ახალი ამბები

რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]

4 ნოემბერი, 2013 • • 1839
რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რეზიდენციის საგანმანათლებლო დაწესებულებად გადაკეთების იდეა მომავალ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის:

“გუშინ ვესაუბრე გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც შემოგვთავაზა, რომ ეს შენობა გამოვიყენოთ საგანმანათლებლო სფეროში. მე ვფიქრობ, რომ ეს შენობა უნდა გამოვიყენოთ მილენიუმის მეორე კომპაქტის ფარგლებში, სადაც ვფიქრობთ ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის დაფუძნებას”, – აცხადებს თამარ სანიკიძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

თავად გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ეს შენობა “ხალხს უნდა დაუბრუნდეს” და ამისათვის საუკეთესო ვარიანტი შენობის სტუდენტებისთვის დათმობაა. ამ მოსაზრებას იზიარებს უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელიც:

“შენობაში, რომელიც მოპარული ფულით არის აშენებული, პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს და რადგან ხალხისგან მოპარული ფულით არის აშენებული, ის ისეთ რამეში უნდა იყოს გამოყენებული, რაც საზოგადოებრივ სიკეთეს მოემსახურება. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ იქ უნივერსიტეტი განთავსდება”, – აცხადებს ხიდაშელი.

თუმცა უმრავლესობის წევრები შენობაში სხვა დაწესებულების განთავსებასაც არ გამორიცხავენ:

“ამ შენობას რამდენიმე სადემონსტრაციო თუ შოუს მოსაწყობი დარბაზები აქვს, მიხეილ სააკაშვილისთვის მახასიათებელი, და ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, რისთვის იქნეს გამოყენებული. გარდა იმისა, რომ იქ უნივერსიტეტი იქნება, შეიძლება კულტურული, ისტორიული დატვირთვა ჰქონდეს მას”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა. ლევან ბერძენიშვილი კი შენობაში ხელნაწერთა ინსტიტუტის განთავსებას უჭერს მხარს.

“შესაძლოა იქ ამ ინსტიტუტის გარდა განთასდეს კიდევ რომელიმე ძალიან პრესტიჟული, სახელმწიფო და ისტორიული მნიშვნელობის დაწესებულება, პირადად მე ვგულშემატკივრობ ხელნაწერთა ინსტიტუტის განთავსებას”, – აცხადებს ბერძენიშვილი. მისივე თქმით, შენობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს განთავსება აღარ იგეგმება.

 

რეზიდენციის შენობაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსების იდეას არ ეწინააღმდეგება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ვაშაძე:

“არაფერი ამის საწინააღმდეგო არ მაქვს, თუმცა სამწუხაროა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ბათუმშია აშენებული, უფუნქციოდ არის დატოვებული. იმედი მაქვს, რომ დროულად გააკეთებენ ამ ყველაფერს და დროულად დაიწყებენ მუშაობას. საქართველოს ნამდვილად ჭირდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამისთვის გამოიყენებენ ასევე ბათუმის შენობას”, – აცხადებს ვაშაძე.

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი კი მიიჩნევს, რომ ეს შენობა უნივერსიტეტისთვის არ გამოდგება:

“უშუალოდ შენობაში თუ ხართ ნამყოფი, თქვენ დაინახავთ, რომ ეს არ არის საუნივერისტეტო შენობა. მოუწევთ დანგრევა ბევრი რამის მთლიანად შენობაში, მაშინ, როდესაც ბათუმი იყო ეს გაკეთებული. ჩვენ ამერიკასთან შევთანხმდით, რომ ჩვენ შენობას ავაშენებდით და ისინი 45 მილიონ დოლარს ჩადებენ იმისათვის, რომ ეს არ ყოფილიყო ძვირი და ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოფილიყო უფასო. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ეს შეთანხმება ჩაიშალა”, – აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

შეკითხვაზე, უნდა ცხოვრობდეს თუ არა რეზიდენციაში მომავალი პრეზიდენტი, განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს მოქალაქეებმაც. მათი ნაწილი უნივერსიტეტის განთავსების იდეას ემხრობა, ზოგი მიიჩნევს, რომ რეზიდენციაში პრეზიდენტმა უნდა იცხოვროს, ხოლო ნაწილის აზრით, ეს ხალხის გადასაწყვეტი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი