2 კვირაზე მეტია, რაც ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონის, translate.ge-ს ბაზაში სიტყვების დიდი ნაწილი აღარ იძებნება. წაშლილი სიტყვების ნაცვლად საიტის საძიებო სისტემა წითელი ვარსკვლავით მონიშნულ შემდეგ წარწერას უჩვენებს: “წაშლილია საავტორო უფლებების გამო”.
ონალინ ლექსიკონის ადმინისტრაციამ ბაზიდან რესურსების ნაწილი 1975 წელს გამოცემული ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ავტორის, ისიდორე გვარჯალაძის ოჯახთან სასამართლო დავის წაგების შემდეგ ამოიღო. მათ “საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციასთან” ერთად საქალაქო სასამართლოს 2015 წელს მიმართეს.
ორწლიანი დავის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ translate.ge-ს საავტორო უფლებების დარღვევა დაუდგინა და 50 000 ლარით დააჯარიმა. პირადი მორიგების შემდეგ ჯარიმა 13 400 ლარამდე შემცირდა, საიდანაც 10 000- ოჯახს, 3 400 ლარი კი ასოციაციას გადაეცა. ასევე, საიტის ადმინისტრაციას დაევალა გვარჯალაძის ლექსიკონიდან გამოყენებული სიტყვების ბაზიდან წაშლა.
ფაქტთან დაკავშირებით ონლაინ ლექსიკონის ადმინისტრაციამ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა. მათი თქმით, საეჭვოა, ჰქონდა თუ არა საავტორო უფლება მიღებული თავად ისიდორე გვარჯალაძეს, რომელმაც ლექსიკონის შედგენისას 11 სხვა ლექსიკონის რესურსები გამოიყენა. ადმინისტრაციისვე განცხადებით, წლების განმავლობაში მონაცემთა ბაზა მრავალჯერ შესწორდა და გამდიდრდა.
“სამწუხაროდ, ორწლიანი სასამართლო დავების შემდეგ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ წლების წინ მონაცემთა ბაზაში შეტანილი ლექსიკონი უამრავჯერ გადამუშავდა, შესწორდა და გამდიდრდა საიტის მომხმარებლების მიერ.
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ “ქრაუდსორსინგი” ვიკიპედიით დაწყებული დღევანდელი მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია და translate.ge არის პლატფორმა/საიტი, რომელიც ამ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს.
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თვითონ პატივცემულ ისიდორე გვარჯალაძის ლექსიკონს გამოყენებული აქვს 11 სხვადასხვა ლექსიკონი, რომელთა ნაწილზე საავტორო უფლებების არსებობა დიდად საეჭვოა, თუ გამორიცხული არა”, – აცხადებს translate.ge-ს ადმინისტრაცია.
ონლაინ ლექსიკონის ადმინისტრაცია “საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციას” შერჩევითი სამართლის განხორციელებაშიც სდებს ბრალს:
“…ჩვენს ქვეყანაში არც პარლამენტი და არც პროკურატურა არ ინტერესდება ამ საკითხის რეალურად მოგვარებით და გაურკვეველი წარმომავლობის კორუფციულ ორგანიზაციას აძლევენ უფლებას, თვითნებური შერჩევის საფუძველზე გადაწყვიტოს, ვინ არღვევს კანონებს და ვინ არა”.
“საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის” პრეზიდენტი გიგა კობალაძე საიტის არგუმენტებში სამართლებრივ საფუძველს ვერ ხედავს. მისი თქმით, კანონში ნათლადაა დადგენილი ნორმები საავტორო უფლებების შესახებ, ხოლო ვინც მათ არღვევს, შესაბამისად ისჯება.
“საავტორო უფლებას სჭირდება დაცვა. როდესაც სხვის კერძო საკუთრებას იყენებ შენს საქმიანობაში, აუცილებელია, ავტორს ჰკითხო ნებართვა და, შესაბამისად, გადაუხადო ჰონორარი.
[translate.ge-ის ადმინისტრაციამ ლექსიკონი] გაამდიდრა თუ არ გაამდიდრა, ამას კანონი არ იცნობს. კანონი ამბობს მშრალად, რომ გამოყენებამდე, ნებართვა უნდა აიღო ავტორისგან, რომელსაც შეიძლება სულაც არ სურდეს, რომ მისი ნაწარმი შენს საქმიანობაში გამოიყენო.
მეორე არგუმენტი, რომ მათ[ლექსიკონის ავტორს] სხვა ლექსიკონები ჰქონდათ გამოყენებული, არ გამორიცხავს იმას, რომ ნებართვაა საჭირო. თუ რაღაცას იყენებ, ავტორს საიდან აქვს, უხეშად რომ ვთქვათ, შენ არავინ გეკითხება. ასე რომ, ეს გარემოება პასუხისმგებლობას ვერ აგაცილებს.
რაც შეეხება იმას, რომ “ქრაუდსორსინგი” მიღებული პრაქტიკაა: როდესაც ვარღვევთ კანონს, პრაქტიკით ვერ ვიხელმძღვანელებთ. მაგალითად, საზოგადოების რომელიმე ჯგუფმა რომ დაადგინოს, ქურდობა ნორმალურია და კანონში წერია, რომ ქურდობა დასჯადია, ის დაისჯება”, – განუცხადა კობალაძემ “ნეტგაზეთს”.
კობალაძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს ოლაიინ ლექსიკონის ადმინისტრაციის ბრალდებასაც შერჩევითი სამართლის შესახებ და აღნიშნავს, რომ ასოციაცია საქმეში მაშინ ერთვება, როცა მას შესაბამისი საჩივრით მიმართავენ.
საიტის ადმინისტრაციის მონაცემებით, translate.ge ამჟამად 500 000-მდე სიტყვას მოიცავს, რომელთა ნაწილი მათ საკუთარი სახსრებით მოაგროვეს, ნაწილის შემთხვევაში კი სხვადასხვა ლექსიკონები გამოიყენეს.