ახალი ამბები

ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

5 აპრილი, 2018 •
ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთვრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. 5 აპრილს, გამთენიისას, ჭიათურაში, მინდელის სახელობის შახტში დაღუპული 6 მეშახტის ხსოვნის პატივსაცემად, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა. დაშვებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევისას სხეულის მძიმე დაზიანებების შედეგად დაიღუპნენ მინდელის სახელობის შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატები: 1972 წელს დაბადებული მ. ქ, ოსტატ-ამფეთქებელი – 1968 წელს დაბადებული ბ. გ, სამთო მუშები – 1992 წელს დაბადებული პ. გ, 1959 წელს დაბადებული გ. რ, 1990 წელს დაბადებული გ.ბ. და 1966 წელს დაბადებული ე.ბ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, ტრადიციულად, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მანამდე:

2017 წლის 9 მაისს მინდელის სახელობის შახტში 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან 4 ემსხვერპლა ლიფტის ჩავარდნას.

გასული წლის 9 მაისს თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, დაღუპული მეშახტეების ოჯახებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ხმაურიან აქციაზე პოლიციამ 2 აქტივისტი გზის გადაკეტვის გამო დააკავა.

ვინ მართავს მინდელის შახტს

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე 11 ადამიანი დაიღუპა, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არა-ღმასრულებელი დირექტორი- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში -ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები 9 მაისს პარლამენტის ტერიტორიიდან სწორედ დავით ბეჟუაშვილის სახლთანაც მივიდნენ მინდელის შახტში არსებული შრომითი მდგომარეობის გასაპროტესტებლად.

შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის პროექტი 6 წელიწადი ელოდებოდა განხილვას. კანონპროექტი სულ ახალხან, 2018 წლის 7 მარტს, მიიღეს უმაღლესმა კანონმდებლებმა, თუმცა არა თავდაპირველი ვერსიით.

მეშახტეები და მაღაროელები ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს უარეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან მაშინ ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდნენ, თუმცა მათი მდგომარეობა დიდად არც 2012 წლის შემდეგ შეცვლილა.

შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის ახალი ვერსიის მიხედვით, პირობების დარღვევის შემთხვევაში სანქციები იზრდება და 100-დან 50 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. თუმცა კანონის მოთხოვნები მხოლოდ  მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სულ მცირე 11 სფეროზე გავრცელდება. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს კანონის გავრცელების არეალის დავიწროებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი