ახალი ამბები

პარლამენტარი: საელჩოს სექციის თანამშრომლის გაძევებით რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ

29 მარტი, 2018 • 2075
პარლამენტარი: საელჩოს სექციის თანამშრომლის გაძევებით რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ

პარლამენტარმა დავით ჭიჭინაძემ, “ქართული ოცნების წევრმა, ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოდან რუსეთის ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის გაძევებით რუსეთს ვერაფერს დააკლებენ.

“თუ ბოლომდე გადავჭრით ყველა მოლაპარაკების ფორმატს, ჩვენს მოსახლეობას რას ვუშვებით? თითქმის 700 – 800 ათასი მოქალაქე რუსეთში ცხოვრობს, იმათ ხო სჭირდებათ რამე. ის კავშირიც რო გავწყვიტოთ, რომელიც შვეიცარიის მეშვეობით გვაქვს, ვფიქრობ, საკუთარ მოსახლეობას სირთულეს შევუქმნით და რუსებს ამითი კიდევ პრაქტიკულად ვერაფერს დავაკლებთ”, – განაცხადა პარლამენტარმა.

დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ მისი გაძევება ოპოზიციის ინიციატივით მოხდა და მათ ჭკუაზე სიარული ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

“სერგი კაპანაძემ მოითხოვა, მე როგორც ვიცი, და ჩვენი ხელისუფლება ისევ აჰყვა. მე ვფიქრობ, რომ რასაც ითხოვს ჩვენი ოპოზიცია, ეს არის ყველაფერი ამ ქვეყნის საწინააღმდეგო. დიპლომატის გაძევებაც იქედან გამომდინარე, სოლიდარობის ის არის… თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვღებულობდით, რა თქმა უნდა, უნდა მიგვეღო მანამდე, ვიდრე სერგი კაპანაძე განაცხადებდა ამას. შემდეგ მის ჭკუაზე სიარული, მე ვფიქრობ, სიკეთეს ჩვენს ქვეყანას არ მოუტანს”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

დღეს, 29 მარტს ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფოს სოლიდარობის ნიშნად მიუღებელ პიროვნებად გამოცხდდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი და საქართველოს 7 დღეში დატოვება მოსთხოვეს.

სკრიპალების საქმის ირგვლივ ეს რუსი დიპლომატების გააძევების პირველი შემთხვევა არაა. რუსი დიპლომატები გააძევეს აშშ–მაგაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და სხვა ქვეყნებმა. საფრანგეთი და პოლონეთი 4-4 დიპლომატს გააძევებენ. ლიტვა და ჩეხეთი 3-3 დიპლომატის გაძევებას აპირებს. დანია, ნიდერლანდების სამეფო, იტალია, ესპანეთი  2-2 დიპლომატს გააძევებს. ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, მაკედონია, უნგრეთი, ლატვია, რუმინეთი, შვედეთი და ხორვატია კი, თითო-თითო დიპლომატს.  უკრაინა 13 დიპლომატის, კანადა 4-ის, ალაბანეთი 2-ის და ნორვეგია თითოთითო დიპლომატის გაძევებას აპირებენ.

გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, 66 წლის სერგეი სკირპალი შვილთან, 33 წლის იულიასთან ერთად ქუჩაში უგუნო მდგომარეობაში იპოვეს. მათი ამჟამინდელი მდგომარეობა კრიტიკულია. ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ მამა-შვილის მოწამვლის ფაქტზე პასუხისმგებელი, დიდი ალბათობით, რუსეთია. ქიმიური ნივთიერება, რომელიც მამა-შვილის მოსაწამლად გამოიყენეს, ნერვული აგენტების იმ ჯგუფს მიეკუთნება, რომელიც “ნოვიჩოკის” სახელითა ცნობილი. ნერვული აგენტები ფოსფორის შემცველი ორგანული ნივთიერებებია (ორგანოფოსფატები), რომლებიც აზიანებენ ნერვების მიერ ორგანოებამდე ინფორმაციის მიტანის მექანიზმს.

სერგეი სკირპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკირპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

BBC-ის ცნობით, როგორც სკირპალის ნათესავები აცხადებენ, რუსეთის უშიშროების ყოფილ ოფიცერი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ოდესმე პასუხს მოსთხოვდა. ოჯახისვე განცხადებით, სკირპალის ცოლი, ძმა და 43 წლის შვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. სკირპალის შვილი ცოტა ხნის წინ სანქტ პეტერბურგში მოგზაურობისას გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი