ახალი ამბები

გერმანია სკრიპალის საქმის გამო 4 რუს დიპლომატს აძევებს – როიტერი

26 მარტი, 2018 • 2307
გერმანია სკრიპალის საქმის გამო 4 რუს დიპლომატს აძევებს – როიტერი

როიტერის ცნობით, გერმანია სერგეი სკრიპალთან დაკავშირებული საქმის გამო, რუსეთის 4 დიპლომატს გააძევებს. როიტერი ამ ინფორმაციას გერმანულ გაზეთზე დაყრდნობით აქვეყნებს. გაზეთის ცნობით ამ დიპლომატებს დაზვერვაში მუშაობის გამოცდილება აქვთ. მათ ქვეყანა შვიდ დღეში უნდა დატოვონ.

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბურიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, 66 წლის სერგეი სკირპალი შვილთან, 33 წლის იულიასთან ერთად ქუჩაში უგუნო მდგომარეობაში იპოვეს. მათი ამჟამინდელი მდგომარეობ კრიტიკულია. ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ მამა-შვილის მოწამვლის ფაქტზე პასუხისმგებელი, დიდი ალბათობით, რუსეთია. ქიმიური ნივთიერება, რომელიც მამა-შვილის მოსაწამლად გამოიყენეს, ნერვული აგენტების იმ ჯგუფს მიეკუთნება, რომელიც “ნოვიჩოკის” სახელითა ცნობილი. ნერვული აგენტები ფოსფორის შემცველი ორგანული ნივთიერებებია (ორგანოფოსფატები), რომლებიც აზიანებენ ნერვების მიერ ორგანოებამდე ინფორმაციის მიტანის მექანიზმს.

სერგეი სკირპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკირპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

BBC-ის ცნობით, როგორც სკირპალის ნათესავები აცხადებენ, რუსეთის უშიშროების ყოფილ ოფიცერი დარწმუნებული იყო, რომ რუსები ოდესმე პასუხს მოსთხოვდნენ. ოჯახისვე განცხადებით, სკირპალის ცოლი, ძმა და 43 წლის შვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. სკირპალის შვილი ცოტა ხნის წინ, სანქტ პეტერბურგში მოგზაურობისას გარდაიცვალა.

მომხდარის გამო, ბრიტანეთმა 23 რუსი გააძევა დიდი ბრიტანეთიდან, ხოლო რუსეთმაც იმავე რაოდენობის ბრიტანეთის მოქალაქე გააძევა რუსეთიდან. ზომები მიიღო აშშ-მაც, აშშ ქვეყნიდან რუსეთის 60 დიპლომატს გააძევებს. ბრძანება ამის შესახებ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე გამოსცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი