ახალი ამბები

ტყიბულის შახტში ჩავარდნილი ოთხივე მუშა დაიღუპა

9 მაისი, 2017 • 10520
ტყიბულის შახტში ჩავარდნილი ოთხივე მუშა დაიღუპა

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის, ილია ლეჟავას განცხადებით, დაღუპულია ოთხივე მუშა, რომლებიც დღეს ტყიბულში, სატვირთო ლიფტის შახტში ჩავარდნენ.

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი, თემურ გვენეტაძე გვეუბნება, რომ  ცხედრები არ უპოვიათ, თუმცა 400 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნილი მეშახტეების გადარჩენის შანსი ძალზე მცირეა. იგი მუშების მონათხრობის საფუძველზე გვიყვება, თუ რა მოხდა ტყიბულის შახტაში:

“წინასწარი ინფორმაციით, შახტის აწევის მექანიზმი, ლიფტი, რომელიც რემონტდებოდა, ჩაწყდა. როგორც მაღაროელები ამბობენ, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ბაგირები, ტროსები იცვლებოდა და ეს ოთხი ადამიანი ემსახურებოდა ამ მექანიზმის რემონტს. ჩაწყდა, 350-400 მეტრის სიღრმეში ჩავარდა ეს მექანიზმი და ჩაიყოლა ოთხი მაღაროელი. ამ წუთას მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილები არიან, არ არის, თუმცა შანსი ძალიან ცოტაა იმიტომ, რომ სიმაღლე დიდია. ცხედრები არ უპოვიათ, გართულებულია სამძებრო სამუშაოები იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთული მექანიზმი ჩაიშალა,”- გვეუბნება თემურ გვენეტაძე.

გვენეტაძის თქმითვე, პროფკავშირი აუცილებლად მოითხოვს უბედური შემთხვევის კვლევის კომისიაში მონაწილეობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. შსს-ს ცნობითვე, ადგილზე მობილზებული არიან სამართალდამცველები, სამაშველო  სამსახურის თანამშრომლები. თბილისიდან ტყიბულში კი დამატებით სამთო-სამაშველო ჯგუფი მიემართება.

ასევე, ეკონიმიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა გიორგი გახარიამ ტყიბულში ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები გაგზავნა.

მოგვიანებით ეკონომიკის სამინისტრომ გვაცნობა, რომ ტყიბულში გაემგზავრა გიორგი გახარიაც.

“ჩვენ ხელთ არსებული პირველადი ინფორმაციით, ტყიბულის შახტში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და მოხდა უბედური შემთხვევა,”- აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი