ახალი ამბები

“ეროვნულმა ფრონტმა” სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტის მოთხოვნით აქცია გამართა [Video]

20 ოქტომბერი, 2013 •
“ეროვნულმა ფრონტმა”  სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტის მოთხოვნით აქცია გამართა [Video]

 

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას ოლიმპიადაში მონაწილეობაზე:

 

„სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა იქნება ოკუპანტთან კოლაბორაციონიზმის და ერის ღირსების ფეხქვეშ გათელვის თვალსაჩინო მაგალითი, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა“ – ნათქვამია აქტივისტების განცხადებაში.

 

აქციის ორგანიზატორის, ევგენი მიქელაძის აზრით, საქართველოს მთავრობა, ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტი, თითოეული ქართველი სპორტსმენი ვალდებულია დადგეს ქვეყნის და ერის ინტერესების სადარაჯოზე, რათა მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველები არ შეეგუებიან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევას:

 

„რუსეთის ფედერაციამ მოახდინა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, აღიარა საქართველოს ამ ძირძველი რეგიონების დამოუკიდებლობა, ე.წ. საზღვარზე გააბა მავთულხლართები და აღმართა რკინის გისოსები, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაუშვებლად მიიჩნევენ 2008 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალ რეალობასთან შეგუებისკენ მოგვიწოდებენ. ჩვენ ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, რათა ერის ღირსება ფეხქვეშ არ გაითელოს.“- აცხადებს მიქელაძე.

 

იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადაში, აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ სირცხვილის დერეფნებს მოუწყობენ.

 

სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ დღეს საქართველოში მყოფმა ელჩებმაც ისაუბრეს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში. გერმანიის ელჩი ორთვინ ჰენიგი აცხადებს, რომ სიტუაცია ემოციების გარეშე შეაფასონ:

 

“მე რომ ქართველი ვიყო, დარწმუნებული ვარ, ემოციურად ძალაინ წინააღმდეგი ვიქნებოდი სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის. მაგრამ, როგორც უცხოელი დამკვირვებელი, მე ვურჩევდი ყველას, რომ სიტუაცია ემოციების გარეშე შეაფასონ და საქართველოსთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღონ. მე მესმის, რომ მთავრობა რთული არჩევანის წინაშეა”– განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ოკუპაციასთან და სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული პროტესტი ბოლო პერიოდში პერმანენტულ ხასიათს ატარებს მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ძალებმა შიდა ქართლი რამდენიმე სოფელში მავთულხლართების გაბმა დაიწყეს და საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს. 13 ოქტომბერს თბილისში აქცია–კონცერტიც გაიმართა სახელწოდებით “არა ოკუპაციას”, რომელის ფარგლებშიც სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტს მოითხოვდნენ მონაწილეები.

 

13 ოქტომბერს ასევე ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართა საქართველოს 7 ქალაქში სტუდენტთა ნაწილის ორგანიზებით, სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირება მთავრობის კანცელარიასთან მოითხოვა მოქალაქეთა ნაწილმა. მცოცავი ოკუპაცია კი სხვადასხვა დროს სოფელ დიცსა და დვანში ჟურნალისტებმა და მოქალაეებმა გააპროტესტეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი