ახალი ამბები

ტყიბულში 6 მეშახტე დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

5 აპრილი, 2018 • 24943
ტყიბულში 6 მეშახტე დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, გამთენიისას გვირაბი ჩამოიშალა, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

უწყების ცნობით, შეტყობინება მომხდარის შესახებ “112-ში” დღეს, 5 აპრილს, გამთენიისას შევიდა.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში დეფორმირდა კედელი, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ჩამონგრევის დროს ამავე შახტში მყოფმა სამთო ოსტატმა – 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შემთხვევისას სხეულის მძიმე დაზიანებების შედეგად დაიღუპნენ ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატები: 1972 წელს დაბადებული მ. ქ, ოსტატ-ამფეთქებელი – 1968 წელს დაბადებული ბ. გ, სამთო მუშები – 1992 წელს დაბადებული პ. გ, 1959 წელს დაბადებული გ. რ, 1990 წელს დაბადებული გ.ბ. და 1966 წელს დაბადებული ე.ბ.

როგორც შსს იუწყება, ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მყოფი მუშების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გასულ წელს მინდელის შახტში  5 მეშახტე დაიღუპა. აქედან 4 ემსხვერპლა შახტში ლიფტის ჩავარდნას.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი, სადაც 5 აპირლს 6 მუშა დაიღუპა, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არა-აღმასრულებელი დირექტორი გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი.

“ნეტგაზეთი” მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს არკვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი