

“სოლიდარობის ალიანსის” პროგრამის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსახლეობამ პირდაპირი წესით უნდა აირჩიოს. გარდა ამისა, ხელახლა უნდა აირჩიონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მსურველ მოსამართლეებს საშუალება ექნებათ, საარჩევნო კამპანიაში ჩაერთონ, გამოქვეყნდება მათ მიერ განხილული საქმეები, რაც ამომრჩეველს გაუადვილებს არჩევანს.

კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია მას, რომ სპეციალური განათლების არმქონე ამომრჩეველი გაერკვეს სპეციფიურ სამართლებრივ/იურიდიულ საკითხებში და ამის მიხედვით გააკეთოს არჩევანი, ნაცვლიშვილი პასუხობს, რომ მედიაში წარმოებული საჯარო განხილვები “საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მოსახლეობამ სწორი არჩევანი გააკეთოს”.

რაც შეეხება უზენაესი სასამართოს მოქმედი მოსამართლეების გადაყენებას, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესაცვლელად პარტია გეგმავს, რომ გამოითხოვოს იმ მოსამართლეების საქმეები, რომლებზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა და ისინი ამის მიხედვით გადააყენოს.

საგარეო პოლიტიკა

“სოლიდარობის ალიანსის” წინასაარჩევნო პროგრამაში აღნიშნულია, რომ პარტიის მთავარ საგარეო ვექტორს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს, რის მისაღწევადაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველო “მშვიდობის სივრცედ” იქცეს.

თუმცა, საქართველოს ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, ამის მისაღწევად საჭიროა დეოკუპაცია, რისთვისაც ის ჟენევის მოლაპრაკებების “მაღალ დონეზე” აყვანას გეგმავს. ნაცვლიშვილის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ მოლაპარკების მაგიდასთან უნდა შეიკრიბონ გადაწყვეტილების მიმღები პირები და არა “უბრალოდ ამბის მიმტანი ადამიანები”.

ნაცვლიშვილის თქმით, ქვეყანას ამ ეტაპზე არ აქვს ისეთი გეგმა, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს. კერძოდ, მისი განმარტებით, საჭიროა კონკრეტული დარგების გამოყოფა, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტული იქნება.

ნაცვლიშვილის მოსაზრებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება გაზრდის აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებების წარმატებით განხორციელების შესაძლებლობებს. მისი თქმით, ამ პროცესებში მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ომი არ არის გამოსავალი.

“ტერიტორიული მთლიანობის ომით დაბრუნება უკვე გამორიცხულია. იმიტომ კი არა, რომ ვინმე ვინმეს ვერ დაამარცხებს. როდესაც ომი ხდება, იქ ადამიანები ერთად თანაცხოვრებას ვერ იწყებენ, ადამიანები ერთმანეთთან ვერ რიგდებიან. ომის შემდგომ პროცესს უკვე ვეღარ მისცემ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას.

ამიტომ, მთავარია ჟენევის მოლაპარაკებების უფრო მაღალ ხარისხში აყვანა და მოლაპარაკებების გააქტიურება, თუ საჭიროა, პირდაპირი დიალოგი, თუმცა საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირების საფუძველზე. შემდეგ კი ქვეყნის ისე განვითარება, რომ ოკუპირებული რეგიონებისთვის მიმზიდველი გახდე”, – მიიჩნევს ბექა ნაცვლიშვილი,.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, დასაწყის ეტაპზე აფხაზებთან და ოსებთან “სტატუსნეიტრალური” მოლაპარაკებები უნდა შედგეს, ანუ თავდაპირველად არ მოხდეს ამ ტერიტორეიბის სტატუსებზე საუბარი და მოლაპარაკებები ჰუმანიტარული კუთხით განხორციელდეს.

“მაგალითად, შეგვიძლია თავდაპირველად დევნილების დაბრუნებაზე მოლაპრაკებების წარმოება, შემდეგ- ეკონომიკური სივრცის გახსნასა და მათ ინტეგრაციეაზე და ა.შ. ანუ ფუნქციონალიზმის პრინციპით, ჯერ ერთ ფუნქციასთან მოხდეს ინტეგრირება, შემდეგ, მეორესთან და ა.შ.”, – განმარტა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება ამ პროცესში რუსეთის როლს, ნაცვლიშვილის თქმით, აუცილებელია რუსეთის როლის გათვალისწინება, თუმცა ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, რომლის ფარგლებში მოლაპარაკებები განხორციელდება საერთაშორისო დონეზე, განვითარდება საქართველოს ეკონომიკა, მოხდება აფხაზებისა და ოსების ეკონომიკური ინტეგრაცია და ა.შ.

შესაძლო კოალიცია

“ნეტგაზეთთან” საუბრისას პარტიის ლიდერმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ “სოლიდარობის ალიანსის” მსგავსი ხედვები ამ ეტაპზე არცერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას არ აქვს და პარტია გეგმავს, რომ ძირითადი ოპოზიციური ძალა გახდება.

“ჩვენ პარლამენტში ვიბრძოლებთ ჩვენი იდეებისთვის და, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ხელისუფლების პოზიტიური ალტერნატივა გავხდებით, გავიზრდებით იმის საფუძველზე, რომ ყველა დაინახავს ჩვენს სწორ ხედვებს და არ ვართ უბრალოდ რევანშისტი გაბრაზებული ძალა, რომლის ერთადერთი მიზანი ვიღაცის შეცვლაა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, პარტიის შეზღუდული რესურსიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ხელისუფლებაში მოსვლის იმედი არ აქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტია დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებას ვერ შეძლებს:

“ჩვენ ხომ არ დავიწყებთ ბაქიბუქს, რომ ხელისუფლებაში მოვდივართ ახლა. შეიძლება, ყველაზე უკეთესები ვართ, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება რესურსი. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტი ხმები ავიღოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ გავხდეთ პოზიტიური ალტერნატივა. დღეს არსებობს ხელისუფლების ნეგატიური ალტერნატივა და სწორედ ეს აძლევს ხელს ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარტია საკუთარი ხედვების ხალხამდე მიტანას შეძლებს და არჩევნებიც ობიექტურად ჩატარდება, ისინი ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებენ. პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ისინი საკუთარი პროგრამის მიხედვით კანონპროექტების ინიცირებას მოახდენენ და თუ სხვა პარტიები მხარს არ დაუჭერენ, “ხალხი დაინახავს, რომ კარგ კანონს არ დაუჭირეს მხარი, შესაბამისად, პროტესტის გრძნობაც გაიზრდება და მოსახლეობა ამისთვის იბრძოლებს”.

ნაცვლიშვილის თქმით, ამ ეტაპზე პარტია კოალიციაზე საუბარს არ აპირებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ “სოლიდარობის ალიანსი” კოალიციის ფორმირებისას გადამწყვეტი ძალა გახდება, პარტია მხოლოდ იმ ჯგუფთან გაერთიანდება, ვინც მათ ხედვებს იზიარებს. პარტიის თავმჯდომარის თქმით, პარტია კოალიცას არ შექმნის “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოსთან”, რადგან მათთან მკვეთრი იდეური განსხვავებები აქვთ.

რაც შეეხება “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას, ნაცვლიშვილის თქმით, პარტია ამჟამინდელ მმართველ ძალასთან კოალიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუ იქნება დესტაბილიზაციის საფრთხე და “ქართული ოცნება” “სოლიდარობის ალიანსის” რეფორმებს გაითავისებს და ხელს მოაწერს მათ განხორციელებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაცვლიშვილი “ოცნებასთან” კოალიციას გამორიცხავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი