ახალი ამბები

კვლევა: 2012 წელთან შედარებით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევები შემცირდა

24 ოქტომბერი, 2013 • • 1141
კვლევა: 2012 წელთან შედარებით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევები შემცირდა

 შუალედურ ანგარიშში, რომელიც 2013 წლის 1 ივლისიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდის მონიტორინგს მოიცავს, აღნიშნულია, რომ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ამ პერიოდში გაცილებით ნაკლები იყო ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნებით გამოყენების შემთხვევები, რაც საარჩევნო გარემოს უფრო მშვიდ და კონკურენტულად წარმოაჩენდა. კვლევის ავტორების თქმით, საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა უშუალოდ საარჩევნო მიზნებისთვის სახელმწიფოს მიერ ძალისმიერი რესურსების მასიური გამოყენების ფაქტები, ანუ პოლიტიკური ოპონენტების, მათი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების წინააღმდეგ სახელმწიფო, როგორც წესი, არ იყენებდა მათ ხელთ არსებულ საშუალებებს იმისთვის, რომ მოეხდინა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება, დაშინება, ცემა, მუქარა, სამსახურიდან გათავისუფლება და სხვა. თუმცა, მისი ავტორების განცხადებით, აღსანიშნავია რამდენიმე შემთხვევა:

 

 

“ხარაგაულში მომხდარი ფაქტი, როდესაც 20 ოქტომბერს, დილის 6 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის ხარაგაულის შტაბის წევრის, ხარაგაულის რაიონის სოფელ ფარცხნალის შტაბის უფროსისა და ხარაგაულის საკრებულოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნინო ფხალაძის ოჯახში შევიდა ხარაგაულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი დავით კაპანაძე პოლიციის ათ თანამშრომელთან ერთად. გავრცელებული ცნობებით, ნინო ფხალაძის ოჯახში იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობასთან დაკავშირებით პოლიციას ოპერატიული ინფორმაცია გააჩნდა, თუმცა პოლიციელებმა ვერ აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი.

 

რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოებსა და გამგეობებში მაღალი თანამდებობის პირები მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდნენ. აქ ძირითადად იგულისხმება ბოლნისისა და ახმეტის საკრებულოებში მიმდინარე მოვლენები, რასაც, საბოლოო ჯამში, ამ საკრებულოების თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა. საანგარიშო პერიოდში სავარაუდო ზეწოლის ეს ფაქტები შეიძლება პირდაპირ კავშირში არ არის საპრეზიდენტო არჩევნებთან, თუმცა არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებისთვის ასეთი შემთხვევების თავიდან აცილება მნიშვნელოვანია”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

სამართლებრივი რესურსები


ანგარიშის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებისწინა პერიოდში დაფიქსირდა სახელმწიფოს სამართლებრივი რესურსების საარჩევნო მიზნით სავარაუდო გამოყენების რამდენიმე შემთხვევაც.

 

“კერძოდ, საუბარია ცესკოს მიერ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტაციაზე უსაფუძვლო უარის თქმის შემთხვევაზე და, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ორ გადაწყვეტილებაზე, რომელთა საფუძველზეც ბევრი ადამიანი შეიწყალეს და ათასობით ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს. ამ ტიპის რესურსების სავარაუდო გამოყენებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს სექტემბერში განათლების სამინისტროს მიერ აბიტურიენტთა მეორადი ჩარიცხვების დაშვებაც”.

 

ინსტიტუციური რესურსები


“საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსები, სხვა რესურსებთან შედარებით, საარჩევნო მიზნებით ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა. საჯარო მოხელეების საარჩევნო აგიტაციაში უკანონო მონაწილეობას ადგილი ქონდა  ზუგდიდში, ფოთსა და ჩოხატაურში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, მიმდინარე წელს ნაკლებად შეინიშნებოდა საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლების იძულებითი მობილიზაცია აგიტაციაში მონაწილეობის მისაღებად. რამდენიმე მუნიციპალიტეტში ასეთი ქმედება, ჩვენი დაკვირვებით, უფრო მეტად ნებაყოფლობითი იყო, ვიდრე – იძულებითი. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თუმცა ცესკომ ჩვენი საჩივრების ძირითადი ნაწილი, ჩვენი აზრით, უსაფუძვლო მიზეზებით არ დააკმაყოფილა”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

 

ფინანსური რესურსები

 

ანგარიშის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებისწინა პერიოდში ამ ტიპის [ფინანსური] ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას თითქმის არ ჰქონია ადგილი.

 

“თუმცა დაფიქსირდა ერთი შემთხვევა აჭარაში, როდესაც ადგილობრივი ბიუჯეტის ცალკეული პროგრამების დაფინანსება 1 ივლისის შემდეგ გაიზარდა, რაც კანონდარღვევა იყო, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტის ნებისმიერი პროგრამის ზრდა აკრძალულია. მოგვიანებით კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო პროგრამების ზრდა არჩევნებამდე 2 თვის განმავლობაში შეიზღუდება და არა – წინასაარჩევნო პერიოდის დროს.”

 

კვლევის ავტორები არიან “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლები: გიგი ჩიხლაძე და  ანდრია ნადირაძე, ხოლო ხელმძღვანელი- ლევან ნატროშვილი. რაც შეეხება კვლევაში გამოყენებულ მეთოდოლოგიას, ორგანიზაციის განცხადებით, მათი იურისტები საანგარიშო პერიოდში აღნუსხავდნენ ყველა შემთხვევას, რომლის დროსაც შეიძლება ადგილი ჰქონოდა საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ან მსგავსი ეფექტის მქონე ქმედებას.

 

“ეს ფაქტები შესწავლილი და გადამოწმებული იქნა ორგანიზაციის იურისტების, სამი რეგიონული ოფისისა და ხუთი რეგიონული კოორდინატორის მიერ. გარდა ამისა, იურისტების მიერ გადამოწმებულ იქნა რელევანტური შემთხვევების ქართულ საარჩევნო კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია სათანადო სახელმწიფო უწყებებს გადაეგზავნა.”

 

არჩევნების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამ თემაზე აპირებს, რომ გამოსცეს საბოლოო ანგარიში, სადაც, ორგანიზაციის განმარტებით, მოცემულ საკითხებთან ერთად შეფასებული იქნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის, პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობა. გარდა ამისა, საბოლოო ანგარიშში წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი