ახალი ამბები

ბესელია: გედევან ფოფხაძე უმრავლესობიდან არ წასულა და ნურავის ეჩქარება ეს პროცესი

10 აპრილი, 2018 • 2063
ბესელია: გედევან ფოფხაძე უმრავლესობიდან არ წასულა და ნურავის ეჩქარება ეს პროცესი

“გედევან ფოფხაძე უმრავლესობიდან არ წასულა და ნურავის ნუ ეჩქარება ეს პროცესი. მე მგონია, რომ ვისაც ძალაინ ეჩქარება, სულ ტყუილად,”- განაცხადა ეკა ბესელიამ გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან შესაძლო გასვლის თაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არჩევა დაასახელა.

გედევან ფოფხაძის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა უმრავლესობის შიგნით. მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, დავით მათიკაშვილის მხრიდან.

“ასეთ საკითხებზე მე არ მომწონს ეს საჯარო დისკუსიები და ეს ამხანაგური სასამართლოებიც ძალაინ უხერხულია, ამიტომ ამას თავი უნდა დაანებოს ყველამ,”- განაცხადა ეკა ბესელიამ, თუმცა არ დააკონკრეტა, თუ ვის გულისხმობდა.

ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა გაიმართოს შეხვედრა უმრავლესობის შიგნით.

“გედიც, ვიცი, რომ ამ შეხვედრას ელოდება.  მას არავითარი პროცედურები არ დაუწყია, არავითარი განცხადება არ დაუწერია. მან თქვა, რომ რაღაც საკითხები არის გასარკვევი და, ბუნებრივია, ეს უნდა მოხდეს უმრავლესობის ფორმატში, როდესაც ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა გუნდის შიგნით. ეს საჯარო განხილვები, ვის რა მოეწონა, არ მოეწონა, რატომ არ მოეწონა, არ მგონია, რომ იყოს კარგი და ჯანსაღი,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი