ახალი ამბები

“Keep Calm and Carry On”– მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სლოგანის ისტორია

23 ოქტომბერი, 2013 • • 3038
“Keep Calm and Carry On”– მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სლოგანის ისტორია

21–ე საუკუნეში კი ხუთსიტყვიანმა სლოგანმა ახალი სუნთქვა შეიძინა და დღეს მსოფლიოში მისი სხვადასხვა ვარიანტია გავრცელებული.

 

1939 წელს ბრიტანეთის მთავრობამ 3 პოსტერი შექმნა, რათა ომის პერიოდში საზოგადოების სტაბილურობა და ბრძოლისუნარიანობა შეენარჩუნებინა. პოსტერებზე შემდეგი ტექსტი ეწერა:  “Freedom is in Peril” (თავისუფლება საფრთხეშია), “Your Courage, Your Cheerfulness, Your Resolution Will Bring Us Victory” (“შენი სიმამაცე, შენი მხიარულება, შენი გამბედაობა მოგვიტანს გამრჯვებას” და “Keep Calm and Carry On” (შეინარჩუნე სიმშვიდე და განაგრძე იმავე სულისკვეთებით).

 

2.5 მილიონი “Keep Calm and Carry On” პოსტერი დაბეჭდეს, რათა ეროვნული კატასტროფის შემთხვევაში გაევრცელებინათ, თუმცა მეორე მსოფლიო ომი ისე დასრულდა, ეს სლოგანი არ გავრცელებულა, მეტიც- 2000 წლამდე ის აბსოლუტურად დაივიწყეს.

 

მე–20 საუკუნის დასასრულის მიჯნაზე პოსტერის ასლი წიგნების ყუთში აღმოაჩინეს, რომელიც წიგნის გამყიდველმა სტიუარტ მანლიმ აუქციონზე შეიძინა :

 

“მე არაფერი ვიცოდი მის შესახებ, ჩემს ცოლს ვაჩვენე. ორივეს მოგვეწონა და გადავწყვიტეთ ჩარჩოში ჩაგვესვა და ჩვენს მაღაზიაში გამოგვეფინა. ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა პოსტერი და უმეტესობას მისი შეძენა სურდა, რაზეც ჩვენ უარს ვეუბნებოდით, თუმცა ასლების გაკეთება და მისი გაყიდვა გადავწყვიტეთ”– იხსენებს სტიუარტ მანლი BBC–ისთან საუბრისას.

 

2005 წლამდე სლოგანი ეროვნული გაზეთის საშობაო ჩანართი ეგონათ, შესაბამისად, მის მიმართ ინტერესი და გაყიდვების რაოდენობა მოკრძალებული იყო:

 

“შემდეგ კი ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. ჩვენი ვებ–გვერდი გაითიშა ვიზიტორების რაოდენობი გამო, ტელეფონი არ ჩერდებოდა და თანამშრომლები მხოლოდ პოსტერის შეფუთვაზე იყვნენ გადართულები”,– ამბობს მანლი.

 

პოსტერი ერთ–ერთი საშუალება იყო, რომელიც ინფორმაციის სამინისტრომ შექმნა მეორე მსოფლიო ომის დროს, რათა საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოეხდინა:

 

“პოსტერი იყო მთავარი საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ის კონკურენცია არ უწევდა ტელევიზორს, ეს, უბრალოდ, იყო საშუალება ბილბორდებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით ადამიანებთან გქონოდა კომუნიკაცია”,– ამბობს პროფესორი ჯიმ აულიჩი, რომელიც პროპაგანდის ხელოვნების ექსპერტია მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში.

 

სლოგანის შექმნიდან 70 წლის შემდეგ, მანლის მაღაზია დაახლოებით 1000 შეკვეთას იღებდა ყოველთვიურად. მაღაზიის კლიენტებს შორის იყვნენ საელჩოებიც. აღნიშნული სლოგანით დაიწყეს მაისურების, ყავის ჭიქების და ჩანთების წარმოება.

 

სლოგანის არაერთი პაროდიული ვარიანტიც შეიქმნა. ერთ–ერთმა კომპანიამ მისი საპირისპირო შინაარსის სლოგანიც შექმნა– “Now Panic and Freak Out”.

 

პროფესორი აულიჩი აღნიშნავს, რომ სლოგანს არ აქვს იდეოლოგიური დატვირთვა, იგი არ მოუწოდებს ადამიანებს იბრძოლონ თავისუფლებისთვის, რაც, მისი აზრით, დამახასიათებელია პროპაგანდისტული პოსტერებისთვის.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი